„ხარაგაულის ქუჩები ისე არ იხვეტება, როგორც საჭიროა. რამდენიმე დღის წინ ჩემს ჭიშკართან ნაგავი მოვაგროვე, აღება ვერ შევძელი და იმედი მქონდა, მეეზოვეები აიღებდნენ. ალბათ, რამდენიმე დღეა, არ მოუხვეტავთ, რადგან ნაგავი ისევ ჩემი სახლის წინაა მოგროვილი, – ამბობს ხარაგაულში მცხოვრები თამარა ლურსმანაშვილი, – 35 წელი ვიმუშავე, სამსახურში დილით ადრე მივდიოდი, დაგვიანება არ შეიძლებოდა. ქუჩები უკვე დასუფთავებული მხვდებოდა.

ადრე ამ სამსახურში ქალები მუშაობდნენ. ახლა კაცები დადიან ცოცხით ხელში და არ ხვეტავენ. არ ვიცი, რისთვის უხდიან მათ ხელფასებს. მანქანები რომ გაივლიან, მტვერი დგება. თუ წვიმა მოვიდა, მტვერი აღარაა, თუმცა შემდეგ ატალახებულია ქუჩა, რადგან დახვეტილი არ არის“.

მშრალ ამინდში გაუსაძლისი მტვერი, ხოლო წვიმაში ატალახებული ქუჩები ბოლო პერიოდში ხარაგაულელებს ძალიან გვაწუხებს. ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის გამო ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე მძიმე წონიანი სატვირთო მანქანები სისტემატურად გადაადგილდებიან და გზაზე მტვერი წარმოიქმნება.

ინდმეწარმე ნაზი გიორგიძე ამ ქუჩაზე განთავსებულ მაღაზიაში მუშაობს. ქალბატონი ნაზი ამბობს, რომ მაღაზიაში საქონელი იმტვერება.

„მტვერი ქუჩაშიც ძალიან მაწუხებს და სახლშიც, ქუჩის პირას მრავალსართულიან სახლში ვცხოვრობ, ფანჯარას ვერ ვაღებ, ოთახი მტვრით ივსება. სულელი უნდა იყო, რომ თქვა ხარაგაულში მტვერი არ მაწუხებსო“, – ამბობს გულო ტალახაძე.

„ალბათ მეეზოვეებმა ქუჩები მეტად უნდა დაასუფთაონ, რომ ამდენი მტვერი არ წარმოიქმნას, – მიაჩნია გურამ კვირიკაშვილს, – დასუფთავების სამსახურის უფროსებმა კი მეეზოვეების საქმიანობა უფრო მეტად უნდა გააკონტროლონ. მეეზოვეები, ზოგ ადგილებში, ქუჩაში აღებულ ნაგავს ტროტუარის იქით, ღობის ძირში ყრიან. ეს ხარაგაულის სტადიონის მიმდებარედ უფრო შესამჩნევია“.

„მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ ქუჩები დასახვეტია და ამის გამოა მტვერი, აქ მოვიდნენ და მე გავცემ პასუხს, – აცხადებს ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი თემურ ფურცელაძე, – ქუჩები დახვეტილია, მტვერის დახვეტა ქუჩაში არ გამიგია, სახლი კი არ არის ეს. თუ ნაგავი ყრია სადმე ქუჩაში, ან ურნებია გადავსებული, კი ბატონო, დავასუფთავებთ. სხვა კომენტარს არ გავაკეთებ“.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამარ ჯაფარიძე ამბობს, რომ მტვრისა და ხმაურის თავიდან ასაცილებლად გარკვეული რეგულაციები ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა შეიმუშაოს და ამის შესახებ მშენებელ კომპანიას მოელაპარაკოს.

„დარწმუნებული ვარ, გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი ამ გზაზე არ შექმნილა, რადგან ხარაგაულში არსებული გზის მოდერნიზება მიმდინარეობს. გარემოზე ზემოქმედებას იმ  შემთხვევაში იკვლევენ გარემოსდამცველები, როცა გზა არ არსებობს, ახალი გზა იჭრება და ადგილობრივ ფლორასა და ფაუნაზე ეს გავლენას ახდენს.

გზის გაფართოების გამო გარკვეულ ადგილებში ხეები იჭრება, ეს უნდა აღირიცხოს, „ბლექ სი გრუპს“ იგივე ან მეტი რაოდენობის ნერგების დარგვა ან სატყეო ფონდში გარკვეული საფასურის გადახდა დაევალება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მტვრის ან ხმაურის გამო კონტრაქტორ ფირმას რაიმე შეზღუდვას ვერ დაუწესებს. ეს პრობლემა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მშენებელი კომპანიის შეთანხმებით უნდა მოგვარდეს“, – ამბობს თამარ ჯაფარიძე.

რა რეგულაციები აქვს დაწესებული ადგილობრივ ხელისუფლებას „ბლექ სი გრუპისთვის“, ამის გასარკვევად ხარაგაულის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს აფრასიონ ლურსმანაშვილს მივმართეთ:

„წერილობით მივმართეთ ამ კომპანიას, რომ ქუჩები მშრალ ამინდში რეგულარულად მოირწყას, მეტი შეთანხმება მათთან არ გვაქვს. დიდი ავტომობილების გადაადგილებას ნამდვილად ვერ ავკრძალავთ ცენტრალურ მაგისტრალზე, ამის ბერკეტი არ გაგვაჩნია. ჩვენი დასუფთავების სამსახურიც ქუჩებს ყოველდღიურად ასუფთავებს. ცუდ მდგომარეობაში ვართ ძალიან, მაგრამ სხვა გამოსავალი არაა“, – ამბობს აფრასიონ ლურსმანაშვილი.

თამთა გოგოლაძე