ხარაგაულში, წერეთლის ქუჩაზე მცხოვრები ქეთევან ღამბაშიძე, ათ წელზე მეტია, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

მისი საცხოვრებელი სახლის ერთადერთ ოთახს სახურავი, ფაქტობრივად, არ აქვს. ჭერი ფიცრებითაა გამაგრებული. იმის შიშით, რომ ჭერი არ ჩამოვარდეს, ქეთევანი ღამეს სახლში ვერ ათევს და ყოფილი გამთიშველების ქარხნის სასტუმროში იძინებს. ყოველ საღამოს, ათი საათის შემდეგ, ერთ კილომეტრამდე გზას გადის, სასაფლაოს გადაკვეთს და სასტუმროს შენობაში შედის. იქ არც დენი აქვს და არც წყალი.

„ღმერთი მფარველობს, რომ დღისით ჭერი თავზე არ ჩამომენგრეს, – ამბობს ქეთევან ღამბაშიძე, – მინდა წესიერი სახლი მქონდეს. მარტოხელა ვარ, მენინგიტი მაქვს გადატანილი. ჯგუფის პენსიას ვიღებ. ერთ რამეს ვითხოვ, – იქ, სადაც ღამეს ვათევ, იქნებ დენი გამომიყვანონ. დანარჩენს არ დავეძებ. სახლს არავინ ამიშენებს და სანამ ცოცხალი ვარ, მინდა, ღამით ერთი ნათურა ავანთო“.

ქეთევან ღამბაშიძის მდგომარეობას კარგად იცნობს დაბა ხარაგაულში მერის წარმომადგენელი ბაქარ ბარბაქაძე.  

„ყველანაირად ვეხმარებით, რისი შესაძლებლობაც გვაქვს, – ამბობს ბაქარ ბარბაქაძე, – ერთჯერადი ფინანსური დახმარება გავუწიეთ, ზამთრისთვის შეშით მოვამარაგეთ. ქეთევან ღამბაშიძის სახლი სტიქიის შედეგად დაზიანებულად არ ითვლება. ასე რომ ყოფილიყო, გასული წლის მაისში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული შვიდი სახლის სახურავი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის დაფინანსებით თუნუქის ახალი სახურავით გადავხურეთ“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2019 წლის პირველი ივლისიდან უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა მოქმედებს. პროგრამის ინიციატორი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურია. სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე ამბობს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში პირველი ივლისიდან ორი უსახლკაროა რეგისტრირებული და მათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბინის ქირას უხდიან.

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ასევე მოქმედებს სტიქიის შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეების დახმარების პროგრამა, – ამბობს ნანა კიკნაძე, – სპეციალური კომისია სახლს კატეგორიას მიანიჭებს. ამის შემდეგ ოჯახს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსურ დახმარებას ვუწევთ.

მესამე წელია, ყველაზე მძიმე (პირველი კატეგორიის) საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახების დახმარება ვერ ამოვწურეთ. თუმცა, ხანძრის შედეგად დაზარალებულებს არ ვაფერხებთ და პროგრამით განსაზღვრულ თანხას – 1 500 ლარს, დაუყოვნებლივ ვურიცხავთ. ფინანსების არქონის გამო, ხარაგაულში თავშესაფარი არ გვაქვს და 2020 წელსაც, ვფიქრობ, ვერ მოხერხდება ხარაგაულში უსახლკაროებისთვის თავშესაფრის მოწყობა.

რაც შეეხება კონკრეტულად ქეთევან ღამბაშიძეს, მის საცხოვრებელ სახლს პირველი კატეგორია მიენიჭა; თუმცა კომისიის წევრებმა 2019 წლის ბოლოს თანხის ჩარიცხვისგან თავი შევიკავეთ. ვარჩიეთ, გავესაუბროთ მარტოხელა ქალბატონს. კიდევ ერთხელ უნდა შევაფასოთ მისი მდგომარეობა, რომ დავრწმუნდეთ, საბიუჯეტო თანხას რამდენად მიზნობრივად გამოიყენებს“.

დაბა ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ ხარაგაულის ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარება აუცილებლად უნდა გაეწიოთ იმ ოჯახებს, რომელთაც მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო მეორე კატეგორია აქვთ მინიჭებული.

„პირველ კატეგორია მინიჭებულ სახლებში ოჯახები, ფაქტობრივად, არ ცხოვრობენ, – ამბობს პაატა გოგოლაძე, – მეორე კატეგორია რომელ საცხოვრებელ სახლებსაც მიენიჭა, იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია. ამიტომ, უბედურება რომ არ დატრიალდეს, ან ოჯახი საერთოდ სახლკარის გარეშე არ დარჩეს, მათ დასახმარებლად ფინანსები უნდა გამოიძებნოს“.

უსახლკარობა ჩვენს ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა. 2019 წლის მაისში ღია საზოგადოების ფონდმა ექვსი მუნიციპალიტეტის მაგალითზე ჩაატარა კვლევა „საცხოვრისის მუნიციპალური სერვისები საქართველოში“.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ „მუნიციპალიტეტებში არსებული საცხოვრისის სერვისები არასაკმარის, არაერთგვაროვან და დროებით ხასიათს ატარებს და, შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს ადამიანის ღირსებისა და სათანადო საცხოვრებლის უფლების სრულფასოვან დაცვას.

ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობის გამო, საცხოვრისის ფრაგმენტული სერვისი მიზნად არ ისახავს უსახლკარობის შემცირებასა და აღმოფხვრას; იგი არც უსახლკარობის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლას ითვალისწინებს. საუკეთესო შემთხვევაში, მუნიციპალიტეტები ორიენტირებული არიან, უსახლკარო პირთა მძიმე მდგომარეობა მცირედით შეამსუბუქონ.

საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულების ფარგლებში, სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს სტრატეგია და საფეხურეობრივი გეგმა, რომელიც უსახლკარობის გამომწვევი მიზეზების წინააღმდეგ ბრძოლასა და შესაბამისი საჭიროების მქონე პირთა სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას დაისახავს მიზნად“, – აღნიშნულია ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ამ კვლევაში.

ნინო კაპანაძე