სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების გასაუმჯობესებლად სახელმწიფომ ოჯახის ექიმებისა და ექთნების სამუშაო პირობების მოწესრიგებაზე, მათი საქმიანობის ხელშეწყობაზე უნდა იზრუნოს. ამის შესახებ ხარაგაულისა და ჭიათურის ოჯახის ექთნები და მათი პაციენტები გვესაუბრებიან.

49 წელია, აზა სამანიშვილი ვარძიის ამბულატორიის ექთნად მუშაობს. ამ წლების განმავლობაში სამედიცინო მომსახურების კუთხით ბევრი რამ შეიცვალა. შენობას, სადაც ვარძიის ამბულატორიაა განთავსებული, წყალი არ მიეწოდება. აზა სამანიშვილი ამბობს, რომ პაციენტებს შესაძლებლობის ფარგლებში ემსახურებიან. „ვარძია დიდი სოფელია. მოსახლეობა მჭიდროდ დასახლებული არ არის. შობადობა ძალიან შემცირდა. წელს ვარძიაში, ჯერჯერობით, მხოლოდ სამი ახალშობილია. იყო დრო, ვარძიაში წლის განმავლობაში 40-42 ბავშვი იბადებოდა“, – ამბობს აზა სამანიშვილი.

ნატალია სირბილაძე ვარძიის ამბულატორიას ხშირად მიმართავს და თამარ ექიმის მომსახურებითა და ყურადღებით ძალიან კმაყოფილია. მისი დაავადებებიდან გამომდინარე, ექიმთან სისტემატური კონსულტაცია სჭირდება. ის ამბობს, რომ პაციენტისთვის ყველაზე დიდი პრობლემა წამლების სიძვირეა: „ექიმი მიწერს რეცეპტს, მაგრამ წამლებს ვერ ვყიდულობ. ჩვენს ქვეყანაში ეს არის მოსაწესრიგებელი და არა ოჯახის ექიმზე კონტროლი. ექიმთან ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. ეგ არის, წამლის სიძვირის გამო აფთიაქში შესვლა გვიჭირს. ყოველთვიურად 150-დან 200 ლარამდე ღირებულების წამალი მჭირდება, რომ ვიცოცხლო.

…რა ქნას თამრიკო ექიმმა, წყლის პრობლემაა შენობაში, მაგრამ ეს საკითხი სკოლასაც აწუხებს და მოსახლეობასაც. გაკეთებას გვპირდებიან და ვნახოთ.“

ვარძიელი გივი მდივნიშვილი ამბობს, რომ მისი თანასოფლელები ოჯახის ექიმს სამკურნალოდ ან ფორმა #100-ის დასაწერად მიმართავენ. თუმცა, ექიმთან პროფილაქტიკის მიზნით მისული მოქალაქეებიც უნახავს. გივი მდივნიშვილი ამჟამად ვარძიის თემში მერის წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებს. მას უახლოეს ხანში ამბულატორიის წყალმომარაგების მოწესრიგების იმედი არ აქვს.

„თუ ექიმი ადგილზე არ არის, მაშინ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ვიძახებთ, – ამბობს გივი მდივნიშვილი, – ხშირად თამარ ექიმი პაციენტის პატრონს საკუთარი ტრანსპორტით მიჰყავთ. სოფელში ზოგან გზებზე ისეთი მდგომარეობაა, ფეხითაც ვერ გაივლი.“

ხეველ ია მახათაძეს სოფლის ამბულატორიაში შვილები ასაცრელად დაჰყავს. ოჯახის ექიმს იმ შემთხვევაში აკითხავს, როცა შემდგომი მკურნალობისა და კვლევებისთვის მიმართვის დაწერა სჭირდება. სამედიცინო მომსახურებას, უმეტესად, ზესტაფონსა და ხაშურში იღებს. ია მახათაძე ამბობს, რომ სოფლის ამბულატორიის შენობა გასარემონტებელია. თუმცა, რადგან ამბულატორია ავტობანის მშენებლობის არეალშია, იმედი აქვს, რომ სოფელში ახალ შენობას ააგებენ.

„უპირველეს ყოვლისა, სამედიცინო ამბულატორიის შენობა უნდა მოწესრიგდეს, – ამბობს ვერტყვიჭალელი თემურ ბლუაშვილი, – ხუნევში შენობა რომ ააშენეს, ექიმებს გადააბარეს. მათ უნდა გადაიხადონ ელექტროენერგიის ფული, იყიდონ წამლები, მოუარონ შენობას. ექთნისა და ექიმის ხელფასი ამ ამბულატორიის შენახვას ვერ აუვა. ექიმი კვირაში ორჯერ მოდის. ესეც პრობლემაა. ავადმყოფობას იმ ორ დღეს ხომ ვერ დაამთხვევ? ეს საკითხი მწვავედ არა მარტო ხუნევში დგას. ამბულატორიის შენობაში შესულ პაციენტს კომფორტული გარემო და გამართული აპარატურა უნდა დახვდეს. პირველადი ჯანდაცვა სახელმწიფოსგან მიგდებულია. სოფლის ამბულატორიების მოდერნიზებაა საჭირო, სამედიცინო აპარატურით უზრუნველყოფილი უნდა იყოს. პირველადი ჯანდაცვის რეფორმა საშური საქმეა და საფუძვლიანად უნდა მიეხედოს.“

ოჯახის ექიმს ხშირად აკითხავს საქასრიელი ნუნუ ბლიაძე. ხუნევის ამბულატორიაში ხან ექიმი თემურ შუბითიძე ხვდება, ხანაც ექიმი – თამარ გველესიანი. ექთანი მუდმივად ადგილზეა. ნუნუ ბლიაძე ამბობს, რომ ექიმები ყველანაირად ცდილობენ ამბულატორიაში მისული პაციენტების დახმარებას, მაგრამ არც საკმარისი მედიკამენტები აქვთ და არც თანამედროვე აპარატურა.

ჭიათურაში, სარქველეთუბნის ამბულატორიის ექთანია მაია ლაშხი. სარქველეთუბანსა და ზედა რგანს, რადგანაც ეს სოფლები ქალაქთან ახლოსაა, წლების განმავლობაში, ქალაქის პოლიკლინიკა ემსახურებოდა. შემდეგ მოსახლეობამ სოფელში ექთნის დანიშვნა მოითხოვა. შვიდი წლის წინ სარქველეთუბანში ექიმიც დანიშნეს.

„ჭიათურაში სარქველეთუბნის ამბულატორია ერთადერთია, რომელსაც საკუთარი შენობა არ აქვს, – ამბობს მაია ლაშხი. ადმინისტრაციის შენობაში ვართ შეხიზნულები. ოთხ სოფელს ვემსახურებით – სარქველეთუბანს, ზედა რგანს, თაბაგრებსა და ბუნიკაურს. სულ 1 350 პაციენტია. თაბაგრები სარქველეთუბნისგან ცოტა მოშორებულია. ამიტომ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით, მე და ექიმი თაბაგრებში დავდივართ. დანარჩენ დღეებში, ექიმის გრაფიკი კი იცით, – მოსახლეობასთან შეთანხმებით, ამბულატორიაში კვირაში ორი დღე მოდის. ყველა ექიმი სხვა სამედიცინო დაწესებულებაშიც მუშაობს. მეც პოლიკლინიკაში ფსიქიატრის ექთანი ვარ.

ამის მიუხედავად, პაციენტებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს.

ახლახან ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიიდან შეგვატყობინეს, რომ ოთახებს, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, გაგვირემონტებენ. ამბულატორიაში წყალი არ გვაქვს. სამედიცინო აპარატურა პოლიკლინიკიდან ამოვიტანეთ. ზამთარში შეშის ღუმელით ვთბებით. შეშას, პირველადი დახმარების წამლებს საკუთარი თანხებით ვყიდულობთ. ამას მგზავრობის ხარჯიც ემატება. კარგია, რომ საშემოსავლო გადასახადი 2019 წლის იანვრიდან აღარ გვექვითება. ახლა სექტემბრიდან ოჯახის ექიმებისა და ექთნების ხელფასების გაზრდას გვპირდებიან, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცი, ეს რამდენად მართალია.

ადგილზე ჩვენ არ გვაქვს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულად გამოკვლევის შესაძლებლობა. არარეალური მგონია, რომ სოფლის ამბულატორიებში სისხლისა და შარდის ანალიზის, კარდიოგრამის გაკეთება შევძლოთ. ამის აპარატურას ვინ შეგვიძენს?! ეს დიდი ფუფუნება იქნება. გასულ წლებში ოჯახის ექიმებს კარდიოგრამის აპარატები დაურიგეს, მაგრამ, როგორც  ვიცი, ვერ იყენებენ. ზოგი ექიმი ამბობს, რომ ახალი ქილები ძველ აპარატს ვერ მოარგეს.“

სარქველეთუბანში მცხოვრები ქეთევან სამხარაძე ოჯახის ექიმისა და ექთნის მომსახურებით კმაყოფილია, რადგან ისინი სოფელში ყოველთვის წინასწარ დათქმულ დღეებში მოდიან.

„აქ რომ მოხვიდეთ და ამათი სამუშაო პირობები ნახოთ, ექიმი და ექთანი შეგეცოდებათ, – ამბობს ქეთევან სამხარაძე, – ზამთარში ხშირად ღუმელიც არ უნთიათ. სოფლის ამბულატორიის სამედიცინო პერსონალს სახელმწიფოსგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება“.

ნინო კაპანაძე

სტატია მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. სტატიის შინაარსზე სრულიად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ჩემი იმერეთი“ და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, სხვა დონორებისა და კონსორციუმის პარტნიორების შეხედულებებს.