ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი სარგვეში მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 11 კილომეტრითაა დაშორებული. ამ თემში შემავალი სოფლები – სარგვეში, ხორითი, მიროწმინდა და საბე სამედიცინო მომსახურებისთვის ღორეშის ამბულატორიასაა მიკუთვნებული. სარგვეშში, ამბულატორიისთვის განკუთვნილ ოთახში სამუშაო დღეებში მუდამ ადგილზეა ექთანი ირმა ციცვიძე. პაციენტები მას, ძირითადად, წნევის გასაზომად აკითხავენ. თუმცა, როგორც თავად ექთანი ამბობს, პაციენტები ინექციის გასაკეთებლად, ნაკერების ასახსნელად და სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციების ჩასატარებლადაც მისულან.

„თუ პაციენტს ბინაზე მომსახურება სჭირდება, მიკავშირდებიან და სახლშიც ვაკითხავ. მუდმივად აქ ვცხოვრობ და 1984 წლიდან სარგვეშის საექიმო ამბულატორიაში ვმუშაობ, – ამბობს ირმა ციცვიძე, – მწოლიარე, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებთან ვიზიტს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ვახორციელებ. ბავშვთა კონტინგენტი სარგვეში ძალიან დაბალია და ამიტომ ასაცრელად ისინი ღორეშაში დაჰყავთ. სარგვეშში არც ასაცრელი კაბინეტი გვაქვს და არც ასაცრელი მასალის შესანახი მაცივარი. თუ ვინმეს სამედიცინო მომსახურება დასჭირდა, ამბულატორიაში არასამუშაო დღესაც მოვდივარ.

მოქალაქეები ტელეფონზეც გვირეკავენ იმ შემთხვევაში, როცა მიმართვები სჭირდებათ. ექიმი ღორეშიდან მანქანით გადმოჰყავთ. ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა თავად მოსულა ექიმი მანქანით და პაციენტთან ბინაზე წავსულვართ.

სამედიცინო ამბულატორია სარგვეშის ადმინისტრაციულ შენობაში იყო განთავსებული. როცა ის შენობა დაინგრა, შემდეგ აქვე აშენდა ახალი და ერთი ოთახი ჩვენ დაგვითმეს. შენობაზე მინიშნება გავაკეთეთ, რომ აქ ამბულატორიაა. ვინმეს უცბად რამე პრობლემა რომ შეექმნას, ადვილად ხომ უნდა მოგვაგნოს. ღორეშა-სარგვეშის გზის მშენებლობა რომ დაიწყება, შესაძლოა, აქ დასაქმებულებს სამედიცინო მომსახურება დასჭირდეთ.

პირობების გაუმჯობესება ნამდვილად გვჭირდება. ყველაფერი ერთ პატარა ოთახშია თავმოყრილი. შენობაში წყალი არ არის. ეს აუცილებელია. ელემენტარულად, ხელის დაბანა ხომ გვჭირდება?!

სარგვეშში ექიმის ჩანთა არ გვაქვს. სოფლებში მოსახლეობა ბევრი არაა, მაგრამ მედიკამენტები ჩვენთან მოსულ პაციენტსაც სჭირდება. პირადად მე ვყიდულობ მედიკამანტებს. სარგვეშის მაჟორიტარმა დეპუტატმა რუსუდან გიორგაძემ ერთხელ საკმარისად მოგვიტანა წამლები, მაგრამ ყოველთვის ხომ ვერ დაგვეხმარება?! სანამ პაციენტი სარგვეშიდან ღორეშაში მივა და ექიმის ჩანთას გამოიყენებს… თავად ვყიდულობ ბინტს, ბამბას, შპრიცებს, წამლებს. პირველადი დახმარების აღმოჩენა ნამდვილად შემიძლია.

ზამთრისთვის შეშას საკუთარი სახსრებით ვყიდულობ. დენის ხარჯი დიდი არ არის. სარგვეშის ადმინისტრაციასთან ერთად საერთო მრიცხველი გვაქვს და ელექტროენერგიის თანხას ისინი იხდიან. ქუთაისში ორჯერ ჩავდიოდით – ანგარიშის ჩასაბარებლად და ხელის მოსაწერად. ახლა გვითხრეს, აღარ დაგჭირდებათ ჩამოსვლაო და ელექტრონული ხელმოწერები გაგვაკეთებინეს.

კარგი იქნება, რომ საექიმო ამბულატორიისთვის ცალკე შენობა აშენდეს ორი პატარა ოთახით და წყალი შენობაშივე იყოს“.

რუსუდან გიორგაძე, სარგვეშის თემის მაჟორიტარი დეპუტატი: -სარგვეშის ამბულატორიის ექთანი ძალიან კვალიფიციურია. რაც მე მოვედი, მოვახერხე ის, რომ საკუთარი სახსრებით პირველადი დახმარების მედიკამენტები და სისხლში შაქრის საზომი აპარატი შევუძინე. ამბულატორიაში უფრო აქტიურად დაიწყეს მოსვლა მოხუცებმა. ორჯერ ჩამოვიყვანე სარგვეშში გინეკოლოგები. ორ ქალს მძიმე დაავადება აღმოაჩნდა.

ჩვენი ამბულატორიის ექიმს ვთხოვეთ და თვეში ორჯერ შეგვპირდა ამოსვლას. მის ტრანსპორტირებას ჩვენ ვახორციელებთ და თვეში ერთხელ მოდის. ვიცით, რომელ დღეს უნდა მოვიდეს. ამბულატორიას პატარა ოთახები აქვს და კარადები ძლივს ჩავდგით. წერილის დაწერას ვფიქრობდი, რომ მოგვეხმარონ ამბულატორიისთვის ახალი შენობის აშენებაში. სოფელში ამისთვის ადგილი არის. ამის შემდეგ საქმიანობა უფრო ფართოდ გაიშლება.

ახლა შენობაში სველი წერტილი ეწყობა. გვინდა, იმ ვიწრო ფართში, მცირე კომფორტი მაინც გვქონდეს. ახალი სასწავლო წლიდან სარგვეშში საბავშვო ბაღი იხსნება. ამიტომ სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანია სოფლისთვის, რომ აქ გამართული სამედიცინო ამბულატორია არსებობდეს.

ნინო კაპანაძე

სტატია მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. სტატიის შინაარსზე სრულიად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ჩემი იმერეთი“ და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, სხვა დონორებისა და კონსორციუმის პარტნიორების შეხედულებებს.