რამდენად აქვთ მოქალაქეებს ინფორმაცია, თუ რა ევალება ოჯახის ექიმს, მკურნალობისთვის უფრო მეტად მიმართავენ მას თუ პროფილაქტიკისთვის, ბოლოს როდის ისარგებლეს და რამდენად კმაყოფილები არიან ოჯახის ექიმის მომსახურებით – ამ შეკითხვებზე ხარაგაულელი და ჭიათურელი მოქალაქეები გვპასუხობენ.

ნინო ჩხეიძე: -ოჯახის ექიმის ფუნქციებზე ინფორმაცია მაქვს, მაგრამ მთავარია, რამდენად სრულდება ეს ვალდებულებები. მთავრობამ ოჯახის ექიმების დაფინანსება უნდა გაზარდოს ისე, რომ ისინი კვირაში ერთი ან ორი დღე კი არ მოდიოდნენ სოფლებში, არამედ ყოველდღიურად. დაბალი ანაზღაურების გამო ოჯახის ექიმები ორ-სამ სამსახურში მუშაობენ.

ოჯახის ექიმისთვის პროფილაქტიკის მიზნითაც მიმიმართავს და სამკურნალოდაც. ექიმი ნინო ბუხნიკაშვილი გამოცდილი და მცოდნეა. დღისა და ღამის ნებისმიერ დროს რომ დაურეკო, არ დაიზარებს და მოვა. წიფა მაღალმთიანი სოფელია და ტრანსპორტირებაც უჭირს. იმ დაფინანსების პირობებში, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ოჯახის ექიმებს აძლევს, დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებენ.

რაიბულ კურტანიძე: -მოსახლეობამ იცის, რომ ოჯახის ექიმი დიაგნოზს დაუსვამს და თუ თავად ვერ შეძლებს პაციენტის განკურნებას, სხვა სპეციალისტთან გააგზავნის. ჩვენი ოჯახის ექიმ თემურ შუბითიძესგან დასმული დიაგნოზი უტყუარია.

ექიმს მხოლოდ მაშინ ვაკითხავთ, როცა რამე აგვტკივდება ან ისეთ დროს, როცა მკურნალობა უკვე დაგვიანებულია. არ ვიცლით ჩვენი თავისთვის, არ ვუფრთხილდებით ჯანმრთელობას, სათანადო სამედიცინო განათლება და ინფორმაცია არ გვაქვს. პროფილაქტიკა ჯობია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში საკუთარ ჯანმრთელობას პერიოდულად არ ვიკვლევთ.

სკოლაში ვმუშაობ და ჩვენი ოჯახის ექიმი სკოლაშიცაა დასაქმებული. თუ რამე გვჭირდება, იქვე აღმოგვიჩენს დახმარებას. ეს ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა.

ლევან შარიქაძე: -მოსახლეობას არც საკმარისი ინფორმაცია აქვს ოჯახის ექიმის ვალდებულებებზე და ამ საკითხითაც ნაკლებად ინტერესდება. ოჯახის ექიმს, ძირითადად, მკურნალობისთვის აკითხავენ. როცა ავად ხდებიან, მერე ფიქრობენ, ოჯახის ექიმთან მივიდნენ თუ – პირდაპირ საავადმყოფოში. მატერიალურად რომ გვიჭირს, საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღებას ვერ ვაქცევთ. გარკვეული თანხა პროფილაქტიკურ გამოკვლევებსაც სჭირდება.

ჩემი მშობლები პენსიონერები არიან და ოჯახის ექიმთან ხშირად დამყავს. ჩვენი ოჯახის ექიმი აზა ფურცელაძე ხარაგაულის საავადმყოფოშიც მუშაობს და ლეღვნიდან აქაც მოვდივართ ხოლმე.

ვფიქრობ, რომ ოჯახის ექიმები სახელმწიფომ მიატოვა. დანიშნეს, უთხრეს, ხელფასი გექნებათ ამდენი და მიხედეთ ავადმყოფსაც, ამბულატორიასაც, შენობასაც, ამ თანხით იყიდეთ პირველადი მოხმარების წამლებიც. სახელმწიფომ ოჯახის ექიმის გამართულად საქმიანობასა და მის განვითარებაზე აღარ იზრუნა. ოჯახის ექიმებს მუშაობა უჭირთ და ამიტომ მოსახლეობას ნორმალურად ვერ ემსახურებიან. ექთანს უფრო ინტენსიური ურთიერთობა აქვს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან – ძალიან წვალობს – ფეხით დადის უბან-უბან. თუ ჯანდაცვის სამინისტრო ოჯახის ექიმს პირობებს გაუუმჯობესებს, შემდეგ მოსახლეობაც მოითხოვს მათგან მუდმივად ამბულატორიაში ყოფნას.

რუსუდან გიგაშვილი: -მოსახლეობას ნაკლებად აქვს ინფორმაცია, თუ რა ევალება ოჯახის ექიმს. როცა დამჭირდა, გავარკვიე, მაგრამ ყველა ხომ ვერ შეძლებს. ალბათ, თავად ოჯახის ექიმებმა, ან ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დაარიგონ ბუკლეტები, საინფორმაციო მასალები.

ოჯახის ექიმს უფრო მეტად მკურნალობისთვის მივმართავთ. ახლაც დედამთილი მყავს ავად და ოჯახის ექიმი სახლში მოვიყვანეთ. უკმაყოფილო არ ვარ, გზაზე დამაყენა, რჩევები მოგვცა.

პრობლემაა ის, რომ ოჯახის ექიმი სოფელში ყოველდღე გვჭირდება. მაინცდამაინც ოთხშაბათს გახდები ავად?! ამ ერთ დღეს ექიმის სოფელში მოსვლა რას ნიშნავს, ვერ ვხვდები.

ვალერი კაპანაძე: -ოჯახის ექიმი ერთ ადგილას უნდა იყოს და მოსახლეობას ხარისხიანად ემსახურებოდეს. ზოგი მათგანი რამდენიმე ადგილზე მუშაობს, რადგან ხელფასი აქვს ძალიან ცოტა. სოფელ ითხვისიდან ვარ და დავიმგზავრებ ხოლმე ოჯახის ექიმ მაია გეგეშიძეს. წუხს, რომ სოფლამდე ავტობუსით მისვლას ვერ ახერხებს – დილით ავტობუსის რეისი არ არის. ჭიათურიდან ხან ფეხით მიდის, ხან – „ავტოსტოპით“.

ჯანდაცვაში ყველაზე სუსტი რგოლი და „დაბალი ღობე“ ოჯახის ექიმი და სოფლის ამბულატორიაა. ამას სოფლის მოსახლეობა იმკის – პრაქტიკულად, ექიმის მომსახურების გარეშეა დარჩენილი.

პრობლემაა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ჩემს სოფელში, მაგალითად, ქვედა ითხვისი ზედა ითხვისს მოწყვეტილია – გზა არ არის ნორმალური. იქაურებს ურჩევნიათ, რომ ჭიათურაში ჩამოვიდნენ ექიმთან, ვიდრე ამბულატორიაში ავიდნენ.

50-60 პოროვნება მაინც მოიკრიბება ჩემს სოფელში, სამედიცინო ინსტიტუტ დამთავრებული, კვალიფიციური ექიმი რომ არის დღეს. ერთს რომ დაენიშნოს 2 000 ლარი ხელფასი, სიამოვნებით იმუშავებს, იცხოვრებს სოფელში, მოემსახურება სოფელს. ასეთ ექიმს ნებისმიერი პაციენტის დიაგნოზი და მდგომარეობა ეცოდინება, სოფელს უპატრონებს.

იზოლდა მიროტაძე: -ოჯახის ექიმს პირველადი დახმარების გაწევა უნდა შეეძლოს. ხვაშითს, სადაც მე ვცხოვრობ, წირქვალის ამბულატორია ემსახურება. ასეთ დაშორებულ სოფლებში უნდა გახსნან მეორე ამბულატორია, მედპუნქტი. უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა.

გასული წლის დეკემბერში გავხდი ცუდად. მეუღლემ ჭიათურაში წამომიყვანა, რადგან იმ დღეს ჩვენი ამბულატორიის ექიმს სოფელში მორიგეობა არ უწევდა. კვირაში ორ დღეს დადის ჩვენი ექიმი ამბულატორიაში. სახელმწიფომ უნდა მოაწესრიგოს ამბულატორიები. რომ შეხვალ იქ, წყალი არ არის, აპარატურა არ არის. ოჯახის ექიმს ხელშეწყობა სჭირდება, მაგრამ მხოლოდ ხელფასის მომატება არ არის მთავარი. ყურადღება მომსახურების ხარისხზე უნდა გავამახვილოთ.

ელისო სოფრომაძე: -ჩვენ არ ვიცით, რამდენად ავალდებულებს სახელმწიფო, რომ ოჯახის ექიმები პაციენტებს საკუთარი ხარჯით მოემსახურონ. პრევენციის მიზნით ამბულატორიაში მისვლა, ალბათ, დროის ფლანგვაა. რისთვის უნდა მიხვიდე ამბულატორიაში, –  რომ მიმართვა წაიღო სხვა ექიმთან? ექიმი ამბულატორიაში კვირაში ერთხელ მოდის. საათობით უნდა ელოდო. მრავალრიცხოვან სოფელში ვცხოვრობ და ერთი ექიმის მომსახურება კვირაში ორი საათით, არასაკმარისია. ამიტომ სოფლიდან ჭიათურაში გადმოვეწერე, ოჯახის ექიმის მომსახურების მისაღებად.

ექიმმა უნდა შეძლო, რომ პაციენტის ჯანმრთელობისთვის პირადული გადადო. ახლა ექიმები, უმეტესად, თავის პირად ცხოვრებას იწყობენ. 500 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვთ სხვა სამსახურებში, მაგრამ მუშაობენ. ოჯახის ექიმს, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა და კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს.

ლამარა ჩიხელიძე: -ოჯახის ექიმმა იცის ავადმყოფის მდგომარეობის შესახებ ყველაფერი – დიაგნოზი, დაავადების დინამიკა. ყველა სფეროში ასეა – რეგულაციები გვაქვს არაჩვეულებრივი, მაგრამ ვერ სრულდება. კაბინეტებში მსხდომები ხელფასს იღებენ, სახელმწიფო არის დაქცეული.

ქვაციხეში ვცხოვრობ. გვყავს ექიმი კახა ბრეგვაძე – არაჩვეულებრივი სპეციალისტი. ის მუდმივად სოფელშია. ყველა ოჯახში მიდის, უარს არავის ეუბნება. გამოძახების შემთხვევაში ფეხით დადის. ამ პირობებში ცოდოა სოფელიც და კახა ექიმიც.

სტატია მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. სტატიის შინაარსზე სრულიად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ჩემი იმერეთი“ და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, სხვა დონორებისა და კონსორციუმის პარტნიორების შეხედულებებს.