ნათია შარიქაძე იმ რვა ახალბედა მასწავლებელს შორისაა, რომელთაც წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქმიანობა დაიწყეს.

ნათია მარელისის საჯარო სკოლაში მათემატიკას ასწავლის. ხარაგაულიდან მარელისში ყოველდღე დილაადრიან ქუთაისი-თბილისის მატარებელს მიჰყვება. გაკვეთილების დაწყებამდე ორსაათნახევარი აქვს და იმ დროს „მასწავლებლის მაძიებლის პროგრამაში“ მეცადინეობას უთმობს.

ნათია შარიქაძე ხარაგაულში, და არა მარტო აქ, აღიარებული და მაღალკვალიფიციური მათემატიკოსის, ზაური შარიქაძის შვილია და, ფაქტობრივად, მამის კვალს აგრძელებს. ნათია შარიქაძეს განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და სამომავალო გეგმებზე ვესაუბრეთ.

-როგორ და რატომ გადაწყვიტეთ სკოლაში მუშაობის დაწყება. რა იყო თქვენს გადაწყვეტილებაში უმთავრესი არგუმენტი?

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე გავაგრძელე. მამაჩემის სურვილი იყო, რომ მის კვალს გავყოლოდი. ამიტომ იმავე წელს, მამის თხოვნით, საბუთები სოხუმის ფილიალის მათემატიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტზეც შევიტანე. საბოლოოდ, ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე. მოგვიანებით, ტექნოლოგიის ინსტიტუტში ფარმაცევტის პროფესიას დავეუფლე.

წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში ვმუშაობდი. პარალელურად, მოსწავლეებს მათემატიკაში ვამეცადინებდი. შემდეგ მივხვდი, რომ ბავშვებთან ურთიერთობისა და სწავლების პროცესი ძალიან მომწონდა. თუმცა, სანამ სასკოლო რეფორმის ფარგლებში ღვაწლმოსილი პენსიონერი პედაგოგები დამსახურებული ჯილდოთი სკოლიდან არ წავიდნენ და კონკურსის საფუძველზე ახლებით არ ჩაანაცვლეს, სკოლაში ვერ მოვხვდი.

-როგორ შეგხვდნენ მარელისის სკოლაში კოლეგები და მოსწავლეები?

-ძალიან გამიმართლა, მარელისის სკოლაში რომ მოვხვდი. სკოლა ცნობილია ძლიერი პედაგოგებით, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ მოსწავლეების ინტერესების დაცვისა და მათი ხარისხიანი სწავლებისთვის. სკოლის ძირითადი საყრდენი სკოლის დირექტორი ქალბატონი ვერა ოდიკაძეა. ის მართლაც გამორჩეული პიროვნებაა – საოცრად დადებითი ენერგიისა და უნარის მქონე. მუდმივად ზრუნავს თავისი სკოლის მასწავლებელთა განვითარებაზე, მათ ხელშეწყობასა და მოსწავლეთა სწავლებისთვის ეფექტური გარემოს შექმნაზე.

მთელი კოლექტივი საოცრად თბილად შემხვდა და ასე მგონია, თითქოს წლებია, მარელისის სკოლაში ვმუშაობ.

-რა არის უმთავრესი იმისთვის, რომ დამწყებმა მასწავლებელმა მოსწავლეების ნდობა და სიყვარული მოიპოვოს?

მოსწავლის სიყვარული აუცილებელია, მაგრამ სწავლისადმი ინტერესისა და მოტივაციის გაღვიძება – უმთავრესი. ამისთვის საჭიროა, მასწავლებელი გაკვეთილზე მუდამ მომზადებული იყოს და ახალი მასალა მოსწავლეებს გასაგებ ენაზე, საინტერესოდ შესთავზოს. მოსწავლის მიმართ პატივისცემა უნდა გამოძრავებდეს.

-მოსწავლეებთან ურთიერთობაში ხომ არ იყენებთ მამათქვენის, აღიარებული მათემატიკოსის, ზაურ შარიქაძის მეთოდებს?

მამა ჩემთვის მასწავლებლობისა და ადამიანობის ეტალონია. დღესაც, მისი გარდაცვალებდან 16 წლის შემდეგ, მისი ყოფილი მოწაფეები მამას მიმართ მადლიერებასა და სიყვარულს გამოხატავენ. ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი და სტიმულის მომცემია. მამა უძლიერესი იყო არა მხოლოდ საკუთარ საგანში, არამედ გამორჩეულად ძლიერი პედაგოგიც იყო. ვერ ვიტყვი, რომ ვბაძავ, თუმცა, როცა გაკვეთილს ვხსნი, ყურში ყოველთვის მისი სიტყვები ჩამესმის. ეს ისე, თავისთავად ხდება, რადგან მათემატიკა ჩემთვის სხვას არავის უსწავლებია. თუ ცოტათი მაინც ახლოს იქნება ჩემი გაკვეთილი ზაური შარიქაძის მიერ ჩატარებულ გაკვეთილთან, ბედნიერი ვიქნები.

როგორია, თქვენი შეფასებით, თანამედროვე განათლების სისტემა? რამდენად უწყობს ხელს მასწავლებელთა კარიერულ წინსვლას და მოსწავლეთა ხარისხიან განათლებას?

მსოფლიოს განვითარების თანამედროვე ტენდენციებმა და პროგრესმა განათლების სფერო დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ვთვლი, რომ ისე არასდროს ყოფილა პრიორიტეტი მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, როგორც დღეს. იმედია, ოდესმე ჩვენი განათლების სისტემაც მიუახლოვდება იმ ქვეყნებისას, რომელთა მოდელსაც მაგალითად ვიყენებთ.

ნინო კაპანაძე