გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა წყალტუბოში ტრენინგი გამართა თემაზე „გარემოსდაცვითი დემოკრატია – ადამიანის უფლებები და ვალდებულებები.“

შეხვედრაში იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ტრენინგზე მივიღეთ ინფორმაცია ორჰუსის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების, გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შესახებ.

ორჰუსის კონვენცია, რომლის მხარე საქართველო 2001 წლიდან გახდა, ხელმომწერ ორგანიზაციებს ავალდებულებს უზრუნველყონ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.

„გარემოსდაცვითი საკითხები ყველაზე მეტად საერთაშორისოა, რადგან მათი უგულვებელყოფა ერთი ქვეყნის საზღვრებს სცდება და ხშირად პრობლემას მთელ მსოფლიოს უქმნის, – ამბობს ორჰუსის კონვენციის ეროვნული პასუხისმგებელი პირი ნინო გოხელაშვილი, – ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოება ინფორმირებული იყოს გარემოს მდგომარეობის შესახებ, ჩაერთოს იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებმაც, შესაძლოა, ზემოქმედება მოახდინოს მის ირგვლივ არსებულ გარემოზე.“

მოქალაქეთა თანამონაწილეობა, ძირითადად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტების (გზშ) საჯარო განხილვისას ხდება. თუმცა, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საზოგადოებას ხშირად არ აქვს ინფორმაცია გზშ-ს განხილვის შესახებ.

გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვის თარიღს გარემოს დაცვვის სამინისტრო ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს აცნობებს. თავის მხრივ მუნიციპალიტეტი გზშ-ს განხილვის ადგილსა და დროს საინფორმაციო დაფაზე განათავსებს, ეს ინფორმაცია ასევე სამინისტროს ვებგვერდზე ქვეყნდება.

„მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხს მნიშვნელოვნად ამაღლებს საზოგადოების ჩართულობა, მათი შენიშვნები და წინადადებები კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, – ამბობს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვენერა მეტრეველი, – ამიტომ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია გზშ-ს საჯარო განხილვის თარიღის შესახებ, ასევე – შენიშვნებისა და წინადადებების გამოთქმის უფლება. გამოთქმულ შენიშვნებზე პასუხები მოქალაქეებს აუცილებლად უნდა ეცნობოთ.“

გარემოსდაცვით საკითხებში მნიშვნელოვანია კონტროლი და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.

გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საწარმოების კონტროლის განყოფილების უფროსი ეკატერინე კისკეიძე ამბობს, რომ მცირეა იმ მუნიციპალიტეტების რიცხვი, რომლებიც ადგილზე გარემოს დამაბინძურებლებს აჯარიმებენ და ამ მიზნით საჯარიმო ქვითრების ფორმა აქვთ შემუშავებული.

ტერიტორიის დამაბინძურებელი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაბინძურებული ტერიტორია დაასუფთავოს.

გარემოს დაბინძურების ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერზე – 153. ზარი უფასოა. სამინისტროს წარმომადგენელთა ინფორმაციით, სწრაფი რეაგირების სამსახურები ადგილზე ოპერატიულად მივლენ.

ნინო კაპანაძე