ხელისუფლების წარმომადგენლები ხარაგაულში სოფლის მოსახლეობას ხვდებიან.

5 ნოემბერს, სოფელ ისლარში, ფარცხნალსა და ახალსოფელში მოსახლეობასთან შეხვედრებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, საკრებულოს წევრები და მერიის სამსახურების წარმომადგენლები, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი გოჩა ბარბაქაძე ესწრებოდნენ.

მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე გაიმართა ბაზალეთში, საბეში, სარგვეშში, ღორეშაში, უბისაში, ლეღვანში, დიდვაკეში, საღანძილეში, ჯაფაროულში, ვანში, სხლითში, ჩხერში, მარელისში, ვახანში, ქვებში, ღვერკში, ხემაღალსა და უჩამეთში.

6 ნოემბერს ხელისუფლების წარმომადგენლები გედსამანიის, ხევის, გრიგალათისა და წაქვის მოსახლეობას შეხვდებიან. 8 ნოემბერს შეხვედრებბი კიცხში, საქარიქედში, თეთრაწყაროში, იგორეთში, პატარა ხარაგაულსა და დაბა ხარაგაულში გაიმართება; ხოლო 9 ნოემბერს – ნადაბურში, ციცქიურში, საქასრიასა და ბორითში.

სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრას ფარცხნალსა და ისლარში დავესწარით.

ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის მთავარ პრობლემა სამასალე ხე-ტყეზე ხელმიუწვდომლობაა.

ამ თემის მაჟორიტარი დეპუტატის მიხეილ ჭიპაშვილის ინფორმაციით, გასულ წლებში ისლარ-ფარცხნალში დაახლოებით 50-მდე ოჯახი თავს ავეჯის დამზადებით ირჩენდა. „ახლა მოსახლეობას ტყეში აღარ უშვებენ, მასალა ვერ მოიპოვებენ. ინდმეწარმეები იძულებულები გახდნენ, სამუშაოს საძებნელად ქალაქებში წასულიყვნენ. ჩვენს თემში ამ მიზეზით თორმეტი სახლი დაიკეტა“, – ამბობს მიხეილ ჭიპაშვილი.

ისლარელი მარინა მანჯავიძე საუბნო გზის მოწესრიგებასა და გარე განათების ქსელის მოწყობას ითხოვს. უამინდობაში ამ უბანში სასწრაფო დახმარების მანქანები ვერ მოძრაობენ და გარე განათების არქონის გამო ღამით გადაადგილება ძალიან ჭირს.

 

„საქართველოს პარლამენტი მუშაობს ტყის კოდექსზე, რომელიც ქვეყანაში ტყის რესურსის გამოყენებას მთლიანად მოაწესრიგებს. უახლოეს მომავალში სატყეო დეპარტამენტი თვითონ უზრუნველყოფს სამასალე ხე-ტყის აუქციონზე გატანას და მისი შეძენა, მისაღებ ფასად, ნებისმიერ მოსახლეს შეეძლება, – ამბობს პარლამენტარი კობა ლურსმანაშვილი.

ისლარის მოსახლეობამ შეხვედრაზე სასაფლაოსთან მისასვლელი გზის, მდინარე ჯიხველაზე ორი სახიდე გადასასვლელისა და ცენტრალურ გზაზე ხელოვნური ბარიერების მოწყობა მოითხოვა.

„ფარცხნალის მოსახლეობისთვის საშეშე ტყე-კაფი სოფელ ვანის თავზე გამოიყო. ჩემი მოზვრებით ვანში როგორ წავიდე შეშის მოსატანად?!“ – წუხს ფარცხნალელი ბეჟანი მაჭავარიანი.

„30 ლარი მჭირდება ფარცხნალიდან ტაქსით ხარაგაულის საავადმყოფომდე რომ ავიდე. მერე წამლები უნდა შევიძინო. გამოკვლევებს თანხა სჭირდება. ამდენი საშუალება არ გვაქვს. მუნიციპალური ტრანსპორტი კვირაში ერთხელ ამოდის და ხარაგაულამდე მივყავართ. ხარაგაულიდან საავადმყოფომდე ასვლა რომ მინდა, რა ვქნა?! – კითხულობს ფარცხნალელი გიზო ბუაჩიძე.

ხარაგაულის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი პეტრე შარიქაძე ამბობს, რომ 2019 წელს ფარცხნალის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი ვერ დაინიშნება, ხოლო მომავალ წელს რამდენად იქნება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამის საშუალება, ჯერჯერობით, უცნობია.

რა შედეგები მოჰყვება მოსახლეობისთვის ამ შეხვედრებს და რას ითხოვს მოსახლეობა ამ შეკითხვებით ხელისუფლების წარმომადგენლებს მივმართეთ:

„მოსახლეობის მიერ დასახელებულ პრობლემებს ვიწერ, შევაჯამებ და რაც ყველაზე პრიორიტეტული იქნება ხარაგაულის მერიის შეაბამის სამსახურებსა და იმერეთის გუბერნიას წარვუდგენ, რომ ერთობლივი ძალებით შევძლოთ ამ პრობლემების მოგვარება მოსახლეობისთვის“, – ამბობს მანანა ბარბაქაძე.

კობა ლურსმანაშვილის თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება, შეხვედრების შედეგებს დასრულების შემდეგ შევაჯამებთ.

თამთა გოგოლაძე