ყველა ადამიანს ამქვეყნად მოვლენისას თავისი მისია დაჰყვება და ბედისწერაც სწორედ ისაა, რომ ამ ქვეყნიდან ამ მისიის აღუსრულებლად არ მიდის. დიდი ამერიკელი მწერალი ერნესტ ჰემინგუეიც ამას ამბობს: „თითოეული ადამიანი იბადება რომელიღაც საქმისათვის. ყველას, ვინც დედამიწაზე დააბიჯებს, თავის განსაკუთრებული მოვალეობა აქვს“. ადამიანის სიდიდე და სიმცირეც, უცილობლად, მის მიერ ქმნილი საქმეებით იზომება.

ამქვეყნიურ ცხოვრებაში სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა, ცეზარ ბუბულაშვილს ხარაგაულში მისი ხელმძღვანელობით აშენებული ტაძარიც ეყოფოდა, საუკუნეების განმავლობაში მოსახსენიებლად. ამ კეთილადქმნილი, საოცრად ნაშენი ტაძრის უკან ხომ მისი პიროვნება დგას. ჩვეულებრივი, რიგითი მოკვდავი ამოდენა საქმის სისრულეში მოყვანას ნამდვილად ვერ შეძლებდა. მით უმეტეს, ამ ხეობაში, ქრისტიანობის შემოსვლიდან 1700 წლის განმავლობაში ასეთი გრანდიოზული საკათედრო ტაძარი არ აშენებულა. ცეზარმა შეძლო, მის მშენებლობაში ხარაგაულელთა (და არა მარტო ხარაგაულელთა) უმრავლესობა გაეერთიანებინა – სახელობითი ჩუქურთმებით და სხვადასხვა ქართული ორნამენტებით შემკული საერთო, სახალხო შემოქმედების ძეგლად წარმოესახა.

ხარაგაულელთა თვალწინ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. აქ ჩამოყალიბდა, როგორც პიროვნება, ხელმძღვანელი მუშაკი და როგორც ბედისაგან გამორჩეულს, აქვე მიეცა ასპარეზი თავისი სახელის უკვდავსაყოფად. ცეზარი განათლებით ისტორიის პედაგოგი იყო. თავისი საქმიანობის დასაწყისში მომავალ თაობას აზიარებდა ჩვენი სამშობლოს არაჩვეულებრივ ისტორიას, მისი აღზევებისა თუ დაცემის საოცარ ეპიზოდებს, ქართველი ერის ისტორიულ და სულიერ მისიას. სწორედ მაშინ მზადდებოდა მასში დიდი წინაპრების საქმეთა გამგრძელებელი ხუროთმოძღვარი.

რაიონის ხელმძღვანელებმა ადრევე დაინახეს მასში ორგანიზატორული ნიჭი, უნარი და რაიონულ რგოლში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დააწინაურეს. მალევე გამოჩნდა მისი პიროვნული თვისებებიც – მაღალი პასუხისმგებლობა, პრინციპულობა, მინდობილი საქმისადმი ერთგულება, ობიექტურობა და სიმართლისადმი მუდმივი სწრაფვა. მას ეს თვისებები მუდამ გამოარჩევდა და სიცოცხლის ბოლომდე განუხრელად შერჩა. სადაც იყო, ყველგან შთამბეჭდავი კვალი დატოვა. საქმის გატანაც იცოდა და მეგობრების თანადგომაც. ადრე დატოვა ამქვეყნიური ცხოვრება. მისი ენერგიის პატრონს ამ ასაკშიც ბევრი კეთილი განზრახვის ასრულება ხელეწიფებოდა.

ცეზარმა შესანიშნავი ოჯახი დატოვა. მისთვის, როგორც ჭეშმარიტი ქართველისათვის, ამქვეყნად საფიცარი სამშობლო, ოჯახი, შვილები და შვილიშვილები იყო და მათი ნათელი მომავლის სწამდა. ყველაფერს რწმენით აკეთებდა და მის დუღაბში ყოველთვის სიმტკიცეს დებდა. როგორც ეკლესიის დიდი მასწავლებელი ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „სადაც რწმენა არა აქვთ, იქ არც კეთილ საქმეებს აღასრულებენ იმიტომ, რომ კეთილად ყოველ საქმეს, უპირველესად, სწორედ კეთილი განზრახვა შეიქმს, ხოლო იგი ოდენ რწმენიდან აღმოცენდება“. ბარემ ჩვენს სასიქადულო მწერალ კონსტანტინე გამსახურიასაც მოვიშველიებთ, რომელიც გვმოძღვრავდა – თუ ადამიანს რწმენა აქვს, იგი უძლეველიაო.

სწორედ ასეთი რწმენით დააბიჯებდა ხარაგაულში ცეზარ ბუბულაშვილი. ამ რწმენის დუღაბით დგას დღეს ხარაგაულში წმინდა მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძარი, რომლის მშენებლობაში ცეზარმა ყოველი ჩვენგანის რწმენა, ძალა და ენერგია გააერთიანა და თავის სახელთან ერთად ჩვენიც უკვდავყო საქართველოს უახლეს ისტორიაში.

მეგობართა ჯგუფი: გოგი ლაცაბიძე, ვალერი გოგნაძე, იუზა კელენჯერიძე, ირაკლი ებანოიძე, იური ქურდაძე, თემურ მუხურაძე, ომარ შარიქაძე, მალხაზ ხარაძე, დარეჯან მშვენიერაძე, გულნაზ ვეფხვაძე, თამარ სულიაური, თამაზ გოგოლაძე, ნუგზარ გველესიანი, ტარიელ ხიჯაკაძე, ლენა კურტანიძე, დავით ლაცაბიძე, ალექსანდრე მეტრეველი, თემურ კურტანიძე, ზაალ ლომიძე, თემურ ფურცელაძე, ვლადიმერ გელაშვილი, ელვარდი გიორგიძე, ტარიელ ფოცხვერაშვილი, გია ღამბაშიძე, ნუგზარ გრიგალაშვილი, გოგილო თხელიძე, ვახტანგი თხელიძე