ეს ინფორმაცია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ზაზა სიხარულიძესგან მოვიპოვეთ.

ზაზა სიხარულიძე ხარაგაულის წყალმომარაგებაში არსებულ პრობლემებზე მსჯელობისთვის საკრებულოში შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოიწვიეს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ხარაგაულის მუნიციპალიტეტისგან პატარა ხარაგაულში მის ბალანსზე არსებული წყალსადენის ტერიტორიის გადაცემას სამი ახალი ჭაბურღილისა და სადგურის მოსაწყობად ითხოვს.

ზაზა სიხარულიძის განმარტებით, აუცილებელია წყალმომარაგების ალტერნატიული სისტემის მოწყობა იმისთვის, რომ ლეღვნის წყალსადენის მშენებლობის დასრულებამდე დაბა ხარაგაულის მოსახლეობას წყალი მუდმივად მიეწოდოს. ამავე დროს ლეღვნის წყალსადენის რეაბილიტაციის შემდეგ სათავეში წყალი, შესაძლოა, ისევ აიმღვრეს.

ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი ერთდროულად ორივე სისტემის – ლეღვნისა და პატარა ხარაგაულის წყალსადენების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მშენებლობა-რეაბილიტაციის პერიოდში ყველა აბონენტი გამრიცხველიანდება.

კომპანია, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, მოხმარებული წყლის ტარიფის გაზრდას არ გეგმავს.

წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრის მენეჯერის, ტარიელ ავალიშვილის ინფორმაციით, ხარაგაულში ამ მომენტისთვის წყალი იმ ექვს აბონენტს ჩაუჭრეს, რომლებიც წყლის გადასახადს, თვეებია, ვერ იხდიან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებმა ზაზა სიხარულიძის წინაშე დასვეს საკითხი, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, წყლის გრაფიკით მიწოდების პერიოდში, ტარიფზე დროებით შეღავათი დააწესოს.

როდის მოგვეწოდება დაბა ხარაგაულში ხარისხიანი წყალი მუდმივად – დეპუტატების ამ შეკითხვაზე ზაზა სიხარულიძემ უპასუხა:

„ეს დამოკიდებულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რამდენად მალე გადმოგვცემთ ალტერნატიული წყალსადენის მოსაწყობად პატარა ხარაგაულში წყალსადენის ტერიტორიას.

მუნიციპალიტეტისგან უარის შემთხვევაში პროექტი უნდა დაკორექტირდეს, რის შემდეგაც ტენდერი მხოლოდ ლეღვნის წყალსადენის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოცხადდება.

თუ პატარა ხარაგაულში არსებულ წყალსადენს გადმოგვცემთ, მაშინ დაბა ხარაგაულში წყალმომარაგების 24-საათიან რეჟიმში აღდგენა, სავარაუდოდ, 6-7 თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა მალხაზ ფხალაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებისგან მიღებულ ინფორმაციებს საკრებულოს წევრებს უახლეს სხდომაზე მიაწვდის.

ნინო კაპანაძე