სარგვეშიდან ან ხორითიდან პაციენტი რომ დაურეკავს, ია ექიმო, მიჭირს და მომეშველეო, როგორ ეტყვის, მანქანა იქნებ თავად იშოვოთო. ამიტომ სარგვეშში, საბეში, მიროწმინდასა და ხორითში ექიმი ია პაქსაშვილი ავადმყოფებთან, ძირითადად, მეუღლეს საკუთარი ავტომანქანით დაჰყავს.

„სარგვეშში ამბულატორიისთვის განკუთვნილ შენობაში მუდმივად ყოფნის ვალდებულება არ მაქვს, – ამბობს ია ექიმი, – ღორეშაში კი კვირაში ორი დღე ავდივარ – თბილისი-ღორეშას მიკროავტობუსს დავყვები. სარგვეშსა და ღორეშაში ექთნები მუდმივად ადგილზე არიან. ორივე ძალიან კვალიფიციური და გამოცდილია. სარგვეშიდან ბავშვები ასაცრელად ღორეშაში მოჰყავთ, რადგან აცრას სპეციალური გარემო სჭირდება, რაც სარგვეშის ამბულატორიის შენობაში არ არის. ერთი პატარა ოთახი სარგვეშის თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა რუსუდან გიორგაძემ მოგვიწესრიგა. შარშან სარგვეშში სასკოლო მზაობის ჯგუფი რომ შეიქმნა, აღსაზრდელებს პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება ჩავუტარეთ“.

ოჯახის ექიმის საქმიანობაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშას ამბულატორიის ექიმ ია პაქსაშვილს ვესაუბრეთ. ია ექიმს, ღორეშის გარდა, სარგვეშის თემის სოფლების მოსახლეობის პირველადი სამედიცინო მომსახურება ევალება.

ია პაქსაშვილმა ბორითის საშუალო სკოლა დაამთავრა. 1989 წელს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა. შემდეგ, ოჯახური პირობების გამო, გარკვეული პერიოდი რუსეთში, ბარნაულის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა. პროფესიით ექიმი თერაპევტია. 2002 წლიდან დღემდე ღორეშის ამბულატორიის ექიმად მუშაობს, 2012 წლიდან ბორითში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმია.

-ქალბატონო ია, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის პირველადი სამედიცინო მომსახურების კუთხით ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სოფლის ამბულატორიის ექიმი მათ სოფელში არ ცხოვრობს. თავად როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს, რამდენად ხელისშემშლელია ეს თქვენს საქმიანობაში?

-რა თქმა უნდა, სამედიცინო მომსახურება მოსახლეობისთვის მეტად ხელმისაწვდომი იქნება, თუ სოფლის ექიმი იმავე სოფელში იცხოვრებს და იმუშავებს. ჩემ შემთხვევაში ასე არ არის და გარკვეულ დისკომფორტს გვიქმნის, რადგან სოფლიდან სოფელში გადაადგილება რთულია.

ამბულატორიების, სოფლის ექიმისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების კვლევისას მრავალი პრობლემა გამოიკვეთა. თქვენთვის, როგორც სოფლის ამბულატორიის ექიმისთვის, მათ შორის უმთავრესი პრობლემები რომელია და რატომ?

-ძალიან ბევრი პრობლემაა. მე უმთავრესად მოსახლეობის დაბალ სამედიცინო ცნობიერებას მივიჩნევ. ისეთ სკრინინგ პროგრამებში ჩასართავად, როგორიცაა პროსტატისა და ძუძუს კიბო, ტუბერკულოზი, C ჰეპატიტი – მოსახლეობა ხან ხათრით, ხანაც ძალით მიგვყავს.

მეორე პრობლემა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაა. ჩვენ არ გვყავს ტრანსპორტი. კერძო ავტომანქანის დაქირავება რთულია, რადგან შესაბამისი დაფინანსება არ გვაქვს.

-პირველ რიგში რომელი პრობლემის მოგვარებაზე უნდა იზრუნოს ჯანდაცვის სამინისტრომ?

-ჯანდაცვის სამინისტრომ სოფლის ექიმები შესაბამისი ანაზღაურებით უნდა უზრუნველყოს.  ვიცით, რომ სამსახურში უნდა ვიაროთ ყოველდღე – დილის 9:00 საათიდან 18:00 საათამდე. 650 ლარით, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ხარჯისა და ხელფასის სახით, ძნელია „ექიმის ჩანთის“ შევსება და სოფლებში კერძო ტრანსპორტით სიარული. ეს იმდენად მცირეა, რომ ერთ სამსახურს ვერ ვჯერდებით. თითქმის ყველა ოჯახის ექიმი რამდენიმე სამსახურში ვმუშაობთ იმისთვის, რომ დამაკმაყოფილებელი სოციალური პირობები გვქონდეს. ღორეშა, სარგვეში, საბე, ხორითი, მიროწმინდა ფეხით როგორ მოვიარო?! სოფლის ექიმების ტრანსპორტით უზრუნველყოფა აუცილებელია. მნიშვნელოვანია „ექიმის ჩანთის“ მედიკამენტებით შევსება.

ყველაზე მეტად გულს ის მტკენს, რომ სიახლეებს არავინ გვაცნობს. ექიმებს ერთმანეთთან კონტაქტი გვაქვს და ვიცი, რომ ქალაქის პოლიკლინიკის ექიმებისთვის სპეციალური ტრენინგები ტარდება. ახალ მიდგომებს, წამლებს აცნობენ. ჩვენთვის ეს იშვიათობაა. სოფლის ექიმის განათლებაზე ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს?!

-თქვენთვის საჭირო ახალ ინფორმაციებს საიდან იღებთ, ვინ გაწვდით?

-ჩვენ თავად ვიძიებთ. ხშირია შემთხვევა, როცა პაციენტს მოუტანია ახალი წამალი და მე იმ წამლის ანოტაცია ინტერნეტში მომიძებნია. მედიცინა ყოველდღე ვითარდება და წინ მიდის. ზოგჯერ ტრენინგები გვიტარდება, მაგრამ ვთვლი, რომ ეს არასაკმარისია.

-სოფლის ამბულატორიის ექიმები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ორ ან რამდენიმე სამსახურში მუშაობენ. არჩევანის წინაშე რომ დაგაყენონ, სოფლის ექიმობას აირჩევდით თუ სხვა სამსახურს და რატომ?

-თუკი პრობლემები მოგვარდება და შესაბამისი ხელფასიც გვექნება, სოფლის ექიმობას რა ჯობია. ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ნამდვილად არ მომწონს სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, მუდმივად ექსტრემალურ სიტუაციებში ყოფნა. მირჩევნია, ვიყო სოფელში, სამედიცინო მომსახურება გავუწიო მოსახლეობას, რომელიც ძალიან მიყვარს და მგონია, რომ მათაც ვუყვარვარ. მათთან ურთიერთობა ყველაფერს მირჩევნია.

ყველაზე მეტად რა სახის სამედიცინო აპარატურა გჭირდებათ მუშაობის გასაუმჯობესებლად? რა უნდა გქონდეთ და არ გაქვთ?

-სოფლის ამბულატორიის დონეზე რაც შეიძლება რომ გვქონდეს, ყველაფერი გვაქვს – წნევის, სისხლში შაქრისა და სიცხის საზომი აპარატები. კარდიოგრამის აპარატები დაგვირიგეს, მაგრამ მწყობრიდან გამოვიდა – ელემენტები დაჯდა და იმ მოდელის ელემენტებს ახლა ვერსად ვშოულობთ. სასურველია, გვქონდეს ტესტები შარდის ანალიზისთვის. თანამედროვე გაიდლაინებით დიაგნოზის დასასმელად ლაბორატორიული კვლევებია ჩასატარებელი.

-კომპიუტერული მომსახურებით, ინტერნეტით სად და როგორ სარგებლობთ?

-ინტერნეტისთვის ხან რომელ ორგანიზაციას ვაკითხავ და ხან რომელს… ერთი აცრის დოკუმენტი რომ ავტვირთო, ინტერნეტის ათლარიანი პაკეტია საჭირო. 2020 წლიდან ავადმყოფების ისტორიები ელექტრონულად უნდა შევავსოთ. თუ ჩვენს მიერ ყველაფერი პორტალზე არ აიტვირთა, პაციენტს არც ერთი პროვაიდერი კლინიკა არ მოემსახურება. გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშებს ელექტრონულად ვაკეთებთ, გარდაცვალების ცნობებიც ელექტრონულად უნდა ავტვირთოთ. ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა სოფლის ყველა ექიმისთვის პრობლემაა.

-ქალბატონო ია, როგორია, თქვენი წარმოდგენით, სოფლის იდეალური საექიმო ამბულატორია და სოფლის ექიმისთვის საუკეთესო სამუშაო პირობები?

-კომფორტული გარემო აუცილებელია. 2006 წელს მსოფლიო ბანკის პროგრამით ხარაგაულში რამდენიმე ამბულატორია აშენდა. შენობაში უნდა იყოს ცენტრალური გათბობა, ჩვენ კი ზამთარში შეშის ღუმელს ვდგამთ. თუ კომფორტულად არ იგრძენი თავი, სამედიცინო მომსახურება ვერ იქნება სრულყოფილი.

რატომ უნდა ვიყო დამოკიდებული ჩემს მეუღლეზე, როდის ეცლება და როდის წამიყვანს მანქანით პაციენტთან, ან როდის იშოვის ავადმყოფი მეზობლებში მანქანას, რომ ჩემამდე მოვიდეს?! ამაში იკარგება დრო, რაც ყველაზე ძვირფასია პაციენტისთვის. ძალიან განვიცდი, პაციენტთან თუ დროულად ვერ მივდივარ. ჩემთვის ყველა მათგანი ძვირფასია. გარემო და გადაადგილების პრობლემები თუ მოგვიგვარდება, სოფლის ექიმებიც და პაციენტებიც კმაყოფილები ვიქნებით.

თქვენი შეფასებით, როგორია სოფლის ექიმის შრომის შესაბამისი ანაზღაურება; ისეთი, თქვენი დარგის სპეციალისტების მაქსიმალური დაინტერესება რომ გამოიწვიოს?

-როგორც ექიმს, ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ფინანსებს უკავშირდება. ხელფასი 2 ათას ლარზე ნაკლები მაინც არ უნდა გვქონდეს, რომ ერთგან მუშაობას დავჯერდეთ.

-ქუთაისში თვეში ორჯერ ისევ გიხდებათ ჩასვლა? ელექტრონული ხელმოწერებით რატომ ვერ სარგებლობთ, ხომ გააკეთეთ?

-შესრულებულ სამუშაოს რომ დავბეჭდავთ და ელექტრონულად  გადავაგზავნით, მერე ის ინფორმაცია დისკზე გადაგვაქვს. დისკი და ამობეჭდილი მასალა ჩაგვაქვს ქუთაისში. მეორედ შედარების აქტებზე ხელმოწერისთვის ჩავდივართ.

რაც შეეხება ელექტრონულ ხელმოწერებს, რისთვის გაგვაკეთებინეს, ვერ ვხვდები. სარგვეშში ჩემს ექთანს 100 ლარამდე დაუჯდა ელექტრონული ხელმოწერის გაკეთება. ტყუილად გადავყარეთ ამდენი ფული. თუ შეიძლებოდა, რომ ერთი აპარატით მეც მესარგებლა და ჩემს ექთნებსაც, რა საჭირო იყო, სამივეს ცალ-ცალკე დაგვემზადებინა?!

თანხის ანაზღაურების წესი ხომ არ შეიცვალა? ხელფასი და ხარჯის თანხა ისევ გაუმიჯნავია?

-მეორე თვეა, დაბეგრილი ხელფასი გვერიცხება და ჩვენ აღარ გვიწევს 20%-ის უკან დაბრუნება. რაც შეეხება ხარჯს, ჩვენ ვიძენდით მედიკამენტებს, ფორმა #100, რეცეპტებს. ახლა წამლები და ფორმა #100 მოგვცეს.

-„ექიმის ჩანთა“ პრაქტიკაში საჭირო ყველა მედიკამენტსა და სამედიცინო მასალას მოიცავს?

-როგორც უკვე გითხარით, ჩანთა შეგვივსეს, მაგრამ 1 000-1200 ბენეფიციარი რომ გყავს, უფრო მეტი რამაა საჭირო. სახელწიფოსგან მედიკამენტები „ექიმის ჩანთისთვის“ არასაკმარისად მოგვეწოდება, ამიტომ თავადაც ვყიდულობთ. პრობლემების მიუხედავად, იმედს არ ვკარგავ და პირველადი ჯანდაცვის სისტემაში სასიკეთო ცვლილებებს ველოდები.

ნინო კაპანაძე

ფოტოებზე: ღორეშის ამბულატორიის ექიმი ია პაქსაშვილი; ღორეშის საექიმო ამბულატორია

სტატია მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. სტატიის შინაარსზე სრულიად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ჩემი იმერეთი“ და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, სხვა დონორებისა და კონსორციუმის პარტნიორების შეხედულებებს.