პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართულად ფუნქციონირება დაავადებების პრევენციისა და მათ საწყის ეტაპზე გამოვლენისთვის უმნიშვნელოვანესია. რა საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ სოფლად მცხოვრებმა მოსახლეობამ ადგილზე ეფექტური სამედიცინო მომსახურება მიიღოს, რას გეგმავს ხელისუფლება სოფლის ექიმების საქმიანობის ხელშესაწყობდ, – ამ შეკითხვებით საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი ზოიძეს მივმართეთ.

-ბატონო აკაკი, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად 2019 და 2020 წლებში კონკრეტულად რა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას აპირებთ?

რამდენად და როგორ შეეხება ეს ცვლილებები სოფლის საექიმო ამბულატორიებს, სოფლად მომუშავე ოჯახის ექიმებსა და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას?

-პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ერთ-ერთი პრიორიტეტულია ხელისუფლებისათვის და მნიშვნელოვანია უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებისთვის.

2020 წლიდან დაგეგმილია საექიმო ამბულატორიების დიდი ნაწილის რეაბილიტაცია-აშენება-აღჭურვა;

2020 წელსვე იგეგმება სოფლის ექიმების ხელფასის 120 ლარით მატება, რაც შემდგომ წლებშიც უნდ გაგრძელდეს;

ქრონიკული ავადმყოფებისთვის ამბულატორიული წამლები მეტად ხელმისაწვდომი გახდება;

ჩამოთვლილი ცვლილებები სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურეობის ფიზიკურ ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს.

-პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა 2019-2020 წლებში რამდენად და როგორ უზრუნველყოფს:

  • სოფლის ექიმების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას;
  • სოფლის ექიმების შრომის ანაზღაურების გაზრდასა და ანაზღაურების სისტემის დარეგულირებას;
  • სოფლის ექიმის საქმიანობის პრესტიჟულობის გაზრდას;
  • სოფლის ექიმებისთვის უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობების უზრუნველყოფას;
  • სოფლის საექიმო ამბულატორიების ინფრასტრუქტურის განვითარებას, სამედიცინო აპარატურით აღჭურვას;
  • სოფლის საექიმო ამბულატორიების კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფასა და ინტერნეტიზაციას?
  • მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას;
  • პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას;
  • პირველადი ჯანდაცვისდა ჰოსპიტალურ დაწესებულებებს შორის უწყვეტობის უზრუნველყოფას;
  • დაავადებათა პრევენციას, მათ ადრეულ გამოვლენასა და მართვაზე ყურადღების გაზრდას.

-ეს საკითხები ნამდვილად წარმოადგენს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებს. 2019 წლის ბოლოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის თემაზე საპარლამენტო ზედამხედველობის ერთ-ერთი ახალი და ქმედითი ინსტრუმენტის – „თემატური მოსმენის“ გამოყენებას დავიწყებთ. „თემატური მოსმენის“ ფარგლებში გათვალისწინებულია წერილობითი მოსაზრებებისა და პოზიციების მოთხოვნა რამდენიმე წინასწარ განსაზღვრულ კითხვაზე, რომელიც თქვენს მიერ ჩამოთვლილ პრობლემებს შეეხება. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოთხოვნა ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს, პროფესიონალურ ასოციაციებს, საჯარო უწყებებს, შესაბამისი პროფილის არასამთავრობო და ექსპერტულ ორგანიზაციებს დაეგზავნება. მიღებული პასუხები საჯარო განხილვისთვის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. შემდეგ ეტაპზე, ამავე თემებზე,  ჩვენს კომიტეტში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით საჯარო ზეპირი მოსმენები მოეწყობა. ამ შეხვედრების შემდგომ შემუშავდება მთავრობისათვის რეკომენდაციები, რომელთაც პარლამენტის პლენარული სხდომა განიხილავს და დადგენილების სახით დაამტკიცებს.

ბატონო აკაკი, პირველადი ჯანდაცვის სისტემაში სერიოზული პრობლემაა კადრების დეფიციტი; სახეზეა ექიმებისა და ექთნების კადრების დაბერება. რა საკანონმდებლო ცვლილებებს განახორციელებთ პირველადი ჯანდაცვის რგოლში ახალი კადრების მოსაზიდად?

ხელფასების ზრდა, უკეთესი სამუშაო პირობების შექმნა, მომზადება-გადამზადების პროგრამების და უწყვეტი განათლების სისტემის გააქტიურება ხელს შეუწყობს სისტემაში ახალი კადრების მოზიდვას. უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების სავალდებულო სისტემა საკანონმდებლო დონეზე დაინერგება.

-თქვენ, როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, როგორ გესახებათ პირველადი ჯანდაცვის რგოლის საქმიანობის გაუმჯობესებაში ადგილობრივი თვითმმართველობის როლისა და ფუნქციის გაზრდა?

-პირველადი ჯანდაცვა უნდა იყოს, ძირითადად, ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რისთვისაც ეტაპობრივად უნდა მოხდეს ამ ფუნქციების დელეგირება ფისკალურ დეცენტრალიზაციასთან ერთად.

ნინო კაპანაძე

სტატია მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. სტატიის შინაარსზე სრულიად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ჩემი იმერეთი“ და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, სხვა დონორებისა და კონსორციუმის პარტნიორების შეხედულებებს.