რიკოთზე ავტობანი შენდება. მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცენტრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას მშენებლობის დაწყებამდეც ითხოვდა.
ამ მიზნით 2019 წლის ივნისში ხარაგაულის თვითმმართველობას წერილით მიმართეს.
ავტობანის მშენებლობამ ეს მოთხოვნა უფრო მეტად აქტუალური გახადა, რადგან, თუ ახლა ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი მიკროავტობუსები, მოკლე მანძილზე გადასაადგილებლად, მოსახლეობას არ უჩერებენ, ავტობანის მშენებლობის დასრულების შემდეგ შორ მანძილზე მოძრავი ტრანსპორტი იქ საერთოდ აღარ გაივლის.
მოსახლეობის მიმართვაში ვკითხულობთ:
„ძირულას ხეობის მოსახლეობას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრამდე მოსვლა გვიჭირს. ამისთვის რამდენიმე ტრანსპორტი უნდა გამოვიცვალოთ. ეს გარკვეულ დროსა და ხარჯებთანაა დაკავშირებული. მოკლე მანძილზე მგზავრობისთვის ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრანსპორტი არ გვიჩერებს, რის გამოც გადაადგილება შეუძლებელია.
გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს გარემოებები და კანონმდებლობით დადგენილი წესით დააკმაყოფილოთ ჩვენი მოთხოვნა მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის თაობაზე ხევი-ძირულა-ხარაგაულის მარშრუტზე. ამ ტრანსპორტით ისარგებლებს ძირულას ხეობის მოსახლეობა, რაც დაახლოებით 10 000 მაცხოვრებელს შეადგენს. გაგვიიოლდება ხევში სოფლის სახლამდე მისვლა“ .
წერილს თან ახლავს ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც ხევი-ძირულა-ხარაგაულის მარშრუტზე მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა ხარაგაულის თვითმმართველობას წლიურად 18 696 ლარი დაუჯდება. ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებულია ტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა (ხევიდან ხარაგაულამდე მანძილი ორივე მხარეს 94 კმ-ია, საწვავის დღიური ხარჯი – 20 ლიტრი, თვიური – 460 ლიტრი; მძლოლის ხელფასი თვიურად 500 ლარი).
საკრებულომ 28 ივნისს წერილი რეაგირებისთვის მერიას გაუგზავნა. ხარაგაულის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი პეტრე შარიქაძე ამბობს, რომ ეს საკითხი წელს ვერ მოგვარდება: „ბიუჯეტში მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნისთვის საკმარისი თანხა არ არის. წლის განმავლობაში ამ ოდენობის თანხის გამოთავისუფლება ხარაგაულის ბიუჯეტისთვის რთულია. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შედგენისას მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს მოხსენებითი ბარათით მივმართავთ და ამ პრობლემის მოსაგვარებლად თუ იქნება საშუალება, თანხას გაითვალისწინებენ“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში მოსახლეობისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისთვის 20 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. დაბა ხარაგაულის მოსახლეობის მგზავრობის თანადაფინანსებისთვის 10 ათას ლარზე გამოცხადებული ტენდერი ინდმეწარმე შოთა აბაშიძემ მოიგო. დარჩენილი 10 ათასი ლარი, ივნისში მომხდარი სტიქიის გამო, საბიუჯეტო ცვლილებით, გზების რეაბილიტაციისა და მშენებლობის მუხლში გადაიტანეს.
„ჩვენც თუ არ მოგვხედეს, მხოლოდ ხევი-ხარაგაულის მარშრუტზე მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა ნადაბურელებს ხარაგაულამდე მგზავრობას ძალიან გაგვირთულებს, – ამბობს ნადაბურის მაჟორიტარი დეპუტატი დოდო ხაჩიძე, – ნადაბურიდან ხარაგაულამდე კერძო ტრანსპორტი კვირაში ორჯერ მოძრაობს. თუმცა ხშირად, მგზავრების სიმცირის გამო, მძღოლი საწვავის ხარჯსაც ვერ ანაზღაურებს. შარშან მგზავრობა სამი ლარი ღირდა. წელს, საწვავის გაძვირების გამო, 3.50 ლარი გახდა. თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხევი-ხარაგაულის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნება, აუცილებელია, რომ ნადაბური-ხარაგაულის მარშრუტსაც გაეწიოს თანადაფინანსება. ამ ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლი, თუ მუნიციპალიტეტი თვეში 30 ლარის საწვავს გამოუყოფს, კვირაში ორჯერ ნადაბურის მოსახლეობის ხარაგაულამდე გადაყვანას შეძლებს“.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი