ხარაგულის მუნიციპალიტეტის სოფელი ნადაბური 2016 წლამდე მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობდა.

ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, იმის გამო, რომ ნადაბური ზღვის დონიდან 800 მეტრამდეა, სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მოეხსნა. ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში მაღალმთიანის სტატუსი სოფელ გოლისს მიენიჭა. გოლისში არც სკოლაა და არც ახალგაზრდა ოჯახი. ამ სოფელში, ძირითადად, მოხუცები დარჩნენ და მუდმივად რვა ოჯახი ცხოვრობს.

„ნადაბურს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ გააუქმდა, – ამბობს ნადაბურის სკოლის დირექტორი დოდო ხაჩიძე, – მასწავლებლებს სამი არასრულწლოვანი შვილის ყოლის შემთხვევაში საშემოსავლო არ ექვითებოდათ, ერთი ან ორი შვილის ყოლის შემთხვევაში მხოლოდ 10%-ს უქვითავდნენ. ეს შეღავათი ძველი პირობით დაგვრჩა, მხოლოდ წლიური სახელფასო შემოსავალი 3 ათას ლარს არ უნდა აჭარბებდეს.

ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი დაგვპირდა, რომ ნადაბურისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის დაბრუნებაზე იზრუნებდა, მაგრამ, ჯერჯერობით, შედეგი არ ჩანს.“

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 505 საჯარო სკოლასა და 9 ათას მასწავლებელზე „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება. ამჟამად ამ სკოლებში 40 ათასზე მეტი მოსწავლე სწავლობს.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილების თანახმად, მაღალმთიან რეგიონებში არსებული საჯარო სკოლები, სხვა სკოლებთან შედარებით, გაზრდილ ვაუჩერს იღებენ.