ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის ცენტრის პროექტის „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის“ ფარგლებში, 13 ოქტომბერს, კინოჩვენება გაიმართა. ნაჩვენები იყო სინდი ლუმეტის ფილმი „12 განრისხებული მამაკაცი“. პროექტს ილია ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, იურისტი და პუბლიცისტი ზაზა ბიბილაშვილი უძღვება. შეხვედრაზე მოწვეული იყო „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.

კინოჩვენებას, მკვლევარისა და მედიაფსიქოლოგის მარიამ გერსამიას მიწვევით, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ფილმის ნახვის შემდეგ დისკუსია გაიმართა.

„12 განრისხებული მამაკაცი“ ღრმა ფსიქოლოგიური ფილმია. სიუჟეტი სასამართლოს შენობაში, ჩაკეტილ ოთახში მიმდინარეობს. თორმეტი ნაფიცი მსაჯული მსჯელობს, 18 წლის ბიჭი დამნაშავეა თუ უდანაშაულო. ავტორი ამ ფილმით კარგად გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე და რამხელა ძალისხმევაა საჭირო სწორი გადაწყვეტილების გამოტანისას.

მსაჯულთა მსჯელობაზე მნიშვნელოვან გავლენას სტერეოტიპები ახდენს. ერთ-ერთი მათგანი ეჭვმიტანილს განიხილავს არა როგორც პიროვნებას, არამედ, როგორც ქუჩის დაჯგუფების წევრს და ბიჭის მისამართით ამბობს: „ის ერთ-ერთი იმათგანია! ისინი ყველა ერთნაირები, ყველა მკვლელები არიან!“

ფილმი მნახველში ბევრ სათქმელ-საფიქრალს ტოვებს. მსაჯულები, რომელთა გვარ-სახელებიც კი არ ვიცით, მსჯელობენ დანაშაულზე, რომელსაც ორი მოწმე ჰყავს. თუ ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტენ, რომ ბიჭი დამნაშავეა, ამით მას ელექტროსკამზე დასვამენ. მსაჯულთა წინააღმდეგ პირველმა დენისმა გაბედა ხმის ამოღება. ის დარწმუნებული არაა ბიჭის უდანაშაულობაში, მაგრამ არ სურს უპასუხოდ დატოვოს კითხვები, ბუნდოვან მდგომარეობაში მიიღოს გადაწყვეტილება. მსჯელობით, ნაბიჯ-ნაბიჯ თითოეული მსაჯული აზრს იცვლის. მათ შორის ყველაზე გაუტეხელს, შვილზე გაბრაზებულს, ყველა დარდი და ბრაზი 18 წლის ბიჭის დანაშაულზე გადააქვს. ბოლო წუთებში ისიც კი აღიარებს, რომ ბიჭი დამნაშავე არაა.

ჩვენს მოსწავლეებს ფილმი ძალიან მოეწონათ. თუმცა გული დაწყდათ, სასამართლოს განაჩენი რომ ვერ მოისმინეს. ყველაზე მეტად ჰენრი ფონდას პერსონაჟი და მისი უცვლელი პოზიცია მოეწონათ. მისი შეუპოვრობა და სიმართლისათვის ბრძოლა საუკეთესო მაგალითია სხვა მსაჯულებისათვის, რომელთა ხელშიც მრავალთა ბედია.

ფილმის ნახვის შემდეგ საინტერესო დისკუსია გაიმართა. ჯერ იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ გააანალიზა ფილმში ასახული სიტუაცია, შემდეგ კი კინოჩვენებისა და დისკუსიის მონაწილეებს სთხოვა, თვითონაც ესაუბრათ შთაბეჭდილებებისა და ფილმის აქტუალობის შესახებ. როგორც გიორგი მშვენიერაძემ აღნიშნა: „ფილმში აქტუალურია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის საკითხი, მოქალაქეობრივი ვალი, რომელსაც თითოეული ადამიანი უნდა გრძნობდეს. მსაჯულები ის ტიპიური მოქალაქეები არიან, რომელთაც ყოველდღე ვხვდებით, ფაქტობრივად ჩვენს თვალწინ ტრიალებენ; ადამიანები, რომლებიც მხოლოდ პირად პრობლემებზე ფიქრობენ და ტიპაჟები, რომელთაც მატჩის შედეგი უფრო ადარდებთ, ვიდრე ადამიანის ბედი. რა თქმა უნდა, მიუკერძოებელი ადამიანი ვერ იარსებებს, თუმცა ყველა უნდა ვეცადოთ, ობიექტურები ვიყოთ.

გიორგი მშვენიერაძემ პარალელი გაავლო საბჭოთა კავშირთან, სადაც ბევრი რამ ფორმალური იყო. თითოეული მოქალაქე მოვალეობებსა და უფლებებს ფორმალურად ასრულებდა. ადამიანებს სინამდვილეში არჩევანის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

პროექტის „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისათვის“ ფარგლებში გამართული კინოჩვენება და დისკუსია მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა. მათ ასეთი შეხვედრების ხშირად გამართვის სურვილი გამოხატეს.

თეა ტალახაძე

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მასწავლებელი