მისი პროფესია გობელენის შექმნა არ არის, თუმცა მისგან მოქსოვილი ფარდაგებისა თუ ხალიჩების ხილვით გამოწვეული აღფრთოვანება მნახველს დიდხანს მიჰყვება. ხელსაქმე ძალიან უყვარს და ამ საქმეს დაინტერესებულ თანასოფლელებს უანგაროდ ასწავლის. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში მცხოვრებ მარიამ ქველაძეზე მინდა გიამბოთ.

მარიამი ნადაბურში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად საცხოვრებლად 2013 წელს თურქეთის ქალაქ მანისიდან გადმოვიდა. როგორც თვითონ ამბობს, თავდაპირველად სოფელში ცხოვრება გაუჭირდა, თუმცა პატარა შვილებს ზრდიდა და ნადაბურში ყოფნას მალე შეეჩვია.

მარიამი მეცხრე კლასამდე ახალდაბაში სწავლობდა. შემდეგ სწავლა თბილისის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კოლეჯში გააგრძელა. კოლეჯის დამთავრების შემდეგ სპორტის აკადემიაში, ფიზიკური რეაბილიტაციისა და მედიცინის კურსზე ჩაირიცხა. სწავლის პროცესში ჯერ მძლეოსნობით დაინტერესდა, შემდეგ კრივის შესწავლა დაიწყო. ყველაზე მეტად მაინც რაგბმა გაიტაცა და პირველი შვიდქალა რაგბის გუნდის კაპიტანი გახდა. სპორტის აკადემიის დაშლის შემდეგ მისი ფაკულტეტი სამედიცინო უნივერსიტეტში გადაიტანეს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თავისივე გუნდის ექიმი გახდა.

მალევე მუშაობა თბილისის #180 სკოლაში სპორტის მასწავლებლად დაიწყო, შემდეგ თურქეთის კლინიკაში გადასვლა შესთავაზეს. სამი წელი კლინიკაში ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობდა. მომავალ მეუღლეს, ლაშა ხარაიშვილს, სწორედ ამ კლინიკაში დაუახლოვდა.

„სტუდენტობისას იმდენად აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი, რაიმე მშვიდი ხელსაქმე მჭირდებოდა. ჩემს პაპიდა მერი ქველაძესთან თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ისტორიის კურსებზე დავდიოდი. მოპირდაპირე ოთახში მოსწავლეების მიერ შექმნილი გობელენი, ფარდაგები და სხვადასხვა საოცრებები ვნახე. ამ საქმიანობამ იმდენად მომხიბლა, გობელენის მასწავლებელს, თინიკო გაბოძეს ვთხოვე, ხელსაქმე ჩემთვისაც ესწავლებინა.

გობელენზე მუშაობის დაწყებისას, ჯერ ვირჩევ ნახატს, რომელიც მინდა ძაფებით შევქმნა. დიდ ფორმატზე ვხატავ და ძაფებით ვქსელავ. შემდეგ გამოსახულებები გამომყავს. ძალიან სასიამოვნო პროცესია. ამ დროს ბევრ რამეზე შეიძლება იფიქრო, ან მუსიკას მოუსმინო. ხელსაქმე ადამიანზე დამამშვიდებლად მოქმედებს. ამიტომ ყველას ვურჩევ, მისთვის საინტერესო ხელსაქმით დაკავდეს. გობელენის შექმნა რამდენიმე უფროსკლასელსა და თანამშრომელს შევასწავლე, თუმცა ამის გამო სხვებმა გამაკრიტიკეს, ადამიანებს სიკეთის უანგაროდ კეთების აღარ სჯერათ“, – წუხს მარიამ ქველაძე.

2017 წელს, როცა ნადაბურში სასკოლო მზაობის ჯგუფი შეიქმნა, ტრენინგები გაიარა და დასაქმდა. შემდეგ ნადაბურის საბავშვო ბაღის გამგედ გააგრძელა მუშაობა. ხელსაქმეს არ ივიწყებს. როგორც თვითონ ამბობს, ეს საბავშვო ბაღში ზეიმების მომზადების დროს ძალიან ეხმარება. ახლა აქტიურ საქმიანობას დროებით ჩამოშორდა, მარიამი ნოემბერში მესამე შვილს ელოდება.

„პატარა რომ წამოიზრდება, შემდეგ ისევ აქტიურად გავაგრძელებ საქმიანობას, კიდევ ბევრი რამ უნდა ვისწავლო. მნიშვნელობა არ აქვს, სად ცხოვრობ. მთავარია, ფარ-ხმალი არ დაყარო, საკუთარ თავზე ბევრი იმუშაო და რაც გულით გსურს, აუცილებლად გამოვა“,- ამბობს მარიამ ქველაძე.

თამთა გოგოლაძე