27-29 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ.

სოფლებში შეხვედრები მომავალ კვირაში გაგრძელდება.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ამ შეხვედრების მიზანია, რომ ადგილზე არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ 2020 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების მიხედვით დაიგეგმოს.

როგორ აფასებს თავად მოსახლეობა ამ შეხვედრებს, რამდენად ემთხვევა ხელისუფლებისა და მოქალაქეების პრიორიტეტები, – ამ შეკითხვებით გამომცემლობა „ჩემი ხარაგაულის“ მიერ შერჩეულ აქტიურ მოქალაქეებს მივმართეთ.

მოკვლევით დავადგინეთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრების შესახებ სოფლად მცხოვრები თითქმის ყველა მოსახლე გააფრთხილა. ჩვენგან გამოკითული 12 მოქალაქიდან შეხვედრის შესახებ მხოლოდ ერთი არ იყო ინფორმირებული, სამი მათგანი შეხვედრაზე პროტესტის ნიშნად არ მივიდა, რადგან ხელისუფლების დაპირებების აღარ სჯერა.

დაპირებები? – იცოცხლე, არის!

სამასალე და საშეშე მერქანზე ხელმიუწვდომლობა, გზებისა და სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგება, გაზიფიცირება, დასაქმება, – ეს პრობლემები ბაზალეთის, საბის, სარგვეშის, ღორეშის, უბისის, ლეღვანის, დიდვაკის, საღანძილის, ვანის, სხლითის, ჩხერის, მარელისის, ვახანისა და ქვების მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს.

უბისაში მცხოვრები  ჯაბა სახვაძე წუხს, რომ ტყეში შეშის მოსაპოვებლად შესვლა უჭირთ. ის ამბობს, რომ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას უნდა მისცენ იმის უფლება, რომ ბოსელში ჭერის დასაგები მასალა მოჭრას.

„ხელისუფლებასთან შეხვედრაზე არ მივედი, – კაის არაფერს იტყვიან და იმიტომ, – ამბობს ჯაბა სახვაძე, – სოფელში რომ კაცი ცხოვრობს, იმას ახლა ზამთრისთვის შეშა არ უნდა ჰქონდეს?! ტყეკაფი სადღაც უფსკრულში მობეჭდეს და გლეხს იქამდე მისვლა უჭირს. სათქმელად აქვთ გამოყოფილი“.

„წლების წინ, სანამ სამასალე მერქანის მოპოვებას აკრძალავდნენ, ვახანში 80 ინდმეწარმე ავეჯს აწარმოებდა, – ამბობს ვეფხვია ღონღაძე, – შემოსავალიც ჰქონდათ და ადგილობრივებსაც ასაქმებდნენ. მასალას კანონიერად მოიპოვებდნენ და ტყესაც უფრთხილდებოდნენ. იმ ხალხმა ხელისუფლებისგან ხელისშეშლის მეტი ვერაფერი მიიღო. ტყეში შესვლა ტყის დაცვის მოტივით აუკრძალეს და ალტერნატიული სამუშაო არ შესთავაზეს. ამიტომ ოჯახები ლუკმაპურის საშოვნელად ქალაქში წავიდნენ. მიგრაცია შეუქცევადი გახდა. 7 კბმ მერქანს საშეშედ თუ გვაძლევენ, ის სამასალედ მოგვცენ, მაგრამ მათი მიზანია, რომ გლეხმა არ იხეიროს“, – მიაჩნია ვახანელ ვეფხვია ღონღაძეს.

ლეღვანისა და დიდვაკის მოსახლეობას ყველაზე მეტად უგზოობა და ოთხი თვის წინ სტიქიით დაზიანებული ხიდების მოუწესრიგებლობა აღელვებს.

ლეღვანში მცხოვრები დალი არევაძე ამბობს, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია როგორც ცენტრალური, ასევე სკოლასთან მისასვლელი გზები.

„ამ კვირაში ორივე მიკროავტობუსი, რომლებსაც მოსწავლეები სკოლაში მოჰყავდა, ტალახში ჩაეფლო და ტრაქტორით ძლივს ამოიყვანეს, – გვიამბობს დალი არევაძე, – ცუდ ამინდში ვერც ერთი მანქანა სკოლასთან ვეღარ მოვა. ცენტრალური გზა, 7 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ, კი იცით, რა მდგომარეობაშია. ხიდ-ბოგირები გასაკეთებელია, საუბნო გზები მოსახრეშია“.

ივნისში წყალდიდობამ დიდვაკეში მცხოვრებ ბესო ლაცაბიძეს ბაღი და ვაზი გაუნადგურა. ის ამბობს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიიდან მისულმა პირებმა ზარალი აღრიცხეს, თუმცა, მას შემდეგ მისი მდგომარეობა აღარავის მოუკითხავს. ლეღვანთან დამაკავშირებელი დროებითი გზა 28 სექტემბერს მოსულმა ნალექმა დატბორა. დიდვაკეში სამანქანო ხიდი, მეოთხე თვეა, ჩანგრეულია. ავარიულ მდგომარეობაშია ბოგირი – ერთ მხარეს საყრდენი გამოცლილია.

„დიდვაკის მრავალბინიანი კორპუსი ცუდ მდგომარეობაშია, – ამბობს ბესო ლაცაბიძე, – ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე შენობის გადახურვისთვის ზომები აიღეს, მაგრამ არაფერი კეთდება. აივანზე წვიმის დროს რომ წყალი ჩამოდის, ტაშტებს ვდგამთ. გვპირდებიან, ახლა მოვალთ, მერე მოვალთ, მაგრამ წლიდან წლამდე არაფერი იცვლება“.

ჩხერში, არევაძეების უბანში, გზის მოუწესრიგებლობა აწუხებს როზა ტაბატაძეს. მისი უბნიდან ერთი თვის წინ ნარჩენების შემკრები კონტეინერი წაიღეს და უკან აღარ დაუბრუნებიათ.

საბესა და სარგვეშში საუბნო გზები გაფუჭებულია და მანქანებს გადაადგილება უჭირს. მთიან სოფელში გლეხი ტყეში ვერ შესულა ბოსლისა და საღორის ასაშენებელი მასალის მოსაპოვებლად, დაჯარიმების შიშით ხალხს შეშაც ვეღარ მოუჭრია. საბეში მობილური სატელეფონო კავშირის დამყარებაც ჭირს, – თანასოფლელთა გასაჭირს ლიანა ყიფიანი გვიზიარებს.

ღორეშლებს იმედი გადაეწურათ და უკვე აღარ სჯერათ, რომ ოდესმე ღორეშა-სარგვეში-ბაზალეთის დამაკავშირებელი გზა მოწესრიგდება. უბნებში წყლის სისტემები გაუმართავია და გზების მოხრეშვის პრობლემაა. ღორეშელი დინარა ხაჩიძე ამბობს, რომ მისმა თანასოფლელებმა ხელისუფლებას სოფლის გაზიფიცირება მოსთხოვეს.

„ტყით სარგებლობის შემდეგ პირველი პრობლემა მოსახლეობის დასაქმებაა, – ამბობს მარელისში მცხოვრები ნაილი მაღრაძე, – სოფელი დაიცალა. ქურდაძეების, ცისკაძეების, ლეკურიანიშვილების უბნებში გზებზე მძიმე მდგომარეობაა. ამბობენ, გავაკეთებთო და ვნახოთ. დაპირებები, იცოცხლე, არის“.

„ჩვენს უბანში ყოველ ზაფხულს უწყლობა გვაწუხებს, – ამბობს საღანძილეში მცხოვრები ლუიზა კიკნაძე, – წყლის დებეტი იკლებს და აღარ გვყოფნის. წინა ხელისუფლების დროს მოტანილი წყლის მილები მიწაში ჩაყრილია, მაგრამ მაგისტრალზე ამ დრომდე არ დაუერთებიათ.

ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთვის ისაა, რომ გზის მშენებლობის გამო საშინელი მტვერია. გზა ნორმალურად არ ირწყვება. ზაფხულზე, მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, მდგომარეობა მხოლოდ დროებით გამოსწორდა“.

ვანის, სხლითისა და ქვების მოსახლეობა პირველად სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას ითხოვს. ვანში მცხოვრები მაყვალა ბარბაქაძე ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მოსახლეობამ პირველ რიგში სოფელში სამედიცინო პუნქტის გახსნისა და ექთნის დანიშვნის საკითხი დააყენა. ვანში მცხოვრები მოსახლეობა ასევე ითხოვს, რომ მობეტონებული გზის გასწვრივ არსებული სანიაღვრე არხები გაიწმინდოს; სოფლის მხარდაჭერის პროგრამით წყლის მილები სოფელს დროულად მიეწოდოს.

ქვებში მცხოვრები ლალი ჭიპაშვილი წუხს, რომ სოფელში დარჩენილი მოხუცებისთვის სამედიცინო მომსახურება ხელმიუწვდომელია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა სოფელში გამოძახებიდან 40 წუთზე ადრე ვერ ადის. ქვებიდან ვახანისა და მოლითის საექიმო ამბულატორიები შორსაა. ლალი ჭიპაშვილი ამბობს, რომ უკვე მოხუცებიც ქალაქში მიჰყავთ და ქვებში სახლები თანდათან იკეტება.

მანანა ბარბაქაძე – მერიის ინერტულობა ყელში ამოვიდა

როგორ აპირებს ხელისუფლება მოსახლეობის მიერ დაყენებული პრობლემების მოგვარებას, კონკრეტულად რა გეგმას დასახავენ, – ამ შეკითხვებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძეს მივმართეთ.

პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობას მანანა ბარბაქაძე მუნიციალიტეტს მერს, ნიკო თოფურიძეს და მერიის სამსახურებს აკისრებს.

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა 2019 წელი წყლის წლად გამოაცხადა, მაგრამ, ჯერჯერობით, ხელშესახები შედეგები არ ჩანს, – ამბობს მანანა ბარბაქაძე, – მრცხვენია მოსახლეობასთან შეხვედრის იმ სოფლებში, სადაც 2017 წელს მომხდარი სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურა ისევ მოუწესრიგებელია. ახლა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია სოფელი ლეღვანი. ვერც კი წარმომიდგენია, წვიმიან ამინდში სკოლამდე მიკროავტობუსი მოსწავლეებს როგორ მიიყვანს.

მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია, მოსახლეობის პრობლემები მოაგვაროს და ყველა სიკეთე კონკრეტულ მოქალაქეებამდე დროულად მივიდეს. ტენდერი რომ ჩავარდა, მერე მეწარმე რომ არ შემოვიდა, – ეს ხალხს არ აინტერესებს. მათ კონკრეტული შედეგი უნდა დაინახონ.

შეხვედრებზე პრობლემებს რომ ვინიშნავ, ბალიშის ქვეშ შესანახად კი არ მინდა, საკრებულოს სხდომაზე დავაყენებ და მერიისგან მათ დროულად მოგვარებას, კონრეტულ გეგმა-გრაფიკს მოვითხოვ. რად უნდა თვეობით ყურება იმას, როცა გზაზე ტრაქტორი ან გრეიდერია გასატარებელი.

ხუთი თვის წინ მაქათუბანში სტიქიამ შველიძეების მრავალშვილიანი ოჯახი დააზარალა.  საყრდენი კედელის ასაშენებლად ოჯახი სამ ტონა ცემენტს ითხოვს. მინიმუმ ერთ კვირაში იმ ოჯახს ეს პრობლემა თუ არ მოუგვარდა, ჩემი მხრიდან მერიის მიმართ სხვანაირ მიდგომებს ექნება ადგილი. მაგათი ინერტულობა ყელში ამოვიდა“, – ამბობს ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე.

ხარაგაულში 27-29 სექტემბერს მოსახლეობასთან შეხვედრებზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირები იმყოფებოდნენ.

ნინო კაპანაძე