იმისათვის, რომ თვითმმართველობამ საკუთარი უფლებამოსილებები ეფექტურად განახორციელოს და მოქალაქეებსაც ჰქონდეთ მართვის პროცესში ჩართვისა თუ ხელისუფლების საქმიანობის გაკონტროლების შესაძლებლობა, აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოქალაქეების მჭიდრო კავშირ-ურთიერთობა.ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა შესაძლებლობა უნდა გამონახოს მოსახლეობასთან ახლოს მისასვლელად, მათი სატკივარისა და მოსაზრებების გასაცნობად და გასაზიარებლად. 31 ოქტომბერს, 15 საათზე, ბორითის ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციულ შენობაში საკრებულოს მაჟორიტარი წევრის თემურ გამცემლიძის შეხვედრა იყო დაგეგმილი ბორითის თემში შემავალი რვა სოფლის მოსახლეობასთან. დეპუტატმა შეხვედრა მობოდიშებით დაიწყო იმის გამო, რომ შეხვედრას მხოლოდ 17 ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის სჭარბობდნენ საჯარო სამსახურებში დასაქმებული მოქალაქეები.
„დღევანდელი შეხვედრა რომ გრაფიკით არ ყოფილიყო განსაზღვრული, ასეთი კარგი ამინდის პირობებში არავითარ შემთხვევაში არ დავნიშნავდი. მე იმდენ სარგებელს ვერ მოვუტან ამ ხალხს ჩემი საუბრით, რამდენადაც გლეხები ცოტა წინ წაიგდებენ საქმეს – ზოგი უშეშოდაა, ზოგს წაბლის მოსავალი მოაქვს ოჯახში, რომ ორი კაპიკი იშოვოს. ეს უფრო მნიშვნელოვანია მათთვის. ამიტომ არ აქვთ ინტერესი ამ შეხვედრის მიმართ,“ – აღნიშნა შეხვედრაზე თემურ გამცემლიძემ და დამსწრეთ დაგვპირდა, რომ თემში შემავალ ყველა ძირითად სოფელში შეხვედრებს ჩაატარებს ცალ-ცალკე: გამოვაქვეყნებთ განცხადებებს და უბნების მიხედვით მოსახლეობის პრობლემებს მოვუსმენთ. უკეთესია, ადგილზე რომ მივალთ. წლის ბოლომდე ორი თვეა და გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მივიდეთ და შევხვდეთ. თუმცა, დღეს ორი კაციც რომ მოვიდეს, კანონი მავალდებულებს, შეხვედრა დავარქვა და ანგარიში წარმოგიდგინოთ.
დეპუტატმა თემურ გამცემლიძემ აღნიშნა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას ხელმძღვანელობს და დამსწრეთ გააცნო ამ კომისიის მიერ 2010 წლის აგვისტოდან 2011 წლის ოქტომბრამდე წარმართული მუშაობა. აღნიშნა, რომ ამ კომისიამ საანგარიშო პერიოდში ჩაატარა 15 სხდომა და განიხილა 26 საკითხი; მათ შორის: შენობა-ნაგებობათა ფასადების მოწესრიგებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტებში სანიტარულ-ჰიგიენული ნორმების დაცვის მდგომარეობა დ. ხარაგაულში;
დ. ხარაგაულის, მოლითისა და ბორითის ტერიტორიულ ერთეულებში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ განხორციელებული მშენებლობის და შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის კანონიერების მდგომარეობა;
ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დასუფთავების, წყალმომარაგების, საუბნო-საავტომობილო გზების, სასაფლაოების მოვლა-პატრონობის, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამგზავრო ტრანსპორტით უზრუნველყოფის, ტრანსპორტის პარკირების, გარევაჭრობისა და ბაზრობების რეგულირების, სოფლის მხარდამჭერი პროგრამით შეძენილი და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტექნიკის გამოყენებისა და მოვლა-პატრონობის მდგომარეობის შესახებ საკითხები;
დ. ხარაგაულში დასუფთავებისა და წყალმომარაგებაში არსებული მდგომარეობა და ვითარების გაუმჯობესების გზები.
„შეიძლება ითქვას, რომ დასუფთავებისა და წყალმომარაგების მიმართულებით გარკვეული დადებითი ნაბიჯები ადგილობრივმა თვითმმართველობამ გადადგა, განსაკუთრებით ეს ეხება დასუფთავების სამსახურის საქმიანობას. მაგალითად, დასუფთავების მანქანა ბორითიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს სისტემატურად ეზიდება. თუმცა, პრობლემები მაინც რჩება, – აღნიშნა თემურ გამცემლიძემ შეხვედრაზე, – უფრო რთული მდგომარეობაა წყალმომარაგებაში. დ. ხარაგაულში ეს საკითხი დღესაც მოუგვარებელია. ეს არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის კომპენტენცია, მაგრამ თვითმმართველობა ჩაერთო ამ პროცესში და იმედია, რომ მდგომარეობა შეიცვლება.
ბორითის ტერიტორიული ერთეულის წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტასთან დაკავშირებით თემურ გამცემლიძემ აღნიშნა, რომ სოფლის მხარდამჭერი პროგრამით ბორითის ტერიტორიული ერთეულის რვა სოფელზე წელს გამოიყო 68 454 ლარი. მისი თქმით უკვე მესამე წელია, რაც ეს პროექტი მუშაობს და მოსახლეობამ ბევრი სასიკეთო საქმის მოგვარება შეძლო. თემის რვავე სოფელში თითქმის გადაწყვეტილია მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა, თუ არ ჩავთვლით ძალზე მცირე რაოდენობას მოსახლეობისა, რომლებიც მომავალ წელს აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდნენ. თითქმის ყველა სოფელში გამოიყო სახსრები საუბნო გზების შესაკეთებლად და სამუშაოებიც ჩატარდა.
თემურ გამცემლიძის ინფორმაციით, სოფელ საქასრიაში მიმდინარეობს სარიტუალო სახლის მშენებლობა. იქაური მოსახლეობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ აჩვენეს შრომითი გმირობის მაგალითი. ამჯერად მიმდინარეობს ბორითის სარიტუალო სახლის კეთილმოწყობითი სამუშაოები. თითქმის ერთ კილომეტრზე მეტ მანძილზე განათდა სოფლის ცენტრი.
მიმდინარეობს მუშაობა ბორითის საბავშვო ბაღის შენობის მუნიციპალურ საკუთრებაში გადმოსაცემად. როგორც თემურ გამცემლიძე აღნიშნავს, უახლოეს მომავალში შენობა მუნიციპალიტეტს გადმოეცემა და მომავალ წელს რემონტი აუცილებლად ჩატარდება. ბორითის საბავშვო ბაღის შენობაში უნდა მოწესრიგდეს საკმარისი ფართი, რათა შეიქმნას შესაძლებლობა ორი ჯგუფის ფუნქციონირებისათვის.
სოფელ ნაფარცხევის ახალი დასახლების მოსახლეობა და სოფელ მაქათუბანში მდინარე ძირულას მარჯვენა მხარეს მცხოვრებნი ითხოვენ სამანქანე ხიდებს. „დავპირდით, რომ ამ საკითხს მოვაგვარებდით აუცილებლად, – ამბობს თემურ გამცემლიძე, – ამ პრობლემის მოგვარებას აფერხებს ცენტრალური საავტომობილო გზის ზესტაფონი-ხაშურის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა. ველოდებით ამ პროექტის განხორციელებას. გვეუბნებოდნენ, რომ აგვისტოში უნდა გაკეთებულიყო. ავტობანის მშენებლობისთანავე მოვუგვარებთ ამ პრობლემას ორივე უბანს, თუ კიდევ იქნება საჭიროება იქ ხიდების აშენების. შესაძლოა, ავტობანის მშენებლობის შემდეგ ამის საჭიროება აღარ იყოს. ხარჯების ტყუილად ვერ გავწევთ. ამიტომ ვიკავებთ თავს ჯერჯერობით.“
შეხვედრაზე დეპუტატმა თემურ გამცემლიძემ გაიხსენა უბისასა და მაქათუბის მოსახლეობისათვის მიცემული პირობა მდინარე ძირულაზე ნაპირდამცავი სამუშაოების ჩატარებაზე. უბისაში კვაჭაშვილების უბანში სამანქანო გზა დააზიანა მდინარე ძირულამ და აუცილებელია მისი გამაგრება. მაქათუბანში სპორტულ მოედანთან საჭიროა გაბიონების განახლება. დაპირების თანახმად ორივე ნაპირდამცავი სამუშაო შარშან უნდა განხორციელებულიყო. თემურ გამცემლიძის თქმით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ სამინისტროში მიაღწევს ამ ორი სოფლის მოსახლეობის ზემოთაღნიშნული პრობლემების მოგვარებას.
„პირადად ვიღებ ჩემს თავზე, რომ როგორმე მოვახერხოთ ბორითში ბიბლიოთეკარის საშტატო ერთეულის აღდგენა, – ამბობს თემურ გამცემლიძე, – ბორითის თემში შემავალ სოფლებში ხუთი ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა. გვაქვს შესანიშნავი ბინა და წიგნადი ფონდი. ბორითში ერთი ბიბლიოთეკა მაინც უნდა ფუნქციონირებდეს.
თემის მოსახლეობა შეფერხებით იღებს სატელევიზიო სიგნალს. ყველას არ აქვს შესაძლებლობა, რომ თეფშები შეიძინოს და დადგას. გამგებელი თორნიკე ავალიშვილი დაგვპირდა, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიასთან თანამშრომლობით წელსვე დაგვეხმარება კოზმანის მთაზე აპარატურის განახლებაში. განახლდება სამი არხი თუ არა, ორი მაინც, ყველა შემთხვევაში და მოსახლეობა შეუფერხებლად მიიღებს სატელევიზო გადაცემებს.
ბორითში საჭიროა დაჩქარდეს ელექტროენერგიის მომხმარებელთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება, რაც ელენერგიის მიწოდებაში არსებულ პრობლემებს მოხსნის. ეს საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია არ არის, მაგრამ რადგან მოსახლეობას აწუხებს, ბუნებრივია, ჩვენც ვართ დაინტერესებული პრობლემის დროულად მოგვარებით.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველაზე მეტად მოძველებული ქსელი ხევსა და ბორითშია. ამის გამო ხშირია დაზიანებები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ თხოვნით მიმართა „ენერგო-პრო ჯორჯიას,“ რომ წელს დაწყებულიყო ბორითში ინდივიდუალური გამრიცხველიანება. „ენერგო-პრო ჯორჯია“ დამოუკიდებელი კომპანიაა და თავად იღებს გადაწყვეტილებებს. გვაქვს ინფორმაცია, რომ 2012 წლის მეორე კვარტალში იგეგმება ბორითში ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
თემურ გამცემლიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მოსახლეობის იმ ნაწილის სოციალური დაცვისათვის, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის დაცვის პოლისები და ვერ სარგებლობს უფასო სამედიცინო მომსახურებით, მუნიციპალიტეტის გამგეობას ბიუჯეტში გათვალისწინებული აქვს თანხა. ეს თანხა გაიცემა ოპერაციებისთვის და მედიკამენტების შესაძენად.
შეხვედრაზე ბორითელი ბადრი ბარბაქაძე ჰიბრიდული სიმინდის თესლის ღირებულების გადახდის საკითხით დაინტერესდა. რამდენიმე ხნის წინ პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ გლეხები, რომლებიც დაზარალდნენ და ვერ მიიღეს ჰიბრიდული სიმინდის მოსავალი, სახელმწიფო მისცემს კომპენსაციას. „ჩემი ვარაუდით, კომპენსაცია იქნება ის, რომ თესლის ხარჯებს, ალბათ, არ გადაახდევინებენ დაზარალებულ გლეხებს. ამაზე მეტი ინფორმაცია არც ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს, – განმარტა თემურ გამცემლიძემ და აღნიშნა, რომ საკუთარ მეურნეობაში ყველაფერი გააკეთა ამერიკული ჰიბრიდული მოსავლის უხვი მოსავლის მისაღებად, – ყველა რჩევა გავითვალისწინე და მოსავალი მივიღე მეტი, ვიდრე ვღებულობდი ადგილობრივი ჯიშისგან, თუმცა ვერ მივიღე ის, რასაც გვპირდებოდნენ. ამერიკულ ჰიბრიდულ სიმინდს 14 ლარიანი თესლის მოსავალი არ მოუცია. 2 ლარი ღირდა აჯამეთის სიმინდის თესლი. ბევრით არა, მხოლოდ 20 პროცენტით ჩამორჩა აჯამეთის თესლისგან მიღებული მოსავალი ამერიკული ჰიბრიდული ჯიშის თესლისგან მიღებულს. 20-30 პროცენტით მოსავლის მატება 14 ლარად არ ღირს.

ბადრი ბარბაქაძე სიმიდის გასაყიდი ფასითაც დაინტერესდა.
„ეგეც ბუნდოვანია, -აღნიშნა თემურ გამცემლიძემ შეხვედრაზე, – იყო საუბარი, რომ ერთი კილოგრამი სიმინდი ერთი ლარის ფარგლებში გაიყიდებოდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მოიყვანა ამერიკული ჰიბრიდული სიმინდი საკმაოდ დიდი რაოდენობით 5-6 ჰექტარზე ეთესა. გააშრეო, უთხრეს და ერთ ლარამდე აგაღებინებთ კილოგრამშიო.
სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ბაკურ კვეზერელი გვპირდებოდა, რომ გასაღების პრობლემა არ იქნებოდა, მხოლოდ სიმინდი უნდა გამოშრეს. ჩვენ ახლა არც საშრობი გვაქვს. ოჯახურ პირობებში უნდა გავაშროთ.
იმ საშრობებში რომ მივიტანოთ, რომელიც აბაშის რაიონშია, ერთი – აღმოსავლეთ საქართველოში და ერთიც, მგონი – ზესტაფონში, ზუსტად ვერ გეტყვით, – იქ თესლის ყოველდღიური შენახვა გარკვეული თანხა ღირს. ალბათ იზარალებს ამით მოსახლეობა და არ იქნება ხელსაყრელი. ამდენი გადატანა-გადმოტანის ფასი სიმინდი სულ არ არის.“
დეპუტატთან შეხვედრაზე ვაშლეველმა ქალბატონმა მერი ბარბაქაძემ საკუთარ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრა. ქალბატონ მერის სახლი დაენგრა და დახმარება სჭირდება. არც სოციალური დახმარება აქვს. „კი მომდის პენსია 107 ლარი, მაგრამ ახლახან 70 ლარი წამლებში დამჭირდა. მთელი ცხოვრება ისე ერთგულად ვიმუშავე, მედლითაც კი დამაჯილდოვეს. ძველებურად შრომა რომ შემეძლოს, ჩემი ყანები რომ დამათოხნინა, დახმარება რად მინდა?!“
ბორითის რწმუნებულმა ჯონი ხაჩიძემ შეხვედრაზე დაადასტურა, რომ „ქალბატონი მერი ორი წელია, სამასალე ხე-ტყის მიღებას ითხოვს. ვუშუამდგომლე გამგებელთან.“ თემურ გამცემლიძე მერი ბარბაქაძეს დაჰპირდა, რომ მის სატკივარს აუცილებლად მიიტანს გულთან და ყურადღებას მიაქცევს. მასვე შეპირდნენ სამომავლოდ წყლის მილებს სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად.
„მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აპირებს მოსახლეობასთან შეხვედრას სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაზე მაშინაც შეიძლება ვისაუბროთ,“ – განაცხადა შეხვედრის დასასრულს დეპუტატმა თემურ გამცემლიძემ.

P.შ. „…რაღაც-რაღაცები, წინ გადადგმული ნაბიჯები ამ ხეობასა და ჩვენს სოფელში იგრძნობა. ავიღოთ თუნდაც, გარე ვაჭრობის ნაწილობრივი მოწესრიგება, სტიქიურად რომ იყო ადრე…“ – ბრძანა შეხვედრაზე თემურ გამცემლიძემ. რა კარგი იქნებოდა, დეპუტატის სიტყვები მოესმინა და საკუთარი აზრიც გამოეთქვა ერთ საქასრიელ ქალბატონს, რომელსაც ამასწინათ გაზეთ `ჩემი ხარაგაულის“ გამოწერა შევთავაზე.

„რატომ ჰქვია ამ გაზეთს „ჩემი ხარაგაული,“ – აღშფოთებულმა მომმართა საქასრიელმა ქალბატონმა, რომელსაც, რატომღაც, ხელისუფლების წარმომადგენელი ვეგონე, – არ არის ხარაგაული „ჩემი“! საცოდავად ვშოულობდით ტრასაზე ვაჭრობით ორ კაპიკს. აგვინგრიეს ყველაფერი და დაგვტოვეს მშრალზე.

„საპენსიო ასაკის ჯერ არც მე ვარ და არც ჩემი მეუღლე, – გვითხრა უბისელმა თემურ სებისკვერაძემ ამ სამიოდე კვირის წინ. ოთხი სული ვართ ოჯახში. ერთი ძროხა კი მყავს, მაგრამ 12 თვე სულ ხომ არ იწველება ძროხა?! ძალიან უჭირს ხალხს. რით ვარჩინო ოჯახი? დენის ფული როგორ გადავიხადო? ეს ერთი მანქანა მყავს და ამით იარსებებ უბისაში? ხალხი სოკოს ჰყიდდა ტრასაზე და სოკო გადააყრევინეს, არ გააჩერეს. სკამებს ვყიდდი. დაგვინგრიეს. მაქათუბანში გასაყიდად როგორ ვიაროთ? რასაც ვიშოვით, ყარაულს არ ეყოფა ქირად.“

ბორითის ტერიტორიული ერთეულის რვა სოფლის მოსახლეობას რეალურად გაცილებით მეტი პრობლემა და სატკივარი აქვს, ვიდრე 31 ოქტომბრის შეხვედრაზე მოვისმინეთ.

ლაურა გოგოლაძე