ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს ჯანსაღი კვება წარმოადგენს. ჯანსაღი კვებისთვის აუცილებელია ჯანსაღი პროდუქტი, მისი სწორად მომზადება და წლის სეზონის გათვალისწინება. მაღალი ტემპერატურის პირობებში ადამიანის ორგანიზმი იცვლება ორი მიმართულებით: მცირდება ძილის ხანგრძლივობა და იზრდება ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური რეაქციები.

მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ ტემპერატურის 10 გრადუსით მომატებისას საჭიროა მისაღები კალორიების 5-10%-ით შემცირება, ე.ი. არა მარტო საკვების რაოდენობრივად შეზღუდვა, არამედ ნაკლებკალორიული პროდუქტების მიღება. საჭიროა რაციონიდან ამოღებულ იქნეს: ცხიმიანი ხორცი, ტორტები, ბლინები, მაიონეზით გაზავებული საკვები. სასურველია ხილის, ბოსტნეულის და რძის პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება, თუმცა ცხიმის საერთოდ ამოღება რაციონიდან საჭირო არაა.

ზაფხულის პერიოდში სწორი კვების საშუალებით ბევრად ადვილი ხდება ჭარბ კილოგრამებთან გამოთხოვება. ახალი ხილის და ბოსტნეულის ფართო არჩევანია – ეს კი ის პროდუქტებია, რომლებიც ორგანიზმს ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით ამარაგებს.

ზაფხულში ოფლთან ერთად ხდება ორგანიზმიდან  სასიცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინებისა და მიკროელემენტების კარგვა, რომელთა შორისაც განსაკუთრებით უხვადაა წყალში ადვილად ხსნადი ვიტამინები (С, B1, В2, B6 და РР). დიეტოლოგების აზრით, ცხელ სეზონზე გამოყოფილი ოფლის შედეგად დაკარგული ვიტამინები და მიკროელემენტები შეგვიძლია შევავსოთ სეზონური ხილით, ბოსტნეულით, ახლადგამოწურული წვენებით, ბალახის ჩაითა და ბურახით.

ზაფხულში სწორი კვების მთავარი წესია, მიირთვათ ის ახალი, ცოცხალი საკვები, რომელიც ჩვენი რეგიონისთვისაა დამახასიათებელი. ხილისა და ბოსტნეულის მიღებისას საჭიროა ზომიერების დაცვა, ლეღვი, ყურძენი და ნესვი ძალიან მაღალკალორიულია და მთელი დღის განმავლობაში მათი დიდი რაოდენობით მირთმევა არ არის საჭირო.

რაც შეეხება საზამთროს, ის დაბალკალორიული პროდუქტია, მისი შემცველობის 70% დაახლოებით წყალია, თუმცა მისი მიღების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ არ გვქონდეს თირკმლის რომელიმე დაავადება.

ზაფხულის პერიოდში ხილიდან განსაკუთრებით სასარგებლოა გარგარი, ბალი, ალუბალი, შავი ქლიავი, ატამი, ვაშლი. კენკროვანი ხილიდან უპირატესობა ენიჭება შავ მოცხარს, რომელიც არ კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს გაყინული სახითაც. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ С-ს, ასევე მდიდარია ვიტამინ Р-ით, რომელიც საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ათეროსკლეროზის პრევენციისათვის. მხედველობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა მოცვი, ასევე სეზონური ხილიდან აღსანიშნავია მაყვალი და მარწყვი, რომლებიც ცხელი ტემეპერატურის პირობებში, მიკროელემენტებისა და ვიტამინების უნიკალურ წყაროს წარმოადგენენ. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ მათი ალერგიული მოქმედებაც.

ზაფხულში სიცხის პირობებში წყლის დეფიციტი ვითარდება. ერთ-ერთი ხშირად მოხმარებადი პროდუქტებია კიტრი და პომიდორი. კიტრის მიღებით ორგანიზმის განწმენდა ხდება, ბევრი ტოქსინი და შლაკი გამოიდევნება. პომიდორიც დაბალკალორიულია, მაგრამ მეტ-ნაკლებად კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და ნაღვლის ბუშტს აღიზიანებს.

ამიტომ მხოლოდ პომიდვრის გამოყენება მთელი დღის განმავლობაში, დისკომფორტს გამოიწვევს. სამაგიეროდ შეუზღუდავად შეგიძლიათ რძის ნაწარმის (რძე, ყველი, ხაჭო, მაწონი) მიღება. აღნიშნული პროდუქტები აგრილებენ და ხელს უწყობენ სითხის დაგროვებას, რაც ორგანიზმს დეჰიდრატაციისგან – გამოშრობისგან იცავს.

საკვები სასურველია იყოს თბილი და მსუბუქი. კარგია ბრინჯის, ხორბლის, შვრიისა და წიწიბურას ფაფები – გარდა იმისა, რომ სასარგებლო ვიტამინებს შეიცავს, ორგანიზმს ენერგიითაც ავსებს.

რაც შეეხება სითხის რაოდენობის გაზრდას, ზაფხულის ცხელ დღეებში ორგანიზმის მოთხოვნილება სითხეზე მკვეთრად იზრდება. ასეთ დროს უკეთესია წყლის თითო ჯერზე მცირე რაოდენობით მიღება, რადგან ბევრ წყალს ორგანიზმი ვერ ითვისებს და სიმძიმედ აწვება თირკმელებს. წყლის მინიმალური რაოდენობა ადამიანისთვის, რომელიც 50 კგ-ს იწონის, ფიზიკური დატვირთვის გარეშე სულ მცირე 2,5 ლიტრს უნდა შეადგენდეს. მაქსიმალური რაოდენობის ცნება არ არსებობს, რადგან ყველაფერი ადამიანის წონაზე, ჰაერის ტემპერატურასა და მის საქმიანობაზეა დამოკიდებული.

სიცხეს ორგანიზმი გამოყოფილი ოფლით ებრძვის, რომელიც ორთქლდება და კანს აგრილებს. ადამიანის სუნთქვა ხშირდება, ეს კი კიდევ უფრო აძლიერებს ორგანიზმში წყლის აორთქლებას. გამომდინარე აქედან, ზაფხულში ადამიანის ორგანიზმი სულ მცირე 3 ლიტრ წყალს გამოჰყოფს, რაც არღვევს ბალანსს და წყლის დონეც დაშვებულ ნორმაზე ქვევით ეცემა. სითხის ქრონიკული სიმცირის დროს ადამიანს შეშუპება უჩნდება და წონაშიც მატულობს.

დიეტოლოგების განცხადებით, სითხის სიმცირე არღვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და სწორედ ეს იწვევს ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას. ზედმეტი წონას კი, ყოველთვის თან ახლავს შეშუპება. იმ შემთხვევაში კი, თუ ადამიანი ცოტა წყალს ღებულობს, შეშუპება ქრონიკულ სახეს ღებულობს.  რეკომენდებული არ არის ტკბილი სასმელის და ალკოჰოლის მიღებაც, რადგან ისინი კანის გაუწყლოებას იწვევენ.

არ არის რეკომენდებული კოფეინის შემცველი სითხის დიდი რაოდენობით მიღება. ამგვარი მეთოდით დახარჯული სითხის კომპენსირება აბსოლუტურად უშედეგოა.

ყინულიანი წყლის დალევა ტემპერატურის მკვეთრ დაცემას იწვევს, რაც თავის მხრივ სისხლძარღვების შევიწროვების მიზეზი ხდება და სისხლის მიწოდება ირღვევა. თბილ ამინდში ცხელი წყლის დალევა კი, პირიქით სასარგებლოა, რადგან პირის ღრუს თერმორეცეპტორები ორგანიზმს გაგრილების სიგნალს აძლევენ, ის კი, თავის მხრივ „დამცავ სისტემას“ რთავს და ადამიანს გადახურებისგან იცავს.

ზაფხულის დღეების სასიამოვნოდ გატარებას გისურვებთ.

თათია ბლუაშვილი
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი

მაკა გელაშვილი
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსის თანაშემწე