საქართველოს მთავრობამ, პარტნიორებთან ერთად, 2019-2023 წლებისთვის მთის განვითარების ახალი სტრატეგია შეიმუშავა.

„ეს არის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც ახალ დონეზე აიყვანს მთის განვითარებას საქართველოში, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, – ამ ხედვის მისაღწევად აუცილებელია მაღალმთიანი რეგიონებში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სამეწარმეო საქმიანობის განვითარება, დასახლებებში მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა, კიდევ უფრო მასშტაბური პროექტებით. ჯანდაცვის და სხვა ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება, ინოვაციური სისტემების დანერგვა, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და სხვ.

ეს გახლავთ გაცხადებული მიზნები, თითოეული ამ მიზნის უკან არის სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს გაზრდილ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, კერძოდ, კერძოდ, სასწრაფო დახმარების შენობების, ამბულატორიების, საბავშვო ბაღების, სკოლების, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა, ინტერნეტიზაცია და სხვა“.

პრემიერის თქმით, 5 წლის წინ ხელისუფლებამ საქართველოს მთის განვითარება პრიორიტეტად დაისახა და მიიღო კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“.

„შეიქმნა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი, რომლის ბიუჯეტმა 2016-2019 წლებში 86 მილიონი ლარი შეადგინა. ეს თანხა 4 წლის განმავლობაში მოხმარდა ინფრასტრუქტურული, სოფლის მეურნეობის და სხვადასხვა სოციალური პროექტების დაფინანსებას. კანონის ამოქმედებიდან დღემდე სოციალური პროგრამების ფარგლებში, გაიცა დაახლოებით 185 მილიონი ლარი. აქედან, შვილის დაბადებისას ფულადი დახმარების სახით 15 ათასამდე ბენეფიციარზე გაიცა 23 მილიონ ლარზე მეტი, საპენსიო დანამატები გაიცა 82 მილიონი ლარის ოდენობით. სოციალური პაკეტზე დანამატის სახით გაიცა 11 მილიონ ლარამდე, სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის სახით გაიცა 12 მილიონ ლარზე მეტი, ელექტრო ენერგია დაახლოებით 20 მილიონი ლარით აუნაზღაურდა 90 ათასამდე ბენეფიციარს, მასწავლებლებზე და მწვრთნელებზე დანამატის სახით გაიცა 34 მილიონ ლარი. კანონით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით ისარგებლა 300-ზე მეტმა საწარმომ და 20,000-ზე მეტმა ფიზიკურმა პირმა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს იყო პირველი ნაბიჯი და შემდგომი ეტაპისთვის მთავრობამ  პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა მთის განვითარების ახალი სტრატეგია 2019-2023 წლებისთვის, რომელიც კიდევ უფრო ამბიციურია.

სტრატეგიის შექმნაში აქტიური როლი ითამაშა გაეროს განვითარების პროგრამამ  (UNDP).

„დღეს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1,700-ზე მეტ დასახლებას და თითქმის 250 000 პირი სარგებლობს მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მთის განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელების შემდეგ 300 ათასზე მეტი მთის მცხოვრებისთვის შეიცვლება რეალობა უკეთესობისკენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი ყველას კარგ შედეგებს მოგვიტანს და  ჩვენ ყველა ერთად შევაფასებთ ერთად გაწეულ სამუშაოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

წყარო