ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 21 ივნისს, საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცა.

ცვლილების თანახმად, 7 და 13 ივნისს ხარაგაულში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დასაანგარიშებლად საექსპერტო მომსახურებისთვის 4 900 ლარია საჭირო, ხოლო სტიქიით დაზიანებული გზების საპროექტო სამუშაოების შესასყიდად – 120 ათასი ლარი.

მერიის გადაწყვეტილებით, 4 900 ლარი ბიუჯეტის ნაშთიდან გამოიყოფა.

საპროექტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად 40 ათასი ლარი მრავალბინიანი სახლების სარეაბილიტაციოდ განკუთვნილ თანხას მოაკლდება, 10 ათასი ლარი – მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის თანადაფინანსებას, 25 ათასი ლარი ბიუჯეტის ნაშთიდან გამოიყოფა, ხოლო 45 ათასი ლარი ბიუჯეტში სანებართვო მოსაკრებლიდან შესული თანხაა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მერიის მიერ შეთავაზებული საბიუჯეტო ცვლილების პროექტი საკრებულოს წევრებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან, მათი თქმით,

  • მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტის სწორედ იმ მუხლებს მოაკლო თანხა, რომლებიც საკრებულოს მოთხოვნით გაიზარდა (საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის თანადაფინანსება, მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაცია), მოსახლეობა კი სოფლებში საზოგადობრივი ტრანსპორტით მომსახურებაზე შეღავათებს ითხოვს, მრავალბიანიანი კორპუსები კი სავალალო მდგომარეობაშია;
  • სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა მერიის სამსახურებსაც შეუძლიათ, მითუმეტეს, რომ მერიაში სპეციალური შტაბია შექმნილი და ამიტომ საექსპერტო მომსახურებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღარ უნდა გაიხარჯოს.

სტიქიიდან ორი კვირა გავიდა. დეპუტატების ინფორმაციით კი სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, ფაქტობრივად, მნიშვნელოვანი არაფერი გაკეთებულა, – დაზარალებულ სოფლებში, განსაკუთრებით ლეღვანში, მოსახლეობას გზის უქონლობა აწუხებს.

დეპუტატი მალხაზ ფხალაძე ამბობს, რომ ბიუჯეტის დამტკიცებისას მხარი დაუჭირა მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაციისთვის თანხის გაზრდას, ექვსი თვის შემდეგ კი მხარი ამ თანხის სხვა მუხლში გადატანას უნდა დაუჭიროს. ის ამბობს, რომ „საკუთარ გადაწყვეტილებას შინაგანად არ ეთანხმება, მაგრამ იძულებულია, მერიის წინადადებას დაეთანხმოს“.

სხდომაზე მყოფმა დეპუტატებმა საბიუჯეტო ცვლილებას მხარი დაუჭირეს. კენჭისყრაში მონაწილეობისგან ორმა დეპუტატმა – თემურ ფცქიალაძემ და დავით მაღლაფერიძემ თავი შეიკავეს.