საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2019“ 20 ივნისს ქუთაისის მესხიშვილის თეატრში საზეიმოდ დაიხურა.
ფესტივალი წელს მეათედ ჩატარდა და მასში იმერეთის მხარის 12 მუნიციპალურ თეატრთან ერთად სომხეთის, რუმინეთისა და აზერბაიჯანის თეატრები მონაწილეობდნენ. ჟიურის გადაწყვეტილებით, წელს ჯილდოები ათ ნომინაციაში გაიცა.
ფესტივალის ჟიურის შემადგნელობაში იყვნენ თეატრმცოდნეები ბაია კოღუაშვილი, ნერონ აბულაძე, ლაშა ჩხარტიშვილი და ლელა ოჩიაური.
ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლად ვანის სახალხო თეატრის სპექტაკლი „ემიგრანტები“ (რეჟისორი ლაშა ლომჯარია) დასახელდა.
საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში გაიმარჯვა ხარაგაულის თეატრის რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ. ამავე ნომინაციაში გამარჯვებულია საჩხერის თეატრის რეჟისორი გიორგი მეტონიძე.
ჟიურის სპეციალური პრიზი ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობ ინგა კაკიაშვილს ჰეკაბეს როლის შესრულებისთვის გადაეცა.
მამაკაცის როლის საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებლად ტყიბულის სახალხო თეატრის მსახიობები თორნიკე ბარამიძე და გიორგი ყურავა დასახელდნენ;
ქალის როლის საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებლად – ბაღდათის თეატრის მსახიობი – ლელა ჭრელაშვილი.
ნომინაციაში – მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულება – ვანისა და ხონის სახალხო თეატრების მსახიობებმა – ამირან შარაშენიძემ და დემურ საღარეიშვილმა გაიმარჯვეს;
ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის სამტრედიის თეატრის მსახიობმა – ლოლიტა ჯორჯიკიამ.
საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის პრიზი საჩხერისა და ბაღდათის თეატრების მუსიკალურმა გამფორმებლებმა – ლიკა დარბაიძემ და გიგა მიქაძემ დაიმსახურეს.
საუკეთესო სცენოგრაფიისთვის წყალტუბოსა და თერჯოლის სახალხო თეატრის მხატვრები მამუკა ტყეშელაშვილი და თემურ აბულაძე დაჯილდოვდნენ.
ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლმა – „ხორუმი ქართული ცეკვაა“ კიდევ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა – ქალისა და მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ხარაგაულის თეატრის მსახიობები ლია ჭიპაშვილი და როლანდი ხიჯაკაძე დასახელდნენ.
„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ ამ აღიარებით, – აღნიშნა ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ ფესტივალის დახურვაზე, – ხარაგაულის საუკუნოვანი თეატრის სამი თაობა მონაწილეობდა სპექტაკლში „ხორუმი ქართული ცეკვაა.“ დიდი მადლობა დასის თითოეულ წევრს და ჩვენი თეატრის ყველა გულშემატკივარს.“
ფესტივალის დახურვის წუთებში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა თეატრმცოდნე, ღონისძიების წამყვანი ნიკა წულუკიძე.
„თეატრს საქართველოში ყოველთვის ჰქონდა თავისი განსაკუთრებული მისია, – აღნიშნა მან, – როდესაც საუკუნის წინ ითამაშეს სპექტაკლი „სამშობლო“, ჩვენი ქვეყანა მაშინაც რუსეთს ებრძოდა. სპექტაკლის დასასრულს საქართველოს დროშები გადმოფინეს და ამით მსახიობებმა საკუთარი ქვეყნისადმი დამოკიდებულება გამოხატეს. მათ თეატრის ენითა და ძალით მოითხოვეს საქართველოს დამოუკიდებლობას.
ქართული თეატრი ყოველთვის უნდა ქადაგებდეს საქართველოს სახელწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას და უნდა ეუბნებოდეს ახალგაზრდებს, რომ არავის მონა არ ვიქნებით. დიდი ძალაა ქართული თეატრი და ყოველთვის უნდა ეცადოთ, რომ სცენიდან მნიშვნელოვანი სათქმელი თქვათ.“
იმერეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიურ ნაციონალურ დრამატულ თეატრსა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრს შორის. მემორანდუმის ფარგლებში თეატრები შეძლებენ წელიწადში ერთხელ გაცვლითი გასტროლების მოწყობას, რეჟისორების გაცვლას და საერთო შემოქმედებითი პროექტების შემუშავებას.
„თეატრალური იმერეთი“ თეატრალური საზოგადოების, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქუთაისის მერიისა და იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ტარდება.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი