პირველი ივნისიდან მუნიციპალიტეტებში მოქმედი სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს დაექვემდებარა.
აგროდაზღვევა, „დანერგე მომავალი“, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის თანადაფინანსება, შეღავათიანი აგროკრედიტი, „აწარმოე საქართველოში“ – ამ პროგრამებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. როგორ უნდა ჩაერთოს მასში მოსახლეობა – ამ და სხვა საკითხებზე საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის წამყვან სპეციალისტებს ხარაგაულსა და ჭიათურაში ვაჟა მაჭავარიანსა და იზო მიროტაძეს ვესაუბრეთ.
აგროდაზღვევა. ვაზის დაზღვევის შემთხვევაში დასაზღვევი თანხის ნახევარს სახელმწიფო იხდის, ნახევარს – ფერმერი. სხვა კულტურებზე ფერმერი თანხის 30%-ს გადაიხდის, ხოლო სახელმწიფო – 70%. პროგრამის თანახმად, სახელმწიფო ფერმერს ზარალის 90%-ს აუნაზღაურებს.
„დანერგე მომავალი“ – ამ პროგრამის ერთ-ერთი ქვეკომპონენტია კენკროვანი კულტურების გაშენება. პროექტის პირველ ეტაპზე ყველა მუნიციპალიტეტი არ ჩართეს. კენკროვან კულტურებზე მოთხოვნა, როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიო ბაზარზე იმდენად მზარდია, რომ კენკროვანი კულტურების გაშენების პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება. ამ პროექტით ფერმერს 100%-ით უფინანსდება ნერგების შეძენა, სარწყავი სისტემის მოწყობა და სხვა საჭიროებები.
ჭიათურასა და ხარაგაულში განსაკუთრებული ინტერესი კენკროვანი კულტურის გაშენების პროექტმა გამოიწვია. შემოდგომაზე 17 ჭიათურელი და 16 ხარაგაულელი ფერმერი კენკროვანი კულტურების გაშენებას დაიწყებს. მათ პროექტის ყველა ეტაპი წარმატებით დაძლიეს. ახლა მთავარია, სწორად გაუძღვნენ აგროტექნიკურ სამუშაოებს.
მაისის შუა რიცხვებიდან პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილება შევიდა და ამ პროგრამით უკვე ვაზის გაშენებაც არის შესაძლებელი. სახელმწიფო ფერმერს ვაზის ნერგების შესაძენი თანხის 70%-ს დაუფინანსებს. პროგრამაში ჩართვის მსურველი საკუთრებაში დარეგისტრირებულ 5 ათას კვმ მიწას უნდა ფლობდეს.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის თანადაფინანსების პროგრამით, პირველ ეტაპზე, 4 მილიონი ლარი გამოიყო. ამ პროექტით ნებისმიერი სახის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაა შესაძლებელი. სახელმწიფოსგან თანამონაწილეობა 150 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს. პროგრამით შემოთავაზებული ტექნიკის ფასი საკმაოდ მაღალია. ამიტომ ტექნიკის ღირებულების ნახევარის სახელმწიფოსგან დაფინანსების შემთხვევაშიც კი ხარაგაულელ და ჭიათურელ ფერმერებს მათი შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ.
შეღავათიანი აგროკრედიტი – გასულ წლებში ხარაგაულსა და ჭიათურაში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტმა ყველაზე კარგად იმუშავა. ამ პროგრამით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მარელისის საკალმახე მეურნეობა ამოქმედდა, ასევე – რამდენიმე მეფუტკრემ ისარგებლა.
ამ პროექტში ფერმერები იმის გამო ვერ ერთვებიან, რომ კრედიტის ოდენობის შესატყვისი უძრავი ქონება არ აქვთ. ბანკი, ფერმერზე სესხის გაცემის შემთხვევაში, მას შესაბამისი თანხის უძრავ ქონებას სთხოვს. მოსალოდნელია, რომ ზღვარმა დაიწიოს, რადგან ეს საქმიანობაში შეუზღუდავი ერთ-ერთი უნივერსალური პროექტია.
პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხარაგაულსა და ჭიათურაში მიკრო და მცირე მეწარმეობის ასზე მეტი პროექტი დაფინანსდა.
ხილის შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამაში ჩართვის მსურველ ფერმერს საერთო თანხის 10% თავად უნდა ჰქონდეს, 30% შეღავათიანი აგროკრედიტით უნდა შეავსოს, ხოლო 60%-ს სახელმწიფო გრანტის სახით აძლევს.
ვაჟა მაჭავარიანი ამბობს, რომ სამომავლოდ დაგეგმილია, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მუნიციპალიტეტებში ადგილზე შეისწავლოს ნედლეული, – რა რეზერვი გვაქვს და შესაბამის გადამამუშავებელ საწარმოს სახელმწიფო თავად გამართავს. შემდეგ კი იჯარით გასცემს.
„მეფუტკრეები წუხან, რომ ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლის შემდეგ ფუტკარი გაუნადგურდათ, – ამბობს ვაჟა მაჭავარიანი, – სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო ცენტრის მეცნიერები განმარტავენ, რომ ამჟამად ფუტკრის 60-მდე დაავადებაა გავრცელებული. პირველ რიგში უნდა დადგინდეს, მართლა ქიმიურმა წამლობამ გაანადგურა ფუტკარი თუ არა.
ძალიან მნიშვნელოვანია ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მოსახლეობის ზუსტი ინფორმირება. რეალობაა, რომ მის წინააღმდეგ პროპორციული ძალა არ არის გამოყენებული. თუმცა, მნიშვნელოვანია, ამ მავნებელს თავად მოსახლეობაც ებრძოლოს.
შარშან სახელმწიფომ ფაროსანას წინააღმდეგ ორი ტიპის შეწამვლა განახორციელა – დაუსახლებელ და დასახლებულ პუნქტებში. ფაროსანას წინააღმდეგ ერთ-ერთი თანამედროვე მეთოდია „მოიზიდე და მოკალი“ და ფერომონების დამონტაჟებას ითვალისწინებს. ფერომონი ნაყოფიერ ხეზე არ უნდა დამონტაჟდეს. ახლა ცდილობენ, რომ გაამრავლონ მწერი, რომელიც ფაროსანას გაანადგურებს. საამისოდ ევროკავშირშიც მუშაობენ. ფაროსანას გლობალურად უნდა ვებრძოლოთ.
ევროპული კონვენცია ეროვნულ პარკში ქიმიურ წამლობას კრძალავს. დასახლებულ პუნქტებში რომ შევამციროთ ფაროსანას რაოდენობა, თუ ტყეში მისი ბიოლოგიური მტერი არ ჩაინერგა, არაფერი გამოვა.
სახლში ფაროსანას წინააღმდეგ მექანიკური მეთოდებით ბრძოლა უსაფრთხოცაა და ეფექტურიც. სოფლებში, მერის წარმომადგენლების დახმარებით, მიტოვებული სახლები აღვწერეთ. თუმცა, დღეს ვერავის სახლში ვერ შევალთ და ვერანაირ ქიმიურ წამლობას ვერ ჩავატარებთ.
რაც შეეხება ინდივიდუალურად ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიურ წამლობას, ჩვენს მოსახლეობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო ცენტრის მიერ რეკომენდირებულ პრეპარატებს ვურჩევთ. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოგვმართოს როგორც ამ საკითხზე, ისე ნიადაგისა და მცენარეთა მოვლის თაობაზე. მათ შესაბამის საინფორმაციო მასალებს მივაწვდით.“
„ჭიათურაში ფაროსანას წინააღმდეგ ფერომონები დაყენებულია და მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის საფუძველზე უნდა დაიწყოს ქიმური შეწამვლა, – ამბობს იზო მიროტაძე, – ჯერჯერობით მონიტორინგის სამსახური არ დამკავშირებია. თუ ქიმიური წამლობის აუცილებლობაა, შემატყობინებენ, რომ მეფუტკრეები მოსალოდნელი ქიმიური წამლობის შესახებ გავაფრთხილო.
ორი კვირაა, სოფელ სკინდორში ახალგაზრდა ფიჭვებს მავნებელი შეესია. ჩვენ ადგილზე ვიმყოფებოდით და მდგომარეობა საგანგაშოა. მანქანისთვის მიუდგომელი ადგილებია. ფიჭვი ტყის შერეულ კორომებშია. ეს ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადავეცით. საქმის კურსშია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება. ვნახოთ, რა ღონისძიებების გატარებას გვირჩევს სამინისტრო.“
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი