რახმანინოვის სახლ-მუზეუმში 2018 წლის სექტემბერში პიანისტ სანდრო გეგეჭკორის სახელობის ფესტივალი – „გეგეჭკორი სერგეი რახმანინოვთან“ დააფუძნეს.

კლასიკური მუსიკის კონკურსებში მრავალგზის გამარჯვებული 18 წლის მუსიკოსისთვის ყველა წარმატება ძვირფასია. თუმცა, ამბობს, რომ ამ დრომდე, ასაკიდან გამომდინარე, მოზარდების კონკურსებში მონაწილეობდა. ახლა უკვე იწყებს ხანგრძლივ ბრძოლას უფრო დიდ და მასშტაბურ კონკურსებში წარმატებისთვის.

სანდრო გეგეჭკორს უჭირს იმის თქმა, თუ რომელ ასაკში გააცნობიერა კლასიკური მუსიკის მიმართ თავისი განსაკუთრებული დამოკიდებულება. ამბობს, რომ როგორი გენიოსიც უნდა იყოს ადამიანი, ბავშვობაში მაინც ვერ შეიგრძნობს კლასიკური მუსიკის ღრმა შინაარსს ისე, როგორც მოზარდობისას. ალბათ უფრო 14-15 წლის ასაკში მიხვდა, რომ შეძლებდა, საზოგადოებისთვის კლასიკური მუსიკის გენიალურობა ეჩვენებინა.

ბავშვობაში კონკურსებში მიღწეულმა წარმატებებმა მოტივაცია და სურვილი გაუძლიერა. საბოლოოდ კი, კლასიკური მუსიკის მიმართ ღრმა ინტერესი და სიყვარული სულსა და გულში გაუჯდა.

სანდრო გეგეჭკორმა კლასიკური მუსიკის შესწავლა ჭიათურაში, სანდრო კავსაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში პედაგოგ ლიუდა ნადირაძესთან დაიწყო, ვლადიმერ შერმაზანაშვილთან და დარეჯან კაპანაძესთან სწავლობდა. ბოლოს სწავლა თბილისში, ნიჭიერთა ათწლედში პროფესორ საშა გარბერთან გააგრძელა. ეს სანდროსთვის დიდი მიღწევა იყო, რადგან როგორც თავად ამბობს, მუსიკოსად ჩამოყალიბებაში პედაგოგს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ნიჭიერება და შრომისმოყვარეობა სანდროსთვის წარმატების განმსაზღვრელია. არ მოსწონს, როცა ეკითხებიან, თუ რამდენ საათს უთმობს დღეში კლასიკურ მუსიკას.

-პიანისტმა იმდენი დრო უნდა დაუთმო მეცადინეობას, რამდენიც იმ კონკრეტულ ნაწარმოებს სჭირდება, – ამბობს სანდრო გეგეჭკორი, – ახალი ნაწარმოების შესასწავლად მთელი დღე არ უნდა დაჯდე და თავი არ უნდა მოიკლა. წარმატება დროისა და ენერგიის სწორად განაწილებაზეა დამოკიდებული.

…სერგეი რახმანინოვი გამორჩეულად მიყვარს, ასევე – ბეთჰოვენი, მოცარტი, შუბერტი, ლისტი, – ძირითადად, ძველი კლასიციზმისა და რომანტიზმის მოყვარული ვარ. შოსტაკოვიჩის, პროკოფიევისა და სკრიაბინის ნაწარმოებების შესრულება იმ არსით, გრძნობითა და სურვილით, როგორც რახმანინოვს განვიცდი, არ შემიძლია. ამიტომ თუ რამეს გულით არ აკეთებ, ჯობია ხელი საერთოდ არ მოკიდო.

…ოჯახის წევრებს – დედას, ბებოს, ბაბუას, მეგობრებს, მეზობლებს, ჩემზე დიდი გავლენა აქვთ. ჭიათურელების დანახვა ყოველთვის ძალიან მახარებს. ყველას ბედნიერებას ვუსურვებ.  ჭიათურაში დიდი სოლო კონცერტი 2018 წლის დეკემბერში გავმართე. ჯერ ჩემს მშობლიურ ქალაქში ვერაფერს ვგეგმავ – არც დრო მაქვს და არც არის საჭირო, სოლო კონცერტი ხშირად გამართო. სოლო კონცერტს თავისი წესები აქვს, – ახალი პროგრამა, ახალი ნაწარმოებები უნდა მოამზადო.

ცოტა ხნის წინ ვენიდან დაბრუნებული სანდრო გეგეჭკორი ფესტივალში „კლასიკა ყველასთვის – ახალი თაობის ვირტუოზები“ ჩაერთო. ფესტივალი ფონდ „იავნანას“ და „კონცეპტArt“- ის მიერ დაიგეგმა. მასში პიანისტები სანდრო გეგეჭკორი, სანდრო ნებიერიძე და გიორგი ინაშვილი მონაწილეობენ. ფესტივალი 31 მაისს სანდრო გეგეჭკორმა გახსნა. 7 ივნისს ფესტივალის საზეიმო დახურვაზე ისევ სანდრომ დაუკრა. ფესტივალის მიზანი ფართო საზოგადოებაში კლასიკური მუსიკის ახალი თაობის წარმომადგენლების პოპულარიზაცია და წარმოჩენაა.

სანდრო გეგეჭკორი ახლა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება და კონსერვატორიაში აბარებს. ივლისსა და აგვისტოში იტალიასა და ჩინეთში მიემგზავრება. სექტემბერში ჰოლანდიაში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს, ასევე სოლო კონცერტს გამართავს ამსტერდამში – დარბაზში, რომელიც მსოფლიოს კლასიკური მუსიკის ხუთ პრესტიჟულ დარბაზებს შორისაა.

წარმატებები ვუსურვოთ პიანისტ სანდრო გეგეჭკორს.

ნინო კაპანაძე