სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება თვითმმართველობებს დაეკისრა.

ამ მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ბიუჯეტიდან თებერვალში 410 ათასი ლარი მიიღო.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ამ თანხით სამი სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გეგმავს. მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, თემურ თაბუკაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის #3 და თეთრაწყაროს სკოლებში რამდენიმე საკლასო ოთახის რეაბილიტაცია, მოლითის სკოლაში კი სახურავის შეცვლა იგეგმება.

თემურ თაბუკაშვილი ამბობს, რომ თუ 410 ათასი ლარიდან თანხა დარჩა, ნადაბურის, ლეღვანის, ღორეშისა და ბორის სკოლებში სველ წერტილებს მოაწესრიგებენ.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა თავდაპირველად ამ თანხით ყველაზე მწვავე პრობლემების მოწესრიგება 16 სკოლაში დაგეგმა. რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე ამბობს, რომ მან არ იცოდა, რა თანხა დასჭირდებოდა თითოეულ სკოლაში ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებას და 410 ათასი ლარი საკუთარი შეხედულებისამებრ გაანაწილა.

მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თემურ თაბუკაშვილი ამბობს, რომ რესურსცენტრისგან მიწოდებულ ინფორმაციაში საპირფარეშოების მოწყობისთვის 16 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. თანამედროვე სტანდარტებით საპირფარეშოს აშენებას კი 40-დან 57 ათას ლარამდე თანხა სჭირდება.

მერიამ განათლების სამინისტროსგან სარეკომენდაციო წერილი მიიღო, რომ პირველ რიგში სკოლებში უნდა მოგვარდეს სახურავის, სველი წერტილებისა და გათბობის პრობლემები. მერიაც, თემურ თაბუკაშვილის ინფორმაციით, მოლითის სკოლის გადახურვისა და ხარაგაულის #3 სკოლაში რამდენიმე საკლასო ოთახის გარემონტების შემდეგ, სხვა სკოლებში სველი წერტილების მოწესრიგებას გეგმავდა. თუმცა, კიცხში ახალი სკოლის მშენებლობის გამო პრიორიტეტი შეიცვალა. კიცხის სკოლის მოსწავლეებმა, ახალი შენობის აგებამდე, დროებით სხვა სკოლის შენობაში უნდა ისწავლონ. მარინე ვეფხვაძე ამბობს, რომ კიცხის სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა თეთრაწყაროს სკოლა აირჩიეს. ამიტომ, ხარაგაულის მერიის გადაწყვეტილებით, თეთრაწყაროს სკოლაში 13 საკლასო ოთახისა და სველი წერტილების მოწესრიგება გადაწყდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად 410 ათას ლარს არასაკმარისად მიიჩნევს საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძე. ის ამბობს, რომ თვითმმართველობას უფლება აქვს, სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოს. ამ კუთხით საიმედოს ვერაფერს გვეუბნება ხარაგაულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი. მისი ინფორმაციით, „ამ ეტაპზე ადგილობრივ ბიუჯეტს, თანხების სიმწირის გამო, სკოლების სარემონტო სამუშაოების დაფინანსების შესაძლებლობა არ აქვს“.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი მერიას, საკრებულოსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრს შორის კომუნიკაციის პრობლემაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ან რესურსცენტრმა იჩქარა და 16 სკოლის პრობლემის მოგვარება 410 ათასი ლარით სწორად ვერ გათვალა, ან რესურსცენტრის გადაწყვეტილებაში მერია ჩაერია. საბოლოოდ კი, საკრებულოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა – 16 სკოლის ნაცვლად სამი სკოლის პრობლემა მოგვარდება.

ხარაგაულის #3, მოლითისა და თეთრაწყაროს სკოლებისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია „ზესტაფონპროექტმა“ ხარაგაულის მერიას ერთ თვეში უნდა ჩააბაროს. სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისისთვის გაირკვევა, დარჩება თუ არა თანხა ხარაგაულში მერიის მიერ შერჩეულ ოთხ სკოლაში (ნადაბურის, ლეღვანის, ღორეშისა და ბორის) სველი წერტილების მოსაწესრიგებლად.

ნინო კაპანაძე