მასწავლებლად მუშაობა ოცი წლის წინ დაიწყო. თუმცა, სტუდენტობისას ამაზე არც უფიქრია.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თუ მაღალმთიან სოფელში მასწავლებლად წავიდოდა, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თავისუფლდებოდა. მანაც სკოლაში წასვლა არჩია. ასე აღმოჩნდა 23 წლის რაგული კალანდაძე ბაკურიანში, ანდეზიტის დასახლების სკოლაში.
პროფესიით ისტორიკოსი ორ საგანს – ისტორიასა და გეოგრაფიას ასწავლიდა. სკოლებში საგნობრივი კათედრები რომ შეიქმნა, სამოქალაქო განათლების კათედრას ხელმძღვანელობდა. ბაკურიანიდან წამოსვლის შემდეგ მუშაობა ბორჯომის სკოლაში გააგრძელა.
2014 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევის სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლის ვაკანსია გამოცხადდა. ცოტა ეძნელებოდა, ქვიშხეთიდან ხუნევში სამუშაოდ წამოსვლა, თუმცა სკოლის დირექტორთან და კოლექტივთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება არ გასჭირვებია. პარალელურად, ბორითის სკოლაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობა დაიწყო.
რაგული კალანდაძე უფროსი მასწავლებელია ისტორიასა და გეოგრაფიაში. გარე დაკვირვებისთვის გაკვეთილების გეგმა მოამზადა, ტრენინგებში მონაწილეობითა და სკოლებში განხორციელებული პროექტებით კრედიტქულები დააგროვა. ფიქრობს, რომ წლის ბოლომდე სტატუსი გაიუმჯობესოს და წამყვანი მასწავლებელი გახდეს. ამ სტატუსისთვის აუცილებელ კვლევას ტოლერანტობაზე ჩაატარებს. ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა ტოლერანტობით ოდითგან გამოირჩეოდა.
-ბატონო რაგული, ფაქტია, რომ დღეს ჩვენს საზოგადოებაში ტოლერანტობის, შემწყნარებლობისა და განსხავავებული აზრის მიმართ პრობლემებია. როგორც ისტორიკოსი, რას ფიქრობთ, – გასულ საუკუნეებში ტოლერანტობით გამორჩეული ქვეყანა ასეთი პრობლემების წინაშე რატომ აღმოვჩნდით?
-ამის მიზეზები 70-წლიან კომუნისტურ მმართველობაშია. მაშინ ხომ ჩვენს მაგივრად „ზემოთ“ სხვები წყვეტდნენ, რა და როგორ გაგვეკეთებინა. ყველას ერთნაირად უნდა გვეაზროვნა. განსხვავებული აზრის გაფიქრებაც კი დანაშაულად ითვლებოდა. ეს თაობებში აისახა და დიდი დაღი დაგვასვა. მრავალპარტიულობა ხომ საერთოდ წარმოუდგენელი იყო. კომუნისტურმა იდეოლოგიამ ხალხს აზროვნება შეუცვალა. განსხვავებულის მიმართ პატივისცემა სკოლის მერხიდან უნდა ვასწავლოთ.
-მოსწავლეების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
-მუშაობა რომ დავიწყე, ბევრი რამ თავად უნდა მესწავლა. გადავწყვიტე, მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობა დამემყარებია. ამ მიდგომამ გაამართლა. მეამაყება, ჩემ ყოფილ მოსწავლეებს რომ არ ვავიწყდები. ამასწინათ ბორჯომელი ყოფილი მოსწავლეები შემეხმიანენ. უკვე სტუდენტები არიან და სახლში მესტუმრენ. ძალიან მესიამოვნა ჩემი ნახვის სურვილი რომ გაუჩნდათ. რამდენიმე მათგანმა პროფესია ჩემი გავლენით აირჩია. ერთი მათგანი წელს არქეოლოგიის განხრით მაგისტრატურას ამთავრებს.
მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები – შესაძლოა, ვერ ისწავლოთ ისტორია და გეოგრაფია, მაგრამ პატივი ეცით მეორე ადამიანს, გაცდით ჩარჩოებს, სტერეოტიპულ აზროვნებას, იყავით თავისუფლები, გულში წყენას ნუ ჩაიდებთ, საკუთარი აზრი დააფიქსირეთ და მისი დაცვა შეძელით, იყავით კრიტიკულები და ყოველთვის დასვით შეკითხვა – რატომ.
საერთოდ, როცა რამე არ გამომდის, მიზეზს ყოველთვის საკუთარ თავში ვეძებ. თუ სწორად და კარგად დაგეგმავ, შეუძლებელი არაფერია. მოსწავლეებთან ურთიერთობაში მე უფრო მეტად იდეების გენერატორი ვარ, ვიდრე მათი შემსრულებელი. ზოგჯერ სიზარმაცე მძლევს და იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეიძლება, ხვალისთვის ვდებ. ბოლო მომენტში ვიწყებ საქმის დასრულებას. სამეცნიერო კონფერენციისთვის ადრიანად მოპოვებულ მასალებს კონფერენციაზე გამოსვლის წინა ღამეს ვამუშავებდი. ღამის გათენება მიწევდა იმ დროს, როცა შემეძლო, ის რამდენიმე დღით ადრე მომემზადებინა. დროის ეფექტურად მართვა მიჭირს. მოსწავლეებს მუდამ ვურჩევ, რომ დრო სწორად გამოიყენონ.
-როცა მოსწავლე არც გისმენთ, არც სწავლობს და ცდილობს, გაკვეთილი ჩაშალოს, დასჯის რა მეთოდს მიმართავთ?
-არ მიყვარს სიტყვა „დასჯა“, არც ხმამაღლა საუბარი. შეიძლება გაკვეთილი არ ჩავატარო და მოსწავლეს მისი ინტერესიდან გამომდინარე, სხვა საკითხზე ვესაუბრო. კარგი მეთოდია წახალისება, შექება. სწავლას მერე უფრო მეტად ინდომებენ. ყველა მოსწავლეს განსხვავებული უნარი აქვს. ამასწინათ მეხუთე კლასში „აჭარული კარმიდამო“ უნდა შეგვესწავლა. ვუთხარი, რომ ტექსტს გაცნობოდნენ და შემდეგ დაეხატათ. ერთმა მოსწავლემ, რომელიც არც თუ ისე კარგად სწავლობს, საუკეთესო ნახატი შექმნა. მაღალი ქულა დავუწერე. ძალიან გაეხარდა და მას შემდეგ მეტად მონდომებულია.
ვცდილობ, გაკვეთილები მრავალფეროვანი იყოს. კონკრეტულ თემასთან დაკავშირებულ ფილმებს ვაჩვენებ, პრეზენტაციებსა და შეჯიბრებებს ვაწყობთ. ეს ცოტა ხმაურს იწვევს, მაგრამ მოსწავლეს ემოციის გამოხატვას როგორ დავუშლი. როცა ერთ თემას შევისწავლით, მოსწავლეებს შემთხვევითობის პრინციპით დავაჯგუფებ და შეკითხვებს ვუსვამ. ამ დროს ისინი გუნდურ მუშაობას, კამათს, მსჯელობას, ლოგიკურ აზროვნებას ეჩვევიან. ხშირად გაკვეთილებს ეზოში ვატარებთ. ეს მოსწავლეებისთვის უფრო შედეგისმომცემი და საინტერესოა.
-ბატონო რაგული, რამდენად ამზადებს მოსწავლეებს დღეს ჩვენი სკოლა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის?
-ვერ ამზადებს. სულ ვამბობ, რომ ჩვენ მოსწავლეთა მშობლებთან ბევრი სამუშაო გვაქვს. სამწუხაროდ, მშობლების უმრავლესობა თვლის, რომ შვილმა ის პროფესია უნდა იარჩიოს, რასაც დედა ან მამა ეტყვის, მან უნდა დაუგეგმოს და უზრუნველყოს მომავალი. შვილებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარს უკარგავენ.
საბჭოთა ქვეყნებში 18 წლის ახალგაზრდები დამოუკიდებელ ცხოვრება არ იწყებდნენ. დღეს ევროპაში უფრო პატარა ასაკიდან ახალგაზრდებს უკვე საკუთარი შემოსავალი აქვთ.
დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მარტო სკოლა ვერ მოამზადებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს, თემს, საზოგადოებას. ჩვენ, სამწუხაროდ, ისევ ძველი მეთოდებით მივდივართ – ავუხსენით გაკვეთილი, დაისწავლა, მოყვა და ვუწერთ ნიშანს. ეს არ არის 21-ე საუკუნეში საკმარისი. ახალგაზრდებს თანამშრომლობა, ლოგიკური, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება უნდა ვასწავლო, ანალიზის უნარის განვითარებაში ხელი შევუწყოთ. ისტორია მარტო თარიღების დასასწავლად ხომ არ გვჭირდება. პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ, რატომ მოხდა ესა თუ ის მოვლენა, შეიძლებოდა თუ არა მისი თავიდან აცილება, რა გამოცდილება შეგვძინა ამ ამბავმა – ამ დასკვნებამდე მოსწავლეები თავისუფალი მსჯელობით უნდა მივიდნენ. არასდროს ვუამბობ გაკვეთილზე იმას, რაც წიგნში წერია, იმას ისედაც წაიკითხავენ. თანამედროვე სწავლებაში გასათვალისწინებელია ის, რომ ტექნოლოგიები ყოველ წუთში ვითარდება.
-თქვენი მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებში არიან ჩართულები. უახლოეს მომავალში თუ გეგმავთ რაიმე სიახლეს?
–გედსამანიაში ვაპირებ სასწავლო-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის მოწყობას ადგილობრივი და არაქართული სკოლების მოსწავლეებისთვის. მეცადინეობებს სამოქალაქო განათლების კუთხით ჩავატარებთ. ხარაგაულელი ბავშვები არაქართველ თანატოლებთან ურთიერთობებს ისწავლიან, არაქართველი მოსწავლეები ქართულ მეტყველებას უკეთ დაეუფლებიან. ბანაკის მოსაწყობად ბაზა გვაქვს, თემი მზადაა სტუმრების მისაღებად. გარკვეული საკითხებია მოსაგვარებელი და ვფიქრობ, დავძლევთ.
-როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მასწავლებლის პროფესია ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი გახდეს?
-გახსოვთ, ჩვენს ქვეყანაში რეფორმები რომ დაიწყო, პირველ რიგში, ხელფასები მოსამართლეებს მოუმატეს, რომ ქრთამი არ აეღოთ, შემდეგ – პოლიციელების, საჯარო მოხელეების ხელფასების მატებაზე იზრუნეს. პროკურორი, პოლიციელი, მეხანძრე, ექიმი თუ მოსამართლე მასწავლებლებმა უნდა გავზარდოთ. ამიტომ, უპირველესად, მასწავლებლები უნდა დააფასონ და მათზე უნდა იზრუნონ, რომ ღირსეული მომავალი გვქონდეს.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი