დაბა ხარაგაულში თერთმეტი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას სკვერების პროექტები წინასწარ არც მოქალაქეებისთვის გაუცვნია და არც საკრებულოს წევრებისთვის. ამის გამო მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
ხარაგაულში მცხოვრები მაია ბერაძე ამბობს, რომ ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე არსებულ სკვერში თითქმის არაფერი შეცვლილა – ფილები სანახევროდ დაიგო და საქანელა შეიღება.
„შეიძლებოდა სკვერი უფრო გამრავალფეროვნებულიყო, – ამბობს მაია, – კარგი იქნებოდა, თუ ბავშვებისთვის სათამაშოები დამონტაჟდებოდა. არც ადმინისტრაციული შენობის წინ მშენებარე სკვერი მომწონს. გული მეტკინა, ძველი ფილები დამტვრეული რომ ვნახე. თავის დროზე ხომ იმაში თანხა გადაიხადეს?!
სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ევგენის ხარაძის სახელობის სკვერში რკინის კონსტრუქციები რომ დაამონტაჟეს, სკვერის შთაბეჭდილებას ნამდვილად აღარ ტოვებს.“
ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერის პროექტი არ მოსწონს საკრებულოს წევრს, ეკა შველიძეს. დეპუტატის თქმით, ხარაგაულის იერსახე თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, მოსახლეობის უმრავლესობას კი დღემდე არსებული სკვერი უფრო მოსწონდა.
ეკა შველიძის მოსაზრებით, ადმინისტრაციული შენობის წინ არსებული სკვერის განახლებას, ხარაგაულში ბავშვებისთვის ატრაქციონის მოწყობა ჯობდა.
მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თემურ თაბუკაშვილი ამბობს, რომ „თუ ვინმეს სკვერის პროექტი არ მოსწონს, გემოვნების ამბავია“.
ხარაგაულში რეაბილიტაცია უტარდება – 9 აპრილის, ჩოხოსნების, „დევების“, თამაზ კიკნაძის სახელობის, ვეფხვია ღონღაძის სახელობის, ცენტრალური პარკის წინ მემორიალთან მდებარე, ევგენი ხარაძის სახელობის, ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე მდებარე, პატარა ხარაგაულის, სპორტსკოლის მიმდებარედ არსებულ სკვერებს.
მთლიანად იცვლება მხოლოდ ადმინისტრაციული შენობის წინ არსებული სკვერი. სკვერების რეაბილიტაციას 168 778 ლარად ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჭედა“ ახორციელებს.
ფოტოებზე: ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე და ევგენი ხარაძის სახელობის სკვერები
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი