საქართველოში ჩატარებული ეროვნული კვლევის შედეგების მიხედვით, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში დაფიქსირდა.

რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გაატაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, როგორი იქნება ამ კვლევის მეორე ეტაპი, – ამ და სხვა სიახლეებსა და გამოწვევებზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე გვესაუბრება.

– ტყვიის დონის განსასაზღვრად, სისხლის სინჯები საქართველოს მასშტაბით 2-დან 7 წლამდე ასაკის 1 578 ბავშვისგან შეგროვდა. საქართველოში გამოკვლეული ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ეს არ არის ისეთი მაჩვენებელი, რომ ამ მიმართულებით კატასტროფულ მდგომარეობაზე ვისაუბროთ. თუმცა საყურადღებო მონაცემებია, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ზოგადად, ადამიანის ორგანიზმში ტყვიის შემცველობა ნულის ტოლი უნდა იყოს.

აუცილებელია შევისწავლოთ წყარო, საიდან  შეიძლება მოხვდეს ტყვია ბავშვის სისხლში. თუ ეს არის ტყვიის შემცველი საღებავი, სათამაშო ან ნივთი, რომელსაც ოჯახი იყენებს, უნდა ამოვიღოთ გამოყენებიდან. მაგალითად, აჭარაში გამოვლინდა, რომ ერთ-ერთი ოჯახი კაკლისა და თხილის სატეხად ტყვიის ბურთულას მოიხმარდა.

ამ კვლევის მეორე ეტაპზე იმ ოჯახების დამატებითი შესწავლა დაიწყება, სადაც ტყვიის შემცველობა 10 მკგ/დლ-ზე მაღალი დაფიქსირდა. ლაბორატორიულად გამოვიკვლევთ ოჯახის დანარჩენ, 18 წლამდე ასაკის, წევრებს. ასევე ჩატარდება ეპიდკვლევები ოჯახებში ტყვიის წყაროს გამოსავლენად. კვლევის მეორე ეტაპს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრები ერთობლივად ჩაატარებენ. ოჯახებს მიეცემათ რეკომენდაციები ვიტამინოთერაპიისა და რკინის შემცველი პროდუქტების გამოყენებაზე, რაც ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნის პროცესს ხელს უწყობს.

-მეოთხე წელია, საქართველოში C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიმდინარეობს. ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრმა, პროგრამის განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან აპრილში დამატებითი სუბსიდია მიიღო. პროგრამა ოჯახის ექიმებისათვის C ჰეპატიტზე ყოველ გამოკვლეულ პაციენტზე, დამატებით ანაზღაურებას გულისხმობს. C ჰეპატიტზე საყოველთაო გამოკვლევა, ხარაგაულს გარდა, იმერეთის კიდევ რომელ მუნიციპალიტეტებში განხორციელდება?

-ეს პროგრამა შარშან სამეგრელოში დაიწყო. შედეგად მივიღეთ ის, რომ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში თითქმის ყველა ადამიანი C ჰეპატიტზე გამოკვლეულია. ამ პროგრამაში იმერეთიდან ხარაგაულის, ჭიათურის, თერჯოლის, წყალტუბოსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტები ერთვებიან. ამ მუნიციპალიტეტებმა პროგრამის განსახორციელებლად თანხა უკვე გამოყვეს. იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტების თანხმობას ველოდებით. საექიმო აბმულატორიის ექიმებს ტრენინგები ჩაუტარდებათ და პროგრამის განხორციელება დაიწყება.

C-ჰეპატიტი ორგანიზმში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ამიტომ სკრინინგი ყველა ადამიანმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს. ყველა დაავადებული უნდა გამოვლინდეს და შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწიოს.

-რა სიახლეებია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების საქმიანობაში?

-მაისი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში გაზომვების თვეა. მაისში განსაკუთრებით აქტუალურია ჰიპერტონია, ანუ მაღალი წნევა. ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრების თანამშრომლები სხვადასხვა დაწესებულებებში მიმართვითა და წნევის გაზომვით აქციებს ახორციელებენ. ადამიანებმა უნდა იცოდნენ საკუთარი წნევის  შესახებ, რომ სათანადო ზომები მიიღონ. ხშირია შემთხვევა, რომ წნევას არასწორად იზომავენ. ეს დამატებითი საფრთხის შემცველია. ამიტომ საჭიროა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პრევენციული ღონისძიებები.

საქართველოში კვლავ წითელას ეპიდაფეთქებაა, ეს 2018 წელს დაიწყო და ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა შეჩერება. ამისათვის საყოველთაო იმუნიზაცია, აუცრელი ადამიანების აცრაა საჭირო. არაგეგმიურ იმუნიზაციასთან დაკავშირებით ღონისძიებები გატარდა, ვაქცინები შევიძინეთ,  საბავშვო ბაღებისა და სკოლის პედაგოგები, სამედიცინო პერსონალი მობილიზებულები არიან. ყველა უნდა აიცრას.

ბავშვობაში ხართ თუ არა აცრილი წითელაზე, მოგიწოდებთ ყველას, აუცილებელია ერთჯერადი აცრა გაიკეთოთ. აცრა არ არის საშიში, ის უფასო და უსაფრთხოა.

აღდგომის წინა კვირაში იმერეთის მასშტაბით წითელას 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა ამ დაავადების ზუსტი აღრიცხვა ვერ ხერხდება, რადგან საქართველოში წითელა ჯერ კიდევ „ბატონებად“ მიიჩნევა და ამ ინფექციის დროს ექიმს არ მიმართავენ. ბუჩქებზე შემორჩენილი წითელი ბუშტებითა და ლენტებით ვხვდებით, რომ კონკრეტულ ადგილას წითელას შემთხვევა დაფიქსირდა.

-რა პრობლემები და გამოწვევებია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში?

-ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში ჭარბკადრიანობაა და ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს არაპროფესიონალი კადრების დასაქმებას. შესაბამისად, ეს იწვევს დაბალ ანაზღაურებას უკვე პროფესიონალი კადრებისთვის, რაც ბუნებრივია, პერსონალის მოტივაციაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

საზოგადოებრივ ცენტრებში ახალგაზრდა კადრების სიმცირე პრობლემად რჩება. ეპიდემიოლოგები, ექიმ პრევენციონისტები ამ სფეროში უნდა დასაქმდნენ. ახალგაზრდა კადრები, სამწუხაროდ,  რაიონული ჯანდაცვის ცენტრებს ტოვებენ. პროფესიონალი კადრი, რომელიც წლებია, მუშაობს ამ სამსახურში, ახალგაზრდა კადრით უნდა ჩანაცვლდეს. ეს ის საკითხებია, რომლებმაც წლების შემდეგ, შესაძლოა, სერიოზული პრობლემების წინაშე დაგვაყენოს.

ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ ჭიათურის, ვანის, წყალტუბოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებს. ეს ის უწყებაა, რომელიც აქტიურად უნდა აკვირდებოდეს საბავშვო ბაღების, სკოლებისა და სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას. უხერხულია სხვებისთვის ამაზე მითითება, როცა ინფრასტრუქტურა თავად არ აქვს მოწესრიგებული.

თამთა გოგოლაძე