იმერეთის მუნიციპალიტეტების უმრავლესობა დელეგირებული უფლებამოსილებების შესასრულებლად თანხას საკუთარი შემოსავლებიდან ხარჯავს.

ამ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს.

„ფინანსები, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ დელეგირებული უფლებემოსილებებისთვის მიზნობრივი ტრანსფერების სახით მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ, ხშირ შემთხვევაში არასაკმარისია და თვითმმართველობებს დამატებით საკუთარი შემოსავლების მობილიზება უწევთ, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსგან“ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილება არის სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც მუნიციპალიტეტს გადაეცა კანონის საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სათანადო მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფით.

მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემული  დელეგირებული უფლებამოსილებები ხშირ შემთხვევაში იდენტურია: საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება, ომის ვეტერანთა  და დევნილთა მხარდაჭერის პროგრამები, წვევამდელთა აღრიცხვა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა  და ა.შ. დელეგირების განმახორციელებელი ორგანოებია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქურის სამინისტრო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2018-2019 წლებში დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიდან თანხა გამოიყო 7 მუნიციპალიტეტში. ქუთაისის, წყალტუბოს, თერჯოლის, ვანის, ხარაგაულის,  ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებს ამ მიზნით ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიდან ჯამში 1 063 193 ლარის მობილიზება მოუწიათ. ამასთან, 2019 წელს ამ მიმართულებით დასახარჯი თანხის მოცულობა თითქმის 3-ჯერ აღემატება 2018 წლის ანალოგიურ ხარჯს.

2019 წელს იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტს მთავრობის N207 განკარგულების საფუძველზე დელეგირებით გადაეცათ დამატებითი  უფლებამოსილება – ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა, თუმცა ამ შემთხვევაში თანხები სრულად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო, ვანის მუნიციპალიტეტის გამოკლებით.

იმ პირობებში, როდესაც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი მწირია და არ არის საკმარისი თვითმმართველობების საკუთარი უფლებამოსილებების ჯეროვნად შესასრულებლად, დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელება ადგილობრივ თვითმმართველობებს დამატებით ფინანსურ ტვირთად აწვება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოვუწოდებთ, კანონდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, თვითმმართველობებზე უფლებამოსილების დელეგირებისას უზრუნველყონ შესაბამისი ოდენობის ფინანსური და მატერიალური რესურსის გამოყოფა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის.

იმერეთის მუნიციპალიტეტების მიერ ცენტრალური ხელისუფლების დელეგირებული უფლებამოსილებების შესასრულებლად გამოყოფილი თანხები 2018-2019 წლებში:

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ სრულყოფილი ინფორმაცია არ მოგვაწოდა, შესაბამისად, ცხრილში ზესტაფონის მონაცემები არ არის ასახული“.

წყარო