2015 წლის ბოლოს, პირველად საქართველოში, ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ინოვაციების ცენტრი გაიხსნა.

რა დანიშნულება აქვს ამ ცენტრს და რა საქმიანობა გასწია დღემდე, ამაზე ცენტრის ხელმძღვანელი, ლიკა სვანიძე-დევდარიანი გვესაუბრება:

-2015 წლის შემოდგომაზე ხარაგაულში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და თავიანთი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარმოგვიდგინეს. თავდაპირველად სააგენტო, საქართველოს მასშტაბით, ხუთასამდე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის გახსნას გეგმავდა. მუნიციპალიტეტებს ცენტრის გასახსნელად კეთილმოწყობილი ფართი და საჭირო ინვენტარი უნდა გამოეყოთ. სწორედ ამ დროს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა ახალ შენობაში გადადიოდა. აქ იყო ყველანაირი პირობა, რომელიც სააგენტოს მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. ხარაგაულის მაშინდელი გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის მხარდაჭერით, ინოვაციების ცენტრი ბიბლიოთეკაში განთავსდა.

ქალბატონო ლიკა, რაში შეიძლება გამოვიყენოთ ინოვაციების ცენტრი?

-ცენტრი წარმოადგენს საჯარო სივრცეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა სახის აქტივობა. ამ ცენტრის მომსახურებით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს – გამოიყენოს ინტერნეტი, კომპიუტერი და სხვ. მოსწავლეებს საშუალება აქვთ გაეცნონ ისეთ ტექნიკას, როგორებიცაა:  LEGO რობოტები, 3D პრინტერი და Arduino-ები. ასევე მომავალში იგეგმება ტრენინგების ჩატარება, სადაც ახალგაზრდები გაეცნობიან „Littlebits“-ებს.

რა სახის აქტივობები განხორციელდა ინოვაციების ცენტრში?

-ჩავატარეთ კრეათონი, სადაც მოსწავლეებმა შეიმუშავეს იდეები თერმობინოკლის, დასასვენებელი ფეხსაცმელის, ღიმილის ოთახის შექმნა, ონლაინ რეპეტიტორის მომსახურების დანერგვა და სხვ.  ჩავატარეთ ინიციატივების მართვის ტრენინგი ლოზუნგით – გაააქტიურე რეგიონი, შექმენი  ინოვატორთა კლუბი. ამის შედეგად ჩამოყალიბდა მოლაშქრეთა კლუბი ბერიკა ებანოიძისა და გოგა აბაშიძის ხელმძღვანელობით.

ინოვაციების ცენტრი ხელს უწყობს ონლაინ განათლების მიღებას. გვაქვს პირდაპირი ჩართვები IT მიმართულებით „ჯეოლაბის,“ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით. ჩვენმა ცენტრმა განახორციელა პროექტი „ბებო და ბაბუ ონლაინ“. პროექტში ათამდე ბებია ჩაერთო. ისინი ელექტრონული ფოსტის გამოყენებას, სოციალურ ქსელში აქტიურობას, ონლაინ სერვისების გამოყენებას, სკაიპს დაეუფლნენ, პრეზენტაციების შექმნა შეისწავლეს.

სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებისთვის პროფორიენტაციის გაკვეთილები ჩავატარეთ.

ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად საქართველოს მასშტაბით, ახლახან განახორციელა პროექტი – ჰაკათონი „hack_a_tour“, სადაც ჩვენი ცენტრიც ჩაერთო. პროექტი, ტექნოლოგიების დახმარებით, საქართველოში ტურისტების მოზიდვას ითვალისწინებდა. საკმაოდ კარგი იდეა წარადგინა ჩვენმა გუნდმა, მაგრამ რადგანაც პროგრამისტი არ გვყავდა, ჩვენი პროექტი იდეის დონეზე დარჩა. კონკურსში თელავის გუნდმა გაიმარჯვა. ჩვენს გუნდს საკმაოდ კარგი იდეები ჰქონდა და ამიტომ  სააგენტომ უსაჩუქროდ არც ჩვენ დაგვტოვა.

შვიდი წლის წინ გამომცემლობამ „ჩემი ხარაგაული“ ჩამოაყალიბდა ჟურნალისტთა სკოლა უფროსკლასელებისათვის „იმედი ხვალის“. წელს ეს პროექტი ინოვაციების ცენტრთან თანამშრომლობით გრძელდება. კვირაში ორჯერ „იმედი ხვალის“ სტუდენტებისთვის გაკვეთილები ჩვენს ცენტრში ტარდება.

-რამდენად არიან ხარაგაულელი ახალგაზრდები დაინტერესებული თანამედროვე ტექნოლოგიებით?

-რატომღაც ჰგონიათ, რომ ჩვენ უნდა დავუკავშირდეთ თითოეულ მოსწავლეს და თანამშრომლობა შევთავაზოთ. სინამდვილეში, მათ თავად შეუძლიათ მოვიდნენ ნებისმიერ დროს და მაქსიმალურად გამოიყენონ ის რესურსები, რაც ინოვაციების ცენტრს გააჩნია. ეს სივრცე ღიაა ნებისმიერი მოქალაქისათვის. ჩვენთან მოსულან პირები, რომელთაც უნდოდათ ონლაინ მაღაზიიდან ნივთების გამოწერა, პრეზენტაციის გაკეთება, საოფისე პროგრამების გამოყენება, ელ-ფოსტის გაკეთება და ა. შ. რადგან ხარაგაულში არ არის უნივერსიტეტი, შესაბამისად, ჩვენს პროექტებში სკოლის მოსწავლეები ერთვებიან.

-რა წარმატებები აქვს ხარაგაულის ინოვაციების ცენტრს?

– პროგრამირების მიმართულებით ონლაინ ტრენინგები განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა წყალაფორეთელი გიორგი ქოჩიაშვილისთვის. იგი ოთხი თვის განმავლობაში დადიოდა ვებპროგრამირების fronr and -ის და back and-ის კურსებზე, რომელიც წარმატებით გაიარა და, როგორც საუკეთესო, შეირჩა ზუგდიდის, ბაღდათის და ჭოპორტის ცენტრების მონაწილეთა შორის. მან „ჯეოლაბში“ ვებგვერდის აწყობა-დაპროგრამების ერთკვირიანი სასწავლო კურსი გაიარა. გიორგი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და სწავლა ამ მიმართულებით გააგრძელა. დღეს ის წარმატებული პროგრამისტია, საკუთარი შემოსავალი აქვს და ვებპროგრამირების მიმართულებით ლექციებს ატარებს.

წელს უკვე მეორედ ჩატარდა იგივე ტრენინგი. დაინტერესებულმა პირებმა საკუთარ პროექტებზე ერთი თვის განმავლობაში იმუშავეს. პრეზენტაცია თბილისში ტექნოპარკში 17 თებერვალს გაიმართა. ფინალურ ეტაპზე ხარაგაულიდან #2 საჯარო სკოლის მოსწავლე გიგა ხიჯაკაძე მონაწილეობდა. მისთვის ეს პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, რადგან პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ჟურნალ „Hello“-ს წარმომადგენელი გიგას პრეზენტაციით დაინტერესდა და თანამშრომლობა შესთავაზა. აგრარულმა უნივერსიტეტმა კი გიგა მიიწვია სტაჟირებაზე, სადაც სწავლას პროფესიულ დონეზე გააგრძელებს.

-ახლო მომავალში რა პროექტების განხორციელებას აპირებთ?

-21 აპრილს ჩვენს ცენტრში დაგეგმილია ტრენინგი სამოქალაქო ინტერესების დაცვის მიმართულებით, რომელსაც მსოფლიო ბანკთან არსებული „ახალგაზრდული ხმების“ ჯგუფი ახორციელებს. მასში 15-21 წლის ახალგაზრდები ჩაერთვებიან. წელსაც, მაისის თვეში იგეგმება პროექტის ჰაკათონი „hack_a_tour“ -ის განხორციელება, სადაც ჩართულები იქნებიან ადგილობრივი ახალგაზრდები. ასევე, დიდი სურვილი გვაქვს, რომ ხარაგაულში ჩავატაროთ ლეგო რობოტების კონკურსი, სადაც სხვა მუნიციპალიტეტებში მოქმედი ინოვაციების ცენტრების კონკურსანტები ჩაერთვებიან.

-რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლა?

-21-ე საუკუნეში ნებისმიერი პროფესიის ადამიანს სჭირდება თანამედროვე განათლება, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლასაც მოიცავს. კარგია, რომ ხარაგაულში მოსწავლეებს  ტექნოლოგიების დაუფლების შესაძლებლობა აქვთ.

-რას შეცვლიდით ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში?

-ჩვენი ცენტრის გაფართოვებას, მეტი აპარატურისა და თანამედროვე ტექნიკის დამატებას ვისურვებდი. ეს უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის ჩვენს მუშაობას.

საბა ებანოიძე