ხარაგაული-ზესტაფონის მონაკვეთზე ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს.

არსებული მოქმედი ლიანდაგის მიმდებარედ (ხარაგაული-ლაშე, ზესტაფონი-შორაპანი) მეორე ლიანდაგი დაიგება და ეს მონაკვეთები მთლიანად ორლიანდაგიანი გახდება. ძირულაში რკინიგზის მშენებლობისთვის ფერდობები ჩამოიჭრება. გარკვეულ ადგილებში დიდი მრუდები შემცირდება. ზესტაფონი-ხარაგაულის მონაკვეთზე მდინარე ძირულაზე ერთი, ხოლო მდინარე ჩხერიმელაზე ორი სარკინიგზო ხიდი აშენდება.

ახალი ლიანდაგისა და ხიდების მშენებლობის პროცესი გარემოზე ზემოქმედებას (მათ შორის ხმაური და მტვერი) გამოიწვევს. გეოლოგიური პრობლემებია მოსალოდნელი ძირულასა და შორაპანში ფერდობების ჩამოჭრის შედეგად.

მშენებლობის პროცესში გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი გააცვნეს დღეს, 2 აპრილს, დაბა ხარაგაულისა და ჯაფაროულის მოსახლეობას გარემოს დაცვის სამინისტროს, „საქართველოს რკინიგზისა“ და საკონსულტაციო ფირმა „გამა კონსალტინგის“ წარმომადგენლებმა ნინო ჩობანიანმა და ჯუღული ახვლედიანმა. მათ განმარტეს, რომ ხარაგაულის რკინიგზის სადგური ადგილზე რჩება და მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის განსახლება არ იგეგმება.

„სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, – ამბობს ჯუღული ახვლედიანი, – მნიშვნელოვანია, რომ თავად მოსახლეობამ მოსთხოვოს რკინიგზის მშენებელს გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულება. ჩვენ მშენებლობის მიმდებარედ ყველა სახლის მდგომარეობას შევისწავლით და შესაძლოა, მშენებელს ხმაურისგან დამცავი ბარიერების დაყენება მოვთხოვოთ. შორაპანსა და ძირულაში სერიოზული გეოლოგიური პრობლემებია მოსალოდნელი, ფერდობების ჩამოჭრის გამო. გამაგრებითი სამუშაოების არასწორად მიმდინარეობის, ან სხვა რაიმე დარღვევისთანავე მოსახლეობამ გარემოს დაცვის სამინისტროს უნდა აცნობოს, რადგან მშენებელი ორგანიზაცია პასუხისმგებლობით არ გამოირჩევა. სამწუხაროდ, მშენებელი გამოყენებულ წყლებსა და ნარჩენებს არასწორად მართავს. ესეც საყურადღებოა.“

ჯუღული ახლედიანის ინფორმაციით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, საბოლოო სახით, თვენახევარში მომზადდება. ამ დოკუმენტმა გარემოს დაცვის სამინისტროს ექსპერტიზა უნდა გაიაროს.

შეხვედრაზე მყოფმა მოქალაქეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რადგან დარბაზში ელექტროენერგიის არქონის გამო, რკინიგზის მშენებლობის პროექტის შესახებ პრეზენტაციას სრულყოფილად, დიდ ეკრანზე, ვერ გაეცვნენ. ამიტომ გარემოს დაცვის სამინისტროსა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები იძულებულები გახდნენ, პროექტის შესახებ პრეზენტაცია დაინტერესებული მოქალაქეებისთვის სათითაოდ, კომპიუტერიდან წარედგინათ.

ახალი რკინიგზის მშენებლობა ქვიშხეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე 2011 წლიდან მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს „საქართველოს რკინიგზის“ დაკვეთით ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო ახორციელებს.

.