ეს ინფორმაცია დღეს, 28 მარტს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე არჩილ მაღრაძემ საკრებულოს ბიუროს წევრებს მიაწოდა.

ბიუროს წევრები პროექტების განხორციელების ეტაპებით დაინტერესდნენ. არჩილ მაღრაძის ინფორმაციით, მოსახლეობამ პრიორიტეტები 78-ვე სოფელში საერთო კრებებზე შეარჩია. მათი როგორც პროექტირება, ისე მშენებლობა, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელდება.

„პროექტებს ორი ინდმეწარმე – ავთანდილ მესხი და ქეთევან ჭიპაშვილი მოამზადებენ, – ამბობს არჩილ მაღრაძე, – რაც შეეხება სამუშაოების შემსრულებლებს, მათ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების რეკომენდაციით შევარჩევთ.“

მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში – გამოღმა ამაშუკეთში, ზედუბანში, ბორში, ლაშეში, ხემაღალში, ლახუნდარასა და პატარა ვარძიაში – მოსახლეობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით წყლის ჭაბურღილების მოწყობას ითხოვს.

პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია გეოლოგის დასკვნა, – ამბობს არჩილ მაღრაძე, – ზუსტად ვიცი, რომ ლახუნდარსა და ბორში მოსახლეობამ გეოლოგის დასაქირავებლად თანხა თავად შეკრიბა. ჭაბურღილის მოწყობა ძალიან ძვირი დაჯდება და კონკრეტული სოფლისთვის ამ პროგრამით გამოყოფილი თანხა არასაკმარისია.“

მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწის, ლაშა გელაშვილის ინფორმაციით, თუ გეოლოგის დასკვნისთვის საჭირო ფინანსები ვერ მოიძიეს და პროექტის განხორციელებას საფრთხე დაემუქრა, გადაწყვეტილებას მოსახლეობის ჩართულობით მიიღებენ. ლაშა გელაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე მუდმივი კომუნიკაცია აქვთ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.

საკრებულო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს პირველი აპრილის სხდომაზე დასამტკიცებლად განიხილავს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამ პროგრამისთვის 860 ათასი ლარია გამოყოფილი.