
წყაროდან წყლით სავსე ჭურჭლებს კვირაში რამდენჯერმე ეზიდება ხარაგაულში, სოფელ წიფში მცხოვრები ზვიად კვირიკაშვილი. უახლოესი წყარო მისი სახლიდან 500 მეტრშია.
„სოფელში, უმეტესად, მოხუცები დარჩნენ, – გვიამბობს ზვიად კვირიკაშვილი, – ამიტომ მათთვის განსაკუთრებით რთულია წყარომდე მოსვლა. უწყლობის გამო ჰიგიენური პრობლემები იჩენს თავს. განსაკუთრებული სირთულეები აგვისტოსა და სექტემბერშია, როცა წყალი, ფაქტობრივად წყაროზეც ძალიან ცოტა მოდის.“
ზვიად კვირიკაშვილი ამბობს, რომ წყლის დებეტი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა. ის ვარაუდობს, რომ ბუნებაში არასწორად ჩარევის შედეგად წყალი, რომლითაც ათეული წლებია, სარგებლობდნენ, დაიკარგა.
„წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა განახლდა, – ამბობს ზვიად კვირიკაშვილი, – ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი სოფლისთვის გამოყოფილი თანხიდან წყლის მილები შევიძინოთ. წყალი წიფიდან ორი კილომეტრით დაშორებულ, სოფელ ღარიხევიდან, უნდა წამოვიყვანოთ.“
ბაზალეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი თემის სოფლების პრობლემებს კარგად იცნობს.
„ჩვენი მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემებიდან წყლის საკითხის მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – სოფლებში წყლის მარაგი თანდათან დაიკარგა. ამიტომ წყლის სათავეებია მოსაძიებელი.
გასულ წლებში ადგილობრივი ხელისუფლება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სასმელი წყლის მილებს ყიდულობდა. პრობლემა თავად მოსახლეობას უნდა მოეგვარებია. სამწუხაროდ, სოფლები დაცლილია და ბიუჯეტის ფულით შეძენილი წყლის მილები რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში ერთ ადგილზე დასაწყობებული დარჩა.
მთელ რიგ სოფლებში აუცილებელია ჭაბურღილების მოწყობა. მერიაში არ გვყავს სპეციალისტი, რომელიც შეისწავლის, რომელ სოფელში რა რაოდენობის წყლის რესურსი შეიძლება იყოს. მხოლოდ მილების შეძენა წყალმომარაგების პრობლემას ვერ მოაგვარებს. დებეტის წინასწარ მოძიებაა საჭირო, რომ სოფლებში სასმელი წყლით მომარაგების გამართული სისტემა შევქმნათ.“
პრობლემა რომ მწვავეა, ამაზე მეტყველებს ის, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტების შერჩევისას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 78 სოფლიდან 34 სოფელში მოსახლეობამ, სხვა საკითხებთან ერთად, წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება მოითხოვა.
„ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, წყლის რესურსების დაცვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, – ამბობს ა/ო „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, – ასოცირების შეთანხმების თანახმად, 2024 წლისთვის საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა მიეწოდოს სუფთა წყალი. ეს იმას ნიშნავს, რომ წყალმომარაგების სისტემა ყველა სოფელში უნდა არსებობდეს. 2020 წლისთვის პარლამენტმა წყლის შესახებ კანონი უნდა მიიღოს. კანონპროექტი უკვე მზად არის. ეს გულისხმობს სააუზე სისტემისა და სააუზე მართვის საბჭოების შექმნას. პრიმიტიული წყალმომარაგების სისტემა აღარ იარსებებს და ის ცენტრალიზებული გახდება. მომხმარებელმა სუფთა, დაწმენდილი წყალი მილსადენით უნდა მიიღოს. სადაც მილსადენი ვერ მოეწყობა, იქ ჭები გაკონტროლდება.
განსაკუთრებით პრობლემური სანიტარული სისტემის აღდგენა და კონტროლი იქნება. მთელ მსოფლიოში სანიტარული სამსახურები ძლიერდება. ჩვენთან კი 2007 წელს გაუქმდა. ამის აღდგენა ძალიან რთულია, მაგრამ ასოცირების შეთანხმება სანიტარული კონტროლის გაძლიერებას როგორც სასმელ, ისე საბანაო წყალზე გვთხოვს.
ამ საკითხების მოგვარება რთულია, მაგრამ უცილებლად შესასრულებელი. 2003 წელს ჩეხეთმა, ასოცირების შეთანხმების მუხლების შესრულებას რომ იწყებდა, ბევრი ფული დახარჯა ყველა სოფლისთვის სუფთა წყლის მისაწოდებლად. პირველ რიგში, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ სუფთა წყალი მივიღოთ. თუ ამ საკითხებზე მუშაობა ახლავე არ დავიწყეთ, შედეგამდე ვერასდროს მივალთ. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროკავშირისთვის.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ 2019 წელი „წყლის წლად“ გამოაცხადა. წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივ ბიუჯეტში 80 ათასი ლარი დაიგეგმა. მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში ინფორმაცია წერილობით წარადგინეს, თუ რომელ სოფელშია წყალმომარაგების პრობლემა. უახლოეს ხანში გაირკვევა, კონკრეტულად რომელ სოფლებს შეარჩევს მერია მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად.
ნინო კაპანაძე
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს