ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ხარაგაულის „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრს“ 5 300 ლარის გადახდა დააკისრა.

ეს თანხა ი/მ „ლამარა ნაკაშიძეს“ უნდა გადაერიცხოს.

2016 წლის 6 ივლისს ხარაგაულის „მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრმა“ (დირექტორი ბერიკა თურმანიძე) ხელშეკრულება ი/მ „ლამარა ნაკაშიძესთან“ გააფორმა კატალოგის – „საქართველო, დრო, ადამიანები“ (10 ეგზემპლარი) შესასყიდად. ხელშეკრულების მიხედვით, ინდმეწარმეს 1 500 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარებში 2016 წლის 10 ნოემბრამდე უნდა მიეღო.

წიგნში „საქართველო, დრო, ადამიანები“ შესულია ცხრა მუნიციპალიტეტის, მათ შორის ხარაგაულის, ღირსშესანიშნავი ადგილები.

„სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ ამჟამინდელი დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი განმარტავს, რომ წიგნი ი/მ „ლამარა ნაკაშიძემ“ დამკვეთს 2016 წლის დეკემბერში მოუტანა, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა.

გრიგოლ ჭიპაშვილისთვის უცნობია, რატომ არ გადაუხადეს ერთი წლის მანძილზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ი/მ „ლამარა ნაკაშიძეს.“ ის ამბობს, რომ როცა 2018 წლის 10 აპრილს „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ დირექტორად დაინიშნა, სასამართლო დავა უკვე მიმდინარეობდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხარაგაულის „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრს“ ი/მ „ლამარა ნაკაშიძის“ სასარგებლოდ 1 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდასთან ერთად დაეკისრა 2017 წლის პირველი იანვრიდან 29 ივლისის ჩათვლით ყოველდღიური პირგასამტეხლოსა (0,1%) და ამ ინდმეწარმის მიერ სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 327 ლარის გადახდა.

„ეს არის შეგნებული უპასუხისმგებლობა, – აღნიშნა დღეს, 18 მარტს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა კომისიის სხდომაზე, – დღეს ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი და გავწიოთ დამატებითი ხარჯი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად. ბევრი შეკითხვა მაქვს და უახლოეს ხანში, ალბათ, გავარკვევთ, რატომ დაიდო ხელშეკრულება დოლარში, რატომ არ გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი და რატომ არ გადაიხადეს თანხა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში.“

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ მაშინდელ დირექტორ ბერიკა თურმანიძესა და ი/მ „ლამარა ნაკაშიძესთან“ დაკავშირება ვერ შევძელით. მათ ტელეფონები გამორთული აქვთ.