ხარაგაულელი მეფუტკრის, ლაშა გურგენიძის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მეფუტკრეობა ნადგურდება.

მისივე მტკიცებით, ძალიან მალე კატასტროფულ შედეგებს მივიღებთ. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება იმ ოჯახებისთვის, რომელთა ერთადერთი შემოსავალი თაფლის რეალიზაციაა. ლაშა გურგენიძე ფუტკრის მასობრივი განადგურების მიზეზად ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობას მიიჩნევს.

-2018 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, საფუტკრეებში ძარცვა შეინიშნებოდა. ამავე პერიოდში ფუტკარი მასიურად გაწყდა, – გვიამბობს ლაშა გურგენიძე, – ეს ტკიპამ, იგივე ვარვატოზმა გამოწვია. თუ წლის განმავლობაში სამ-ოთხ მკურნალობას ვატარებდით ტკიპაზე, შარშან 12-ჯერ წამლობამაც აღარ უშველა. მეფუტკრეობაში საქმიანობის 35 წლის გამოცდილება მაქვს და მსგავი პრობლემები არასდროს მინახავს.

ავხსნი ტკიპის მასიურად გამრავლების მიზეზს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს გამოიწვია ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიურმა წამლობამ. ქიმიური წამლობა საფუტკრეში მთავარი ღალიანობის დაწყებას, ივნისის მეორე ნახევარს, დაემთხვა. ვთხოვე, ვისთანაც ხმა მიმიწვდებოდა, რომ ორი კვირით გადაევადებინათ შეწამვლა. სამწუხაროდ, ჩემმა თხოვნამ არ გაჭრა.

მოღალე ფუტკარს, რომელიც სკიდან ნექტარის შემოსატანად გადის, თან გააქვს სკაში არსებული ნაგავი. დაზიანებულ ბარტყს, სადაც ტკიპაა, ძიძა ფუტკარი ნახულობს, თავს ჭრის და სკაში აგდებს. ის კი სკიდან გარეთ მოღალე ფუტკარს სხვა ნარჩენებთან ერთად გამოაქვს. მოღალე ფუტკარი სკაში უკან ვეღარ დაბრუნდა და შესაბამისად, ტკიპაც სკაში დარჩა. როგორც კი ამას დავაკვირდი, ჩემი ხელით დავიწყე ტკიპების სკიდან გადაყრა. ერთ ფუტკარზე 4-5 ვარვატოზი იჯდა. ეს იმ დროს დაემთხვა, როცა მეფუტკრე სკას აღარ ნახულობს. კვება შეწყვეტილია. ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე ფუტკრის 80% ტკიპით დაავადდა.

რაც შეეხება საფუტკრეების „ქურდობას,“ ძალიან დაზარალდნენ ფუტკრის ძლიერი ოჯახები იმიტომ, რომ ახლები თავიანთ მუშა ფუტკარს მეტად უფრთხილდებიან და დიდი ინტენსივობით გარეთ არ უშვებენ. ძლიერი ოჯახების მოღალე ფუტკრები სკებში ვეღარ დაბრუნდნენ და სუსტებმა მათი სკების „ძარცვა“ დაიწყეს. თან „ქურდობა“ ხდებოდა შემოდგომაზე და წესით, ეს გაზაფხულზე უნდა ყოფილიყო. ასეთი ანომალიები ბუნებაში ჩვენმა არასწორმა ჩარევამ გამოიწვია.

არ ვიცი, რა შემადგენლობის არის ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური პრეპარატები. ის კი ზუსტად ვიცი, რომ შეწამვლები ქაოტურად კეთდებოდა, არავის დაუცავს წესები. ახლა შევიტყე, რომ ფაროსანას უფრო ძლიერი ქიმიური პრეპარატებით უნდა ვებრძოლოთ. დამიჯერეთ, ეს იქნება კატასტროფა. მითხარით ვინმემ, დაანგარიშებულია, რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ფაროსანამ და რა ზიანი მისმა საწინააღმდეგო შეწამვლამ?! მე ამ ინფორმაციას ვერსად მივაკვლიე. ჩვენი შთამომავლობა ძალიან ცუდად იწვნევს ამას. აქ არ არის საუბარი მარტო ფუტკარზე. ფაქტობრივად, ისპობა მიკროფლორა, სხვა სასარგებლო მწერები, რომელთაც ნიადაგი უნდა გაანაყოფიერონ. სისტემატურად ვაკვირდები ბუნებას და ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის შემდეგ ბევრი მკვდარი ჩიტიც ვნახე.

ძალიან კარგია ფაროსანასთან მექანიკური ბრძოლა. ეს უკეთეს შედეგს მოგვცემს, ვიდრე ქიმიური პრეპარატის უსისტემო შეფრქვევა. ამავე დროს ბუნებაში არსებობს ბუნებრივი გადარჩევა და აზიური ფაროსანა თავისით გადაშენდება. მხოლოდ დრო უნდა. ჯობია, ახლა გავიჭირვოთ, ვიდრე სამუდამოდ მშივრები დავრჩეთ.

ყველა, ვისაც გული შეგვტკივა, ამ პროცესს უნდა შევეწინააღმდეგოთ და სხვა რაიმე გონივრული მექანიზმები მოვიფიქროთ ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, ვიდრე ქიმიური წამლობაა.