სოფელ ბორითში მცხოვრები თემურ გამცემლიძე, 30 წელია, მეფუტკრეობას მისდევს.
შარშან მას 80 სკიდან 30 გაუნადგურდა. ამის მიზეზად ის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობას ასახელებს. მეფუტკრე მიიჩნევს, რომ გამოცდილ, კვალიფიციურ სპეციალისტებთან შეხვედრა და ამ პრობლემებზე საუბარი აუცილებელია. თემურ გამცემლიძე ამბობს, რომ ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან.
ადგილობრივი ფერმერების ინფორმირება, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებში მოსალოდნელი რისკებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ვალდებულებაა.
რა პერიოდულობით ხვდებიან სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, რა სახის დახმარება სჭირდებათ ადგილობრივ ფერმერებს და რა სიახლეებია მოსალოდნელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან, – ამის შესახებ ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროს ბონდო კიკნაველიძეს ვესაუბრეთ.
„გასულ წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა გახლდათ, – ამბობს ბონდო კიკნაველიძე, – სამინისტროს მიერ გამოცემულ საინფორმაციო ბროშურებსა და გაზეთებს მოსახლეობას ვაწვდიდით. შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოცივე თემში ჩავატარეთ. ვესაუბრებოდით აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკურ მეთოდებზე. ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიურ წამლობას სურსათის ეროვნული სააგენტო აწარმოებდა. წელს ეს პროცესი უფრო ინტენსიურად წარიმართება.
ფაროსანას ერთ-ორ წელიწადში ვერ მოვერევით. ათი წელია, ამერიკა ფაროსანას ებრძვის. 33 მილიონი დოლარი იზარალა ამერიკის სოფლის მეურნეობამ. ძლიერი ქვეყანა ასეთ ზარალს გაუძლებს, მაგრამ ჩვენ ფერმერს ორი ძირი პამიდორი რომ აქვს, იმასაც უსპობს. ამიტომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საყოველთაო ბრძოლა უნდა გამოვაცხადოთ.
-ბატონო ბონდო, მეფუტკრეები ამბობენ, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიურმა წამლობამ ფუტკარი მასობრივად გაანადგურა. მოგმართავენ თუ არა ამ პრობლემით ხარაგაულელი მეფუტკრეები?
-რა თქმა უნდა, მსმენია ამ პრობლემის შესახებ. თუმცა, არ ვეთანხმები, რომ ფუტკარი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიურმა წამლობამ გაანადგურა. მეფუტკრეობის დარგის სპეციალისტი არ ვარ. ამიტომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ მეფუტკრეებს გამოცდილი და კვალიფიციური კოლეგები შეხვდნენ. აუცილებლად უნდა გაირკვეს და დადგინდეს ფუტკრის განადგურების რეალური მიზეზები.
სოფლის მეურნეობის სამინისტროდან კითხვარი გამოგვიგზავნეს, თუ რა საკითხზე სურთ ინფორმაციის მიღება ხარაგაულელ ფერმერებს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხარაგაულში აუცილებელია მეფუტკრეობაში წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებით შეხვედრა შედგეს. დარგის სპეციალისტები ხარაგაულში, სავარაუდოდ, აპრილში ჩამოვლენ. ამის შესახებ მოსახლეობას დამატებით ვაცნობებთ.
ხარაგაულელი ფერმერების ნაწილი შეხვედრებზე გვეუბნებოდა, რომ ფაროსანამ თხილი გაუნადგურა. მოსახლეობას არც ამ საკითხში ვეთანხმები. ფაროსანას გარდა არის თხილის სხვადასხვა დაავადება, – სიდამპლე, ნაცარი. თუ თხილის ნარგავები სარეველებით არის გადავლილი, იქ კარგი მოსავლის მიღება გაჭირდება. სამწუხაროდ, თხილი ქიმიური წამლობის გარეშე მოსავალს ვეღარ მოგვცემს. როგორც ვაზს ვწამლავთ, ისეთივე შეწამვლა სჭირდება თხილსაც. თხილის მოვლის შესახებ გამოცემულ პრაქტიკულ სახელმძღვანელოს მოსახლეობას შეხვედრებზე ვურიგებთ.
-ბატონო ბონდო, გასაგებია, რომ მოსახლეობა საკუთარი ძალებითაც უნდა ებრძოლოს აზიურ ფაროსანას. თუმცა, ხარაგაულში ბევრი დაკეტილი სახლია, სადაც ფაროსანა მრავლდება.
-მადლობა ამ შეკითხვისთვის. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში თათბირზე დაისვა ეს შეკითხვა. დანამდვილებით ვერ გეტყვით, ეს როგორ განხორციელდება, მაგრამ სავარაუდოდ, იგეგმება იმ სახლების ქიმიური ხსნარებით დამუშავება, სადაც ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ეს თითოეულ ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ მოხდება.
–სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს დაემატა ახალი ქვეკომპონენტი – „კენკროვანი კულტურები“, რომელიც ითვალისწინებს ლურჯი მოცვის, მაყვლისა და ჟოლოს ბაღების გაშენების დაფინანსებას. მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ კენკროვანი კულტურის გაშენებისთვის ფერმერი 0.15 ჰა-დან 0.5 ჰა-ის ჩათვლით ფართობს უნდა ფლობდეს. რამდენად დაინტერესდნენ ხარაგაულელი ფერმერები ამ პროექტით?
-პროგრამის – „დანერგე მომავალი“ – გასაცნობად მოსახლეობას თავად იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე ხვდებოდა. ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები წინასწარ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით სოფლებში დავდიოდით. მოსახლეობა ამ შეხვედრებზე ნაკლებად მოდიოდა. რა იყო ამის მიზეზი, არ ვიცი.
წელს მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს ვთხოვე, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე „დანერგე მომავალის“ შესახებ საუბრის შესაძლებლობა მოეცა. მინდა მადლობა ვუთხრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს. ჩვენ მოსახლეობას ხარაგაულის ოცივე თემის 78 სოფელში შევხდით. ამ შეხვედრებმა შედეგი გამოიღო და 16 ხარაგაულელი ფერმერი პროგრამაში ჩაერთო. მათი დოკუმენტაცია კენკროვანი კულტურის გაშენების თაობაზე პროექტების მართვის სააგენტოში პირველ ეტაპზე მოიწონეს.
ჩვენ მათ მიწის ანალიზის გასაკეთებლად სპეციალისტების მოძიებასა და საბუთების მოწესრიგებაში დავეხმარეთ. მიწის ანალიზი საქართველოში სამ ლაბორატორიაში კეთდებოდა. ორი მათგანი თბილისშია განთავსებული, ერთი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში. ჩვენ ოზურგეთელ სპეციალისტებს დავუკავშირიდით. ისინი თავად მოდიოდნენ ადგილზე და იღებდნენ ნიადაგის ნიმუშს. ფერმერს ანალიზში 200-240 ლარის გადახდა უწევდა. პროექტის დაფინანსების შემთხვევაში მას ეს თანხა უკან დაუბრუნდება.
პროექტის ფარგლებში ფერმერი ნერგთან ერთად მიიღებს სამულჩე სისტემას, ლითონის უჟანგავ ბოძებს, მავთულს, მორწყვის წვეთოვან სისტემას და სხვ. კენკროვანი კულტურის გაშენების პროექტი ხარაგაულში აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო. მიხარია, რომ ჩვენი მუშაობა ამ კუთხით შედეგიანი აღმოჩნდა.
უახლოეს მომავალში პროექტების მართვის სააგენტო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს. პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე (განსაკუთრებით მოსავლის ამღები ტექნიკა, როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი) ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც ოთხი მილიონი ლარია, სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე შეადგენს შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150 000 ლარისა.
-ბატონო ბონდო, გასულ წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში 10 ათასი ლარი დაიგეგმა სოფლის მეურნეობის განვითარების დასაფინანსებლად. სამწუხაროდ, ეს თანხა ვერ გაიხარჯა და წლის ბოლოს სხვა მუხლში გადაიტანეს. ამ მიმართულებით წელსაც იგივე თანხაა გათვალისწინებული. თუ გეგმავს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური ამ თანხით რაიმე პროექტის განხორციელებას?
-მოგეხსენებათ, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო. ამიტომ წელს საკუთარი მეურნეობის განვითარებით დაინტერესებულ ხარაგაულელებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წარმატებულ ფერმერულ მეურნეობებს გავაცნობთ. წინასწარ გეგმა-გრაფიკი შევიმუშავეთ. ჩემი სურვილია და ხარაგაულში მოსახლეობასთან შეხვედრებზეც გამოიკვეთა, რომ ახალი ინფორმაცია მიიღონ საფუტკრე მეურნეობის მოვლის თანამედროვე ხერხებსა და მეთოდებზე. გვინდა დაიბეჭდოს წიგნი მეფუტკრეობის ახალ გამოწვევებსა და თანამედროვე მიდგომებზე. ამ საკითხებზე მუნიციპალიტეტის მერს უკვე ვესაუბრე. უახლოეს ხანში ჩვენს მოსაზრებებს პროექტის სახით დავწერთ და დასაფინანსებლად მერიაში წარვადგენთ.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი