კონკურსის მიზნებსა და ამოცანებზე დღეს, 14 მარტს, ხარაგაულში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ხარაგაულელ მასწავლებლებს შარშანდელი კონკურსის საუკეთესო ათეულის წევრი, ჟიურის რჩეული, ბაზალეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მფლობელი ნინო გურეშიძე შეხვდა.

„მასწავლებლები თავმდაბლობით გამოვირჩევით, საკუთარ მიღწევებსა და წარმატებებზე საუბარი არ გვიყვარს, – აღნიშნა ნინო გურეშიძემ ხარაგაულში გამართულ შეხვედრაზე, – ბევრს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოსწავლეებს ცოდნის მიცემასთან ერთად ისეთი უნარ-ჩვევები განვუვითაროთ, რომლებიც მათ 21-ე საუკუნეში პრაქტიკულად გამოადგებათ.

რა მეთოდებით აღწევთ მოსწავლეებთან შედეგებს, რა სამომავლო გეგმები გაქვთ საქმიანობაში, – ეს უნდა გადმოსცეთ მოკლედ და ორიგინალურად აპლიკაციაში. კარგად უნდა დაფიქრდეთ, რა გამოცდილების გაზიარება შეგიძლიათ კოლეგებისთვის.“

სააპლიკაციო ფორმის შევსებასთან ერთად აუცილებელია კონკურსში მონაწილე მასწავლებელმა ვებ-გვერდზე http://www.tprize.ge სამი რეკომენდაცია ატვირთოს. რეკომენდატორი შესაძლოა იყოს მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი, სკოლის დირექტორი, თემის წარმომადგენელი და სხვ.

რა სარგებლობას მოუტანს კონკურსში მონაწილეობა მასწავლებლებს? ამ შეკითხვაზე ნინო გურეშიძე პასუხობს, რომ პირველ რიგში, მან საკუთარი შესაძლებლობები და გამოცდილება გააანალიზა, წარმატებამ თვითდაჯერებულობა შემატა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრები ხშირად იკრიბებიან და განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს ექსპერტებს აცნობენ. ნინო გურეშიძე ამბობს, რომ ახლახან განათლების მინისტრის მიერ წარმოდგენილი ზოგადი განათლების რეფორმა მათთან კონსულტაციითაც შემუშავდა.

კონკურსში მონაწილეობისთვის სააპლიკაციო ფორმის შევსება 20 აპრილის ჩათვლითაა შესაძლებელი. 15 ივნისისთვის ათი საუკეთესო მასწავლებელი დასახელდება, 5 სექტემბერს – ხუთეული გამოვლინდება, ხოლო 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს – კონკურსის გამარჯვებული.

ნინო გურეშიძემ შეხვედრაზე მყოფ კოლეგებს მოუწოდა, რომ აუცილებლად ჩაერთონ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში. ის დარწმუნებულია, რომ ათეულში ხარაგაულელ მასწავლებლებს მოხვედრა არ გაუჭირდებათ.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ორგანიზატორია კოალიცია განათლება ყველასათვის. 2017 წელს კონკურსის გამარჯვებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის მასწავლებელი ლადო აფხაზავა გახდა. შარშან კი ეს ტიტული ბაღდათის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მანანა კაპეტივაძემ მოიპოვა.

ნინო კაპანაძე