ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი გასულ წელს ხუთი მუნიციპალური ააიპ-ის გაერთიანებით ჩამოყალიბდა. ცენტრალური ბიბლიოთეკა, ისტორიული მუზეუმი, კულტურის ცენტრი, ხალხური შემოქმედების სახლი და ლიტერატურული თეატრი – რას მოხმარდა ამ ააიპ-ების რეორგანიზაციით დაზოგილი თანხა, რა შეიცვალა და რისი გაკეთებაა სასურველი მეტი დაფინანსების პირობებში, – ამ და სხვა საკითხებზე ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი გვესაუბრება.

-ხუთი ორგანიზაციის გაერთიანებით შექმნილი ცენტრის ხელმძღვანელობა ჩემთვის თავიდანვე დიდი გამოწვევა იყო. თუმცა, აუცილებელი ცვლილებების ცივი გონებით განხორციელებას შევეცადე. ფინანსების განაწილების თვალსაზრისით, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ლიტერატურულ თეატრსა და ისტორიულ მუზეუმში ნორმალური მდგომარეობა იყო. კულტურის ცენტრსა და ხალხური შემოქმედების სახლში კი ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება თითქმის სრულად შრომის ანაზღაურებას ხმარდებოდა. ხალხური შემოქმედების სახლში 40 ათასი ლარი სუბსიდიიდან მხოლოდ 400 ლარი იყო განკუთვნილი ხარჯებისთვის. ანალოგიური მდგომარეობა იყო კულტურის ცენტრშიც.

რეორგანიზაციის პირობებში მომიწია ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება. მათი ნაწილი გადავიყვანე პროგრამულ დაფინანსებაზე, მაგალითად ანსამბლი „კახორი“. იმ პირებს, ვინც ხარაგაულში არ ცხოვრობდა, თუმცა ხელფასს კულტურის ცენტრიდან იღებდნენ, ხელშეკრულება აღარ გავუგრძელე. მიუღებლად მიმაჩნია, ადამიანებს სხვა რეგიონში ვუგზავნო ხელფასი. გასაგებია, რომ მათ უჭირთ, მაგრამ ეს გაჭირვებულების დახმარების სამსახური არაა. რეორგანიზაციის მთავარი ეტაპი დასრულებულია. თუმცა მე ყოველთვის მზად ვარ, სიახლეები დავნერგო სამსახურში. შესაძლოა საშტატო განრიგში გადანაცვლება, თუმცა რაიმე სერიოზული ცვლილებები არ იგეგმება.

რეორგანიზაცია ძალიან რთული იყო იმ სამსახურებისთვის, რომლებიც წლების მანძილზე ცალკე ააიპ-ებად ფუნქციონირებდნენ. მათ თავიანთი გეგმები, პროექტები და ხედვები ჰქონდათ. ამიტომ ჩვენი საერთო პრიორიტეტები ამ სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად დავგეგმე.

მიმაჩნია, რომ ჩემს კოლექტივთან ერთად ძირითადი პრობლემები მოვაგვარეთ და ერთიანი სისტემა ჩამოვაყალიბეთ. ბიბლიოთეკაში ხარჯი მაქსიმალურად შევამცირე და გამოთავისუფლებული თანხა იმ სამსახურებისკენ მივმართე, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირდა.

რეორგანიზაციით გასულ წელს დაზოგილი 40 ათასი ლარიდან 25 ათასი ლარით საჭირო ელექტროტექნიკა შევიძინეთ. დაზოგილი თანხით შევაკეთეთ კინოთეატრის სახურავი და შევღებეთ კინოთეატრის სარეპეტიციო ოთახები. 7 ათასი ლარით დავაფინანსეთ ანსამბლ „უბისის“ გამგზავრება ბულგარეთში ქორეოგრაფიულ ფესტივალზე. 3 ათასი ლარი დავხარჯეთ იმერეთის თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობისთვის.

გასულ წელს მიღებული საკუთარი შემოსავალი –  4 ათას ლარამდე, სხვადასხვა ხარჯებისთვის გამოვიყენეთ“.

ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს კულტურისა და ხელოვნების ცენტრი 652 ათასი ლარით დაფინანსდა. აქედან 117 თანამშრომლის შრომის ასანაზღაურებლად 556 ათასი ლარი იხარჯება, ხოლო დარჩენილი 91 ათასი ლარი ხარჯებისთვისაა გათვალისწინებული. კულტურისა და ხელოვნების ცენტრი წელს 5 ათასი ლარის ოდენობით საკუთარი შემოსავლის მიღებას გეგმავს.

ნიკოლოზ მაჭავარიანის ინფორმაციით, წლევანდელ ბიუჯეტში 15 ათასი ლარია დაგეგმილი ცენტრის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად.

„წელს აუცილებლად მოეწყობა სველი წერტილები ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკასა და ხალხური შემოქმედების სახლში. ვაპირებთ კინოთეატრის სახურავის შეკეთებას, რადგან წვიმების დროს რამდენიმე ადგილას წყალი ისევ ჩამოვიდა. შესალესია მუზეუმის კედელი და მოსაწესრიგებელია სახურავის სანიაღვრე. კულტურის ცენტრის ორი ოთახის გაერთიანებით გვინდა სარეპეტიციო დარბაზი მოვაწყოთ.

ქორეოგრაფიულ ანსამბლ „საუნჯეს“ წევრები წლების განმავლობაში ცუდ პირობებში მეცადინეობდნენ. შარშან შენობაში ელექტროენერგია შევიყვანეთ. წელს სველ წერტილსა და სარეპეტიციო დარბაზს მოვაწესრიგებთ. ასევე დავაფინანსებთ ამ ანსამბლის ქორეოგრაფიულ ფესტივალებში მონაწილეობას.

„მუნიციპალიტეტის სოფლებში კულტურული ცხოვრების განვითარებას ხელშეწყობა სჭირდება. მერიისაგან კიცხის, ვერტყვიჭალისა და ბორითის კულტურის სახლების შენობების ჩვენს ბალანსზე გადმოცემა მოვითხოვეთ. გადმოცემის შემდეგ შევეცდებით, გამოვნახოთ თანხები მათთვის საჭირო ტექნიკისა და ინვენტარის შესაძენად. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კიცხის კულტურის სახლში. სოფლებში ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები, რომლებიც ამ დარბაზებს სარეპეტიციოდ გამოიყენებენ. მიღებული შემოსავალი კი ისევ კულტურის სახლებს მოხმარდება.

2017 წელს საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ განახორცილელა პროექტი, რომლის ფარგლებშიც ლეღვნის, ვერტყვიჭალისა და პატარა ხარაგაულის ბიბლიოთეკებში საინფორმაციო ცენტრები მოეწყო – კომპიუტერითა და ციფრული აპარატურით აღიჭურვენ, ინტერნეტი შემოვიდა. ამ ბიბლიოთეკებში მკითხველთა ნაკადი გაიზარდა. შევეცდებით, საინფორმაციო ცენტრები წელს სხვა ბიბლიოთეკებშიც გავხსნათ.

ჩემთვის სოფლებში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება პრიორიტეტულია. მეტი დაფინანსების შემთხვევაში სოფლებში ცეკვისა და სიმღერის წრეებს ავამოქმედებდი, ყველა სასოფლო ბიბლიოთეკაში საინფორმაციო ცენტრებს გავხსნიდი, ბიბლიოთეკაში წიგნად ფონდს განვაახლებდი, რადგან ძველი წიგნები უკვე დაავადებების მატარებლები არიან. მთლიანად შევცვლიდი მუზეუმის შიგა ინფრასტრუქტურას და ექსპონატებს სრულ რესტავრაციას ჩავუტარებდი.

ორი წელია, მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ბიბლიოთეკის უკან მდებარე 0.05 ჰა მიწის ნაკვეთი გადმოგვცა. ამ ადგილას ღია დარბაზის მოწყობა გვსურს, პატარა სცენითა და ბაღის ძელსკამებით. ეს იქნება ყვავილებში ჩაფლული დარბაზი, რომელიც ზაფხულში უამრავ ღონისძიებას უმასპინძლებს. თუმცა, ესეც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. რამდენიმე წელია, ლიტერატურული თეატრის კონკურსი „ოდეონი“ უსახსრობის გამო ვეღარ ტარდება.

კულტურისა და ხელოვნების ცენტრი 2019 წელს საბიბლიოთეკო გაერთიანებაში მწერლებისა და პოეტების იუბილეებთან დაკავშირებით ღონისძიებებს, პროექტის „შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან“ გაგრძელებას გვპირდება. საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში ინტელექტუალურ ღონისძიებაში „რა? სად? როდის?“ დ. ხარაგაულისა და სოფლების გუნდები ჩაერთვებიან. ცენტრალური და საბავშვო განყოფილებების აქტიური მკითხველებისთვის ექსკურსია მოეწყობა.

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა ახლახან სპექტაკლის „ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი“ პრემიერა შემოგვთავაზა. გაზაფხულზე გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის „ხორუმი ქართული ცეკვაა“ მიხედვით კიდევ ერთ სპექტაკლს დადგამს.

თებერვალში რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულმა თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი „მე თქვენ მიყვარხართ“. 10 მარტს კი თბილისში მსახიობ იაკობ ტრიპოლსკის დაბადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპექტაკლს გამართავს.

მუზეუმში სკოლის მოსწავლეებისთვის გაგრძელდება ტრადიციული ღონისძიებები „პატარა არქეოლოგები“, „ჩვენ ვხატავთ ანიმაციას“, „მოხატული კერამიკა“, „ჩემი პატარა ხელებით“. მაისში მუზეუმი ეროვნული სამოსის დღესა და მუზეუმის საერთაშორისო დღეებს აღნიშნავს.

კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალური ანსამბლი „უბისი“ ახალ პროგრამაზე მუშაობს. ფოლკლორის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით მოვიწვიეთ ლოტბარი ზურაბ გოგოლაძე. ახალ პროგრამაზე მუშაობს ასევე ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ხარაგაულის ხმები“ (ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე). ორივე ანსამბლი ერთობლივი კონცერტით გაზაფხულზე წარსდგება ხარაგაულელი მაყურებლის წინაშე. ივნისში იგეგმება ქორეოგრაფიული ფესტივალი „კიდევაც დაიზრდებიან“.

ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გრძელდება პროექტი უსინათლოებისთვის ბრაილის შრიფტის შესასწავლად. წელს ამ პროექტის ხანგრძლივობა ოთხი თვიდან რვა თვემდე გაიზრდება. ბენეფიციარებისთვის, ბრაილის შრიფტისა და ციფრული ტექნოლოგიების სწავლების გარდა, სხვა აქტივობებიც იგეგმება.

თამთა გოგოლაძე