47 წელი სკოლაში ჟურნალით ხელში გაატარა. თავდადებული შრომით, გაკვეთილებზე ახალი მეთოდების გამოყენებით კოლეგებისა და მოსწავლეების სიყვარული დაიმსახურა. მისთვის ყველაზე დიდი სიხარული ყოფილ მოსწავლეებთან შეხვედრა, მათგან გულწრფელი მოკითხვა და დაფასებაა.

ნარგიზი შარიქაძე-კიკნაძე მრავალშვილიანი დედაა. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ოთხი შვილი აღზარდა. ქალბატონ ნარგიზის დედის დღესთან დაკავშირებით ვესტუმრეთ, სასკოლო და ოჯახური ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების გახსენება ვთხოვეთ.

„წარმოშობით ფარცხნალიდან ვარ, – გვიამბობს ნარგიზი შარიქაძე, – შვიდი კლასი ფარცხნალის სკოლაში ვსწავლობდი. ჩემს პროფესიულ არჩევანზე დიდი გავლენა პირველმა მასწავლებელმა მარო ბუაჩიძემ მოახდინა. სახლში მასავით მოვისხამდი პალტოს, დავდგებოდი სარკესთან და „გაკვეთილს ვატარებდი“. სწავლა ხარაგაულის #1 სკოლაში გავაგრძელე. მათემატიკის მასწავლებელ ნოესპი ბუაჩიძეს ჩვენს კლასში გაკვეთილის ჩატარება უხაროდა. დამამთავრებელ კლასში კლასის ხელმძღვანელი ინესა კელენჯერიძე იყო. მან კიდევ უფრო მეტად შემაყვარა მათემატიკა. თავიდანვე მქონდა რწმენა, რომ მასწავლებელი ვიქნებოდი.

სკოლის დამთავრებისთანავე გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. 1965 წელს საღანძილის სკოლაში მუშაობა უფროს პიონერხელმძღვანელად დავიწყე. შემდეგ მოხდა ისე, რომ ჩემმა მომავალმა მეუღლემ, შაქრო კიკნაძემ, აქედან აღარ გამიშვა. 50 წელია, რაც საღანძილეში ვცხოვრობ. ოთხი შვილი და ექვსი შვილიშვილი გვყავს. ქალიშვილმაც მასწავლებლობა მოისურვა და ახლა სვირის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებელია. რძალიც საღანძილის სკოლაში დაწყებით კლასებში ასწავლის.“

1998-2003 წლებში ნარგიზი შარიქაძე საღანძილის სკოლის დირექტორად მუშაობდა. თანამდებობა ნაკლებად მაინტერესებდა, რადგან მოწოდებით პედაგოგი ვარო, – ამბობს. ამიტომ დირექტორობას ადვილად შეელია. 2012 წელს კი სკოლიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, წავიდა.

ქალბატონი ნარგიზი დიდი სიყვარულით იხსენებს ყოფილ კოლეგებს, რომლებმაც ახალგაზრდა მასწავლებელი სკოლაში თბილად მიიღეს. დედა არ მეფერებოდა ისე, როგორც უფროსი კოლეგებიო, – იხსენებს. ამაყობს მოსწავლეებით. ისინიც არ ივიწყებენ. მიაჩნია, რომ მასწავლებლის უმთავრესი თვისება სამართლიანობაა.

„ძალიან კარგი მოსწავლე იყო ტარიელ კიკნაძე, – იხსენებს ნარგიზი შარიქაძე, – უმაღლესში რომ ჩაირიცხა, მოვიდა და მომახარა, ნარგიზი მასწავლებელო, გამოცდაზე რომ საკითხი შემხვდა, თქვენგან გაკვეთილზე ახსნილი გამახსენდა და ის დავწერე, ხუთიანი მივიღე და მადლობელი ვარო. ტარიელი რუსულ ენაზე თავისუფლად საუბრობდა. მოსწავლეები ამის გამო დასცინოდნენ. მივიდოდი, დავუდებდი რუსულ ენაზე ამოცანას და ვეტყოდი, აბა, ტარიელ, გადამითარგმნე. ისიც ხალისით თარგმნიდა.

გულადი ყრუაშვილი ნიჭით გამოირჩეოდა, მაგრამ ზარმაცობდა. ვეტყოდი, აბა, გულადი, ხვალისთვის მოემზადე, გეომეტრიაში გაკვეთილს ჩემ მაგივრად შენ ჩაატარებ-მეთქი. უხაროდა, ეს მისთვის დიდი სტიმული იყო.

მოსწავლეებთან ხმამაღლაც კი არ მისაუბრია. ამის უფლებას ჩემი შვილებიც არ მომცემდნენ. ოთხივეს ვასწავლიდი. მოდი, ხვალ საკონტროლო წერა გაქვს და გამეცადინებ-მეთქი, რომ ვეტყოდი შვილებს, უარს მეუბნებოდნენ. მერე ჩვენი კლასელები ხომ ცოდვები არიან, იმათ ხომ არავინ ამეცადინებსო, – მპასუხობდნენ. ასეა ახლა ჩემი შვილიშვილიც. ნუგზარ კიკნაძემ მითხრა ერთხელ ჩემს ქალიშვილზე, – მასწავლებელო, თქვენ ახლა ქეთინოს ჩაგრავთ, ოთხიანს რომ უწერთ, სხვა რომ იყოს, ხუთიანს ხომ დაუწერდითო.

სკოლის დირექტორად რომ ვმუშაობდი, ქვეყანაში მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. 28 ლარი იყო დირექტორის ხელფასი და იმასაც დროულად ვერ ვიღებდით. ამის მიუხედავად, ყველა დოკუმენტს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი. ღამე ვმუშაობდი. მასწავლებლობასთან ერთად, ძნელი იყო ოჯახის დიდი მეურნეობის მოვლა-პატრონობა. მეუღლე და დედამთილი მეხმარებოდნენ. შვიდი წლის იყო უფროსი ვაჟი, უმცროსი რომ დაიბადა. მაშინ ამდენ შვილს არ აჩენდნენ. მე კი ძალიან მინდოდა ოთხი შვილი მყოლოდა. ცხოვრებაში მთავარი შვილები ყოფილა. ზაზა, ზურიკო, ქეთინო და გია არის ჩემი სიმდიდრე. დედობა ყველა ქალმა უნდა გამოცადოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენს საქმეში, რასაც ხელს მოკიდებ, წარმატებული და პროფესიონალი გახდე.

ქალბატონებსა და დედებს ჯანმრთელობას და ოჯახებში მშვიდობას გისურვებთ. ბოლოს და ბოლოს, ამ ქვეყანაში ხომ უნდა გვეღირსოს ნორმალური ცხოვრება. ამისთვის კი თითოეულმა ჩვენგანმა ბევრი უნდა ვიშრომოთ.“

ნინო კაპანაძე