განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 12 თებერვალს გაიმართა კონფერენცია „ერთად სკოლამდელი განათლების განვითარებისთვის“.

ღონისძიება ჩატარდა ორგანიზაციის „ გადავარჩინოთ ბავშვები“ და საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ მიერ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებული პროექტის „საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულების გზით“ ფარგლებში.

კონფერენცია მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის პროექტის განხორციელებისას მიღწეული შედეგების გაცნობას და სკოლამდელი განათლების ეროვნულ ასოციაციასა და ცენტრალურ თუ ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები, პროექტში მონაწილე ქალაქების მერიის ხელმძღვანელები და თანამშრომლები, საქართველოს სკოლამდელი განათლების გაერთიანებებისა და სააგენტოს ყველა ხელმძღვანელი, სკოლამდელი განათლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები და ექსპერტები.

კონფერენციაზე მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძემ ისაუბრა სკოლამდელი განათლების განვითარებისთვის საჭირო კომპლექსური სამუშაოების შესახებ, რომლებსაც სამინისტრო აქტიურად აწარმოებს სხვა პასუხისმგებელ სამინისტროებთან, მუნიციპალიტეტებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. მისი თქმით, სკოლამდელი განათლების განვითარებისთვის საჭიროა მუდმივი, კოორდინირებული მუშაობა ყველა პასუხისმგებელ უწყებასთან, რადგან საკითხი არის მრავლისმომცველი და საჭიროებს ერთიან სისტემურ მიდგომას. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმევა ამ მიმართულებით, იქნება არაეფექტური ან მხოლოდ ზედაპირულად მოახდენს პრობლემის გადაჭრას.

სამინისტრო აქტიურ რეჟიმში მუშაობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრაზე, ასევე ეფექტური საგანმანათლებლო პროგრამისა და აღმზრდელ-მასწავლებლების გადამზადებისა და სერტიფიცირების სისტემის ჩამოყალიბებაზე.

ასევე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლების განათლების დონის ამაღლების თვალსაზრისით. სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა ვებ-პორტალი EL.GE სადაც განთავსებულია სამინისტროს პარტნიორების მიერ შექმნილი და მოწოდებული საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლების პროცესის გამარტივებას, საკითხების ფუნდამეტურ შესწავლას, კრეატიული აზროვნების განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას.

პორტალზე განთავსებული ელექტრონული რესურსები მასწავლებლებს დაეხმარება საგაკვეთილო პროცესის განახლებაში; მოსწავლეებს, სტუდენტებსა და სკოლამდელ აღსაზრდელებს და მათ მშობლებს – თანამედროვე უნარების განვითარებაში.

წყარო