ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 7 თებერვალს, ბიუროს სხდომაზე ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ცვლილება განიხილა.
ამ ცვლილების თანახმად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარი საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გადმოეცემა, 108 743 ლარი – მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა ტრასპორტით უზრუნველყოფისთვის.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 430 ათასი ლარი გამოეყო.
საბიუჯეტო ცვლილების თანახმად, 2015-2018 წლებში აღებული ვალდებულებების შესასრულებლად 2019 წლის იანვრისთვის არსებული ნაშთიდან 462 505 ლარი გაიხარჯება. ეს თანხა გზებისა და ხიდ-ბოგირების რეაბილიტაციას მოხმარდება.
მერიის მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის საკუთარი საბიუჯეტო სახსრების ნაშთი 419 500 ლარია. მერია ამ თანხის განკარგვას ასე აპირებს:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წევრებმა მერიას საბიუჯეტო ცვლილება დაუწუნეს.
ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა აღნიშნა, რომ საბიუჯეტო ნაშთი მერიამ უფრო გონივრულად უნდა განკარგოს. მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების შესამოწმებლად მონიტორინგის ჯგუფისთვის თანხის გადახდას ჯობია, რომ მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან დადოს.
თორნიკე ავალიშვილისთვის მიუღებელია „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ მიერ დამატებით თანხის მოთხოვნა.
„ააიპ-ების რეორგანიზაციით მერია 200 ათასი ლარის დაზოგვას გვპირდებოდა, – აღნიშნა თორნიკე ავალიშვილმა, – „კულტურისა და ხელოვნების“ ცენტრის დირექტორმა ერთი კვირის წინ მოგვახსენა, რომ დაზოგილი თანხით ორგანიზაციისთვის საჭირო ტექნიკა შეიძინა. თუ ხელფასის თანხა არ ჰქონდა, როგორ ყიდულობდა ტექნიკას?!
მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ სოციალური მიმართულებით ბიუჯეტში თანხები არასაკმარისია და წელს ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში თვეში ფულად დახმარებას მხოლოდ ერთი ოჯახისთვის გავცემთ. თუ ჩვენ 43 ათასი ლარი ნაშთი გვაქვს, მივმართოთ სოციალურად დაუცველების დასახმარებლად. რა დროს მანქანის ყიდვაა?! ამაზე მოსახლეობა პასუხს მოგვთხოვს.“
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, „სახელმწიფო აკეთებს კონსოლიდირებულ ბიუჯეტს. ყველა მუნიციპალიტეტს შესთავაზეს, რომ ბიუჯეტში 16 ათასი დოლარის ექვივალენტის თანხა გაითვალისწინონ მესამე კლასის მაღალი გამავლობის მანქანის შესაძენად. ხოლო მანქანები, რომელთა შეკეთება ძვირი ჯდება, გაყიდონ.“
საბიუჯეტო ცლილების პროექტი არასრულყოფილად და დაუსაბუთებლად მიაჩნია საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილს. ის მიიჩნევს, რომ მერიამ საკრებულოს უნდა წარუდგინოს დოკუმენტი, ვინ და რატომ გვთავაზობს ავტომანქანის შეძენას.
„გამოდის, რომ მუნიციპალიტეტის მერს, რომლის საქმიანობა საკრებულომ უარყოფითად შეაფასა, მაღალი გამავლობის მანქანა უნდა შევუძინოთ, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური პრობლემები რეალობაა. ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში მხოლოდ ერთ ოჯახს ასი ლარით დავეხმარებით და ამ დროს დამატებით მანქანას ვიძენთ. ეს გადაწყვეტილება ფინანსურად გაუმართლებელია და პოლიტიკური თვითმკვლელობის მცდელობაა.“
ფრაქციის „თვითმმართველობა ხალხისთვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძე მიიჩნევს, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ თვითმმართველობას უნდა ჰკითხოს, თუ რა საჭიროების წინაშეა მუნიციპალიტეტი და თავზე არ უნდა მოახვიოს რაიმე გადაწყვეტილება.
„ჩვენი საჭიროებიდან უნდა გამოვიდეთ და არა მთავრობის „ერთიანი ხედვიდან,“ – ამბობს ინგა მაღრაძე, – დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონზე მონიტორინგის განმახორციელებელი ჯგუფისთვის თანხის გადახდა რა შედეგს მოგვცემს?!“
საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძე მერიისგან კონკრეტულ პასუხს ითხოვს, – რომელი სკოლების სარემონტო სამუშაოებს მოხმარდება ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული 200 ათასი ლარი.
„ერთი წლის წინ ვიცოდით, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში ჩაირიცხებოდა თანხა სკოლების გასარემონტებლად, – ამბობს დავით კიკნაძე, – მერიას სკოლების შესარჩევად დრო ჰქონდა. ხარაგაულში 25 საჯარო და ერთი კერძო სკოლაა. ყველა სკოლის ინფრასტრუქტურა კარგად ვიცი. მაინტერესებს, რომელ სკოლებზე მიიმართება ეს თანხა, რა არის მერიის პრიორიტეტი – სკოლის სახურავის შეცვლა, სველი წერტილის მოწესრიგება თუ სკოლის შიდა რემონტი. მხარი რომ დავუჭირო, კონკრეტული ჩამონათვალი მჭირდება.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საკრებულოსთვის წარდგენილ საბიუჯეტო ცვლილებას ხვალ, 8 თებერვალს, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიები განიხილავენ.
საკრებულოს ბიუროს მოთხოვნით, კომისიების სხდომებს ხვალს მერის პირველი მოადგილე და „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ხელმძღვანელი უნდა დაესწრონ.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი