ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებმა ადგილობრივი ბიუჯეტის აუდიტორული შემოწმება მოითხოვეს.
ფრაქციების „თვითმმართველობა ხალხისთვის“ და „ძალა ერთობაშია“ წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძეს წერილობით მიმართეს.
წერილში აღნიშნულია, რომ საკრებულოს, რეგლამენტის თანახმად (მუხლი 112), უფლება აქვს დამოუკიდებელი აუდიტი მოიწვიოს. აუდიტორული შემოწმება, წერილის ავტორთა აზრით, აუცილებელია მუნიციპალიტეტის მერისა და მერიის სამსახურების საქმიანობის ობიექტური შეფასებისთვის.
„2019 წლის 8 იანვარს საკრებულომ მოისმინა მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში, – ვკითხულობთ წერილში, რომელსაც ხელს საკრებულოს წევრები თორნიკე ავალიშვილი, ინგა მაღრაძე, ქეთევან ზუმბაძე, აკაკი მაჭავარიანი, დავით მაღლაფერიძე და მიხეილ ჭიპაშვილი აწერენ, – წარმოდგენილი ანგარიში საკრებულოს უმრავლესობამ შეაფასა უარყოფითად. საკრებულოს გადაწყვეტილება არ ეფუძნებოდა კომპეტენტურ ანალიზსა და დასკვნას.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მუნიციპალიტეტში ბოლო სამი წლის განმავლობაში აუდიტორული შემოწმება არ განხორციელებულა.
საკრებულოს რეგლამენტის (მუხლი 90-ე) თანახმად, საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან ორი თვის ვადაში მერმა საკრებულოს უნდა წარმოუდგინოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. საკრებულო ვალდებულია, წარმოდგენილ ანგარიშთან ერთად, საჯარო განხილვისთვის გამოაქვეყნოს დამოუკიდებელი აუდიტის შემოწმების მასალები და დასკვნა.
საკრებულომ ბიუჯეტის წლიური ანგარიში დამოუკიდებელი აუდიტის, საკრებულოს შესაბამისი კომისიის დასკვნისა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე უნდა შეაფასოს.“
დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევისთვის 12 დეპუტატის წერილობითი მოთხოვნაა საჭირო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე პაატა გოგოლაძის ინფორმაციით, საკრებულოს უმრავლესობა კოლეგების მოთხოვნას, დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევის თაობაზე, არ ეთანხმება.
პაატა გოგოლაძე ამბობს, რომ წელს სახელმწიფო აუდიტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის აუდიტორულ შემოწმებას გეგმავს. ამიტომ დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევა ზედმეტ ხარჯად მიიჩნიეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი სავარაუდოდ შემოდგომაზე ჩატარდება.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი