დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და არშემდგარი ტენდერების შესახებ დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს.
დეპუტატებმა შესყიდვების გეგმის შესაბამისად 2018 წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიში განიხილეს. ანგარიში საკრებულოს სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა ზურაბ იჩიქიტიძემ წარუდგინა.
რატომ ვერ მოხერხდა 2017 წლის ოქტომბერში სტიქიისგან დაზიანებული ზარან-საღანძილის დამაკავშირებელი ხიდის დღემდე აღდგენა და რა გახდა ამ ხიდის შეკეთებისთვის გამოცხადებული ტენდერის შვიდჯერ ჩაშლის მიზეზი, – ამ საკითხით დაინტერესდა საღანძილის მაჟორიტარი დეპუტატი დავით კიკნაძე.
რატომ არ გამოიყენა მერიამ კანონით მინიჭებული უფლება, რომ სტიქიით დაზიანებული ობიექტების სარეაბილიტაციოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეესყიდა, – ეს შეკითხვა დასვა წყალაფორეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა მალხაზ ფხალაძემ.
„2018 წლის განმავლობაში შესყიდვების შედეგები, ზოგ შემთხვევაში, კატასტროფულია, – აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა, – 2018 წლის 9 მარტს დადებული ხელშეკრულებით, მომწოდებელს ბაზალეთში შერგელაშვილებისა და ქვედა ნანიტაშვილების საუბნო გზების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 23 აპრილს უნდა ჩაებარებინა. ჩაგვაბარა 2019 წლის 23 იანვარს.
ზედა ნანიტაშვილების გზის მშენებელი კომპანია გამოვლენილია. გაფორმებულია ხელშეკრულება, მაგრამ კომპანია ოთხი თვეა არ გამოჩენილა. ასეთივე მდგომარეობაა თეთრაწყაროში, ნუნისში, ვარძიაში.
რატომ არ გამოიყენა მერმა დისკრეციული უფლებამოსილება და რატომ არ წყვეტს ხელშეკრულებებს მომწოდებელთან, გაუგებარია.
ხშირია ხელშეკრულებების გადავადება. სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციის მიხედვით, ნალექი არ არის ხელშეკრულების გადავადების მიზეზი, რადგან არ ქმნის ფორსმაჟორულ სიტუაციას. პროექტების შესრულების გადავადებამ 2018 წელს სისტემატური ხასიათი მიიღო.
ხშირად იცვლება უკვე მომზადებული დოკუმენტაცია, რადგან ის არასრულყოფილია. აქედან გამომდინარე 2018 წელს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული შესყიდვების შედეგებს უარყოფითად ვაფასებ.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის, ზურაბ იჩიქიტიძის, ინფორმაციით, არშემდგარი ტენდერების მიზეზი არა დოკუმენტაციის მომზადებაში, არამედ ფასებშია. მისივე განმარტებით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის აუცილებელია დამპროექტებლის მიერ გეოლოგიური და გეოდეზიური კვლევების ჩატარება. ეს კი დამპროექტებელ ორგანიზაციას ხარჯებს უზრდის.
„სატენდერო კომისია ვმსჯელობთ ამ საკითხებზე, ვსწავლობთ ბაზარს და ეტაპობრივად თანხაც გავზარდეთ, – აღნიშნა ზურაბ იჩქიტიძემ, – პირგასამტეხლო რომ დავაკისრე, შემდეგ ხელშეკრულება შევუწყვიტე და შესყიდვების სააგენტოს კონკრეტული მეწარმის „შავ სიაში“ შეყვანა ვთხოვე, მანამდე იმ მეწარმემ სხვა ტენდერი მოიგო. ვიცით, რომ არაკეთილსინდისიერია და არაფერს აკეთებს, მაგრამ ამ შემთხვევაში უარის თქმის საფუძველი არ გვქონდა.“
„პრობლემები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, მოსახლეობას არ აინტერესებს. მათ სჭირდებათ ხიდი და გზა. თავიდანვე რომ სწორად დაგეგმილიყო პროექტების განხორციელება, დღეს უკეთეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით,“ – აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე დავით კიკნაძემ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა სხდომაზე აღნიშნეს, რომ მათ შეკითხვები და შენიშვნები არა მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მიმართ, არამედ სატენდერო კომისიის თავმჯდომარის, მერის პირველი მოადგილის, არჩილ მაღრაძის მიმართ აქვთ. ვიცე-მერი საკრებულოს სხდომას ვერ დაესწრო, რადგან საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის ინფორმაციით, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში თათბირზე იმყოფებოდა.
დეპუტატების უმრავლესობამ 2018 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესყიდვების გეგმის შესრულება უარყოფითად შეაფასა. ამ მიმართულებით მერიის საქმიანობას დადებითად აფასებს ფრაქციის „თვითმმართველობა ხალხისთვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძე. ხოლო ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი