შარშან ხარაგაულში სამი ააიპ-ის – „სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის“, საფეხბურთო კლუბის„ჩხერიმელა 2009“ და „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ გაერთიანებით სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ჩამოყალიბდა.

როგორ აგრძელებენ საქმიანობას გაერთიანებული სამსახურები, რა ნაბიჯები იდგმება ხარაგაულში სპორტის პოპულარიზაციისა და შიდა ტურიზმის განვითარებისთვის, როგორ აგრძელებს ფუნქციონირებას საფეხბურთო კლუბი „ჩხერიმელა“, – ამის გასარკვევად სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორს გრიგოლ ჭიპაშვილს მივმართეთ.

 

-სამივე მიმართულებით მუშაობას აქტიურად ვაგრძელებთ. ტურიზმის სამსახური სხვა შენობაში ფუნქციონირებდა. ტურიზმის ცენტრის თანამშრომლებისთვის ორი ოთახი „სპორტულ დარბაზში“ გამოვყავით. ამით კომუნალური ხარჯები დავზოგეთ.

ს/კ „ჩხერიმელას“ ჩვენთან შემოერთების გამო მინდვრის მომვლელის, დარაჯისა და დამლაგებლის შტატები დაგვემატა.

-ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის პრიორიტეტების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხარაგაულში სპორტი პოპულარული არ არის, რაც მოსახლეობაში ჯანმრთელობის არაჯანსაღი მდგომარეობით გამოიხატება. გასაწვევი ახალგაზრდების 80%-ში ჯანმრთელობის პრობლემები ვლინდება და ისინი არ შეესაბამებიან გასაწვევ სტანდარტებს. მუნიციპალიტეტში გამართულ სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში, საშუალოდ, 2000 ადამიანია ჩართული. სპორტულ წრეებში (ფეხბურთი, კალათბურთი, ჭიდაობა) რეგისტრირებულია 550 მოზარდი, რაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2%-ია.

ბატონო გრიგოლ, რა კონკრეტული ნაბიჯები იდგმება ხარაგაულში სპორტის პოპულარიზაციის მიზნით?

-ხარაგაულში სპორტის 12 სახეობაში სექციები ხარაგაულის სპორტულ დარბაზსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში ფუნქციონირებს. ძიუდოს დაუფლება ხარაგაულელ ახალგაზრდებს ბორითში, ხევში, ვახანსა და ღორეშაში შეუძლიათ; კალათბურთის – ხარაგაულში, ნადაბურსა და ვერტყვიჭალაში; ფეხბურთის – ხარაგაულში, კიცხსა და ბორითში; მაგიდის ჩოგბურთის – ბორსა და ხარაგაულში; მძლეოსნობის – ხევში; ბერძნულ-რომაული ჭიდაობის – კიცხში; კარატე ტაიკვანდოს – ბორში; ქართული ჭიდაობის – მოლითში; თავისუფალი ჭიდაობის, კარატე კუნგ-ფუ-სანდას, ჭადრაკის, შაშისა და მკლავჭიდის – ხარაგაულში. სპორტულ წრეებში 500-ზე მეტი ხარაგაულელი მოზარდი ვარჯიშობს.

ახალგაზრდებს რაგბი აინტერესებთ. ამიტომ მარტიდან, კიცხის საფეხბურთო მოედანზე, მსურველებს რაგბის დაუფლების შესაძლებლობა მიეცემათ. მოვიძიეთ სპეციალისტი, ვარძიელი გიორგი გოგოლიძე, რომელიც ქუთაისის რაგბის გუნდ „აიაში“ თამაშობდა.

თებერვლიდან ვერტყვიჭალის სკოლის სპორტული დარბაზის ბაზაზე კარატეს ოლიმპიური სახეობის სექცია დაგვემატება გოგონებისა და ვაჟებისათვის. ახალგაზრდებს კარატეს ფედერაციის მწვრთნელი თეიმურაზ ლაბაძე ავარჯიშებს.

ხარაგაულში სპორტის სხვადასხვა სახეობებს საუკეთესო სპეციალისტები დიდი ყურადღებითა და მონდომებით ასწავლიან (სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი დავით გელაშვილი). წელს შევეცდებით სპორტის ყველა იმ სახეობაში, რომელიც ხარაგაულშია ხელმისაწვდომი, ჩემპიონატები გავმართოთ. ამჟამად ხარაგაულში მინი ფეხბურთის მუნიციპალური ჩემპიონატი – „ზამთრის თასი“ ტარდება. ფინალური შეხვედრა შემდეგ კვირაში გაიმართება.

შარშან აღვადგინეთ ნოდარ ახალკაცის სახელობის ტურნირი ფეხბურთში, რომელიც, ბოლო ათი წელია, აღარ ჩატარებულა. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ სპორტულ ღონისძიებებში.

შარშან ხარაგაულელმა ევსემ შველიძემ საქართველოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. ამავე ტურნირზე ზაურ ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა. ასეთ წარმატებულ სპორტსმენებს წამახალისებელ ფულად ჯილდოს ვუწესებთ. ევსემ შველიძე ამჟამად ირანში იმყოფება შეჯიბრებაზე. ზაურ ბერაძე აპრილში ევროპის ჩემპიონობისთვის იასპარეზებს.

-ბატონო გრიგოლ, ხარაგაულელი მოზარდები და ახალგაზრდა დედები ხარაგაულში საცურაო აუზის გახსნას, ტანვარჯიშის, ფრენბურთისა და ჩოგბურთის შესწავლის შესაძლებლობებს ითხოვენ. რა უშლის ხელს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას და როდის იქნება ეს შესაძლებელი?

– ამ მოთხოვნების შესრულება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ასევე რთულია ხარაგაულში სპორტის ამ სახეობების კვალიფიციური მწვრთნელების მოძებნა. რამდენიმე მშობელმა მითხრა, რომ ხარაგაულში მხატვრული ტანვარჯიშის წრის ამოქმედება სურთ. თუ თხუთმეტი მშობელი მაინც წერილობით მოგვმართავს, სპორტის ამ სახეობის მწვრთნელის მოძიებას შევეცდებით.

როგორია თქვენი ხედვა და გეგმები ხარაგაულში ტურიზმის განსავითარებლად?

-2019 წელი ტურიზმის კუთხით დატვირთული იქნება და გავმართავთ ტრადიციად დამკვიდრებულ ყველა ღონისძიებას. კანონიერი გზით თევზჭერის პოპულარიზაციის მიზნით თევზაობაში ჩემპიონატი გაიმართება. 26 მაისს სამხატვრო კონკურსს ვუმასპინძლებთ. ჩვენგან ორგანიზებულ სპორტულ თუ ტურისტულ ღონისძიებებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა სკოლა ჩაერთვება. შევიმუშავეთ გეგმა ჯომარდობის განვითარებისთვის, თუმცა ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული – შესაძენია საჯომარდო აღჭურვილობა.

ხარაგაულში ბევრი ისტორიული თუ რელიგიური ადგილია, რომლებსაც პოპულარიზაცია სჭირდება. ჩვენი სამსახური შიდა ტურიზმის განვითარებას ემსახურება. ამიტომ ვცდილობთ, ეს ღირსშესანიშნავი ადგილები რაც შეიძლება მეტმა ხარაგაულელმა ახალგაზრდამ ნახოს. შარშან ძირულას ხეობის სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს მდინარე ჩხერიმელას ხეობაში არსებული ღირსშესანიშნაობები დავათვალიერებინეთ და პირიქით. მოზარდები უნდა იცნობდნენ მშობლიურ კუთხეს.

ტურიზმის განვითარებას საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა ძალიან აფერხებს. დარწმუნებული ვარ 3-4 წელიწადში, როცა გზები მოწესრიგდება, ხარაგაულში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება. მეტი დაფინანსების პირობებში შესაძლებელია ტურების მოწყობა სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისა და უცხოელებისათვის.

-რა უნდა გაკეთდეს საფეხბურთო გუნდის „ჩხერიმელა 2009“ შედეგების გასაუმჯობესებლად?

– ს/კ „ჩხერიმელა“ შარშან ფეხბურთის ფედერაციიდან 50 ათასი ლარით დაფინანსდა. წელს ველოდებით, რომ სუბსიდია 75 ათას ლარამდე გაიზრდება. „ჩხერიმელა 2009“ რომ ჩვენს ააიპ-ს შემოუერთდა, ფედერაციიდან გამოყოფილი თანხა სრულად იყო ათვისებული. წელს ვეცდებით ეს თანხა შედეგების გასაუმჯობესებლად გამოვიყენოთ. ფედერაციიდან ფინანსდება მწვრთნელების შრომის ანაზღაურება, გუნდის შენახვა და ფეხბურთელების წახალისება მიღწეული შედეგების მიხედვით. გუნდის ფორმირება მარტიდან დაიწყება. შევეცდებით, გუნდი ხარაგაულელი ახალგაზრდებით დავაკომპლექტოთ, რაც ერთგვარი სტიმული იქნება ხარაგაულელებისთვის.

-მიმდინარე წელს ზვარეში საზაფხულო ბანაკის მოწყობას გეგმავთ. რატომ დაირღვა ზვარეში საზაფხულო ბანაკის მოწყობის ტრადიცია და რა კეთდება საიმისოდ, რომ შარშანდელი შემაფერხებელი გარემოებები დაიძლიოს?

-გასულ წელს ააიპ-ების რეორგანიზაციამ ზვარეში ახალგაზრდული ბანაკის ტრადიცია შეაფერხა. წელს ზვარეში ბანაკი აუცილებლად აღდგება, თუმცა წინასწარ ვერ ვიტყვი, რამდენი ხარაგაულელი მოზარდის წაყვანას შევძლებთ. შევეცდებით, ყველა მათგანის სურვილი დავაკმაყოფილოთ. გაზაფხულიდან დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების თანამშრომლებთან ერთად ზვარეს ბანაკის ინფრასტრუქტურის – სველი წერტილები და საშხაპეები –  მოწყობას დავიწყებთ. ეს ბანაკი ყველა ახალგაზრდისათვის უფასო იქნება.

-მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ააიპ-ების რეორგანიზაცია 2019 წელსაც გაგრძელდება. რამდენად შეგეხებათ ეს თქვენ და თუ შეგეხებათ, როგორ?

-ჩვენთან რაიმე სერიოზული რეორგანიზაცია დაგეგმილი არაა. გამოყოფილი თანხით რაც შეიძლება მეტი საქმის გაკეთებას ვცდილობთ. წელს ჩვენი თანამშრომლებისათვის ხელფასის მატება ან კლება არ იგეგმება.

ააიპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრისათვის“ 2019 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 370 ათასი ლარი გამოიყო. აქედან  321 ათასი ლარი დირექციის 5 თანამშრომლის, ტურიზმის 11 სპეციალისტისა და 53 სპორტული მწვრთნელის შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება.

ააიპ-ში ფუნქციონირებს კეთილმოწყობილი სატრენაჟორო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტრენაჟორებითა და საშხაპით. სატრენაჟორი დარბაზში ნებისმიერი მსურველისათვის აბონემენტი (16 ვიზიტი) 30 ლარი ღირს. ააიპ-მა, გასულ წელს, ტრენაჟორების დარბაზისა და საფეხბურთო სტადიონის გაქირავებით შემოსული 3 300 ლარი სპორტული და ტურისტული ღონისძიებების გამართვას მოახმარა.

თამთა გოგოლაძე