საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.
კონკური პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო“ – ფარგლებში ყველაზე „სუფთა რეგიონის“, „სუფთა მუნიციპალიტეტის“, „სუფთა ქალაქი/დაბის“, „სუფთა სოფელი/თემის“, „სუფთა ქუჩის“, „ლამაზი ეზოსა“ და „ლამაზი აივნის“ გამოსავლენად ტარდება.

2018 წელის ყველაზე „სუფთა რეგიონად“ კახეთი დასახელდა, „სუფთა ქალაქად“ – ზუგდიდი, „სუფთა მუნიციპალიტეტად“ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. ნომინაციაში „სუფთა სოფელი“ ჭორვილამ (საჩხერე) გაიმარჯვა.

წამახალისებელი სიგელები გადაეცათ ხარაგაულისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებს.

„მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „ჩემი იმერეთის“ რედაქციასთან საუბარში განაცხადა, რომ „ხარაგაულმა წამახალისებელი სიგელი დაიმსახურა, რადგან საქართველოში ნარჩენების სეპარაცია პირველად ხარაგაულიდან დაიწყო. ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ნარჩენები ყველა სოფლიდან გამოაქვს. თუმცა კონკურსის გამარჯვებულად ვერ გამოვაცხადეთ, რადგან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არის არალეგალური ნაგავსაყრელები“.

ნომინაციაში „ლამაზი აივანი“ დასახელდა ფატმან გრიგოლავას სახლის აივანი (ქ. ქუთაისი).

ნომინაციაში – „ლამაზი ეზო“ სამი პირველი ადგილის მფლობელი გამოვლინდა:
„კერძო ლამაზი ეზო“ – გაიმარჯვა აკაკი გედენის ეზომ (ხონის მუნიციპალიტეტი);
„კორპუსის ეზო“ – გამარჯვებულია ზუგდიდში, ქუჯის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ეზო;„იურიდიული პირის ეზოს“ ნომინაციაში საუკეთესოდ დასახელდა ღვინის კომპანია GWS -ის ეზო (თელავი).