ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა ბაღდათსა და ხარაგაულში მოსახლეობას 2018 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში ჩააბარა.
კობა ლურსმანაშვილი პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების წევრია.
ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რეგიონების განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თვითმმართველობების დეცენტრალიზაციაა. ამ კუთხით კანონი უკვე ამოქმედდა და ის გულისხმობს უფლებამოსილებებისა და ფინანსების ცენტრიდან ადგილობრივ თვითმმართველობებზე გადმოცემას. მაგალითად, სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად თანხა ადგილობრივ ბიუჯეტში ჩაირიცხება.
კობა ლურსმანაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია თვითმმართველობებმა ფინანსურ დამოუკიდებლობას მიაღწიონ. ამისთვის კი ადგილობრივი შემოსავლები უნდა გაიზარდოს. მისი ინფორმაციით, ხარაგაულში, კერძოდ საბუეთის მთაზე, ქარის ელექტროსადგურის ამოქმედებით, შესაძლოა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ფინანსურად თვითკმარი გახდეს.
პარლამენტარმა კობა ლურსმანაშვილმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებიც სოფლის განვითარების შესაძლებლობას იძლევა და სამწუხაროდ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამ პროგრამებში ჩართვის მსურველები ნაკლებადაა.
ბუნებრივ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, სოციალური დახმარების პროგრამის გაუმართაობა, სოფლების გაზიფიცირების პროცესის დაჩქარება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის პროგრამების გაფართოება – ეს საკითხები დაისვა მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრაზე.
კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხე-ტყეზე ხელმისაწვდომობის რეგულაციები შეიცვალა. სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები თავად მოჭრიან და სარეალიზაციოდ მოამზადებენ საშეშე მერქანს. რაც შეეხება ე. წ. „სოციალურ ჭრებს,“ თუ ვინმეს სტიქიით საცხოვრებელი სახლი ან სხვა შენობა-ნაგებობა დაუზიანდება, თვითმმართველობაა ვალდებული, მას სამასალე მერქანი შეუძინოს. ამით მოქალაქეები სამასალე ხე-ტყეს უფრო დროულად მიიღებენ.
კობა ლურსმანაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ფულადი სოციალური შემწეობის პროგრამა ვერ დაიხვეწა, – ქმედებები არის, მაგრამ რეალური შედეგი არ ჩანს. ის მომხრეა, რომ სოციალური შემწეობის დანიშვნის პროგრამა თვითმმართველობას გადაეცეს.
მოსახლეობასთან ხარაგაულში გამართულ შეხვედრაზე სოფლის-მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ბონდო კიკნაველიძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ხარაგაულელი ფერმერები სახელმწიფო პროგრამებში ვერ ჩაერთენ. მიწის ფართობების დაურეგისტრირებლობა, ნაკვეთების თანამფლობელებთან პრობლემები და მიწის ანალიზის ჩასატარებლად ფინანსების უქონლობა უშლით ხელს ფერმერებს, რომ ჩაერთონ კენკროვანი კულტურების გასაშენებლად პროექტში „დანერგე მომავალი.“
რაც შეეხება სოფლების გაზიფიცირებას, კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ მან მთავრობისგან ამ პროცესის დაჩქარება და 2018 წელს ამ მიმართულებით 300 მილიონი ლარი ღირებულების სამუშაოების შესრულება მოითხოვა. „გაზიფიცირების შეფერხების ერთ-ერთ მიზეზად კომპანიები მუშახელისა და სპეციალისტების სიმცირეს ასახელებენ, – განაცხადა შეხვედრაზე ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, – 2018 წელს იმერეთში გაზიფიცირებისთვის 52 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც წყალტუბოში სამი სოფლის გაზიფიცირებას მოხმარდა. პარლამენტში მთავრობის პირველივე ანგარიშის მოსმენისას უკიდურესად მომთხოვნი ვიქნები იმისთვის, რომ სოფლების გაზიფიცირება უზრუნველყონ. თუ სპეციალისტები არ ჰყავთ, გადაამზადონ.“
ბაღდათსა და ხარაგაულში მოსახლეობათან შეხვედრების ორგანიზებაში ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მონაწილეობდა.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი