2016 წელს, საქართველოში ჩატარებული კვლევით, 600-მდე საბავშვო სათამაშოდან 165-ში ტოქსიკური ნივთიერებების მაღალი შემცველობა დაფიქსირდა. 2017 წელს, მხოლოდ სექტემბრის თვეში, დაიღუპა 4 და დაშავდა 5 მუშა. 2018 წელს, საწარმოო შემთხვევების დროს, მხოლოდ ტყიბულში, დაიღუპა 12 და დაშავდა 9 ადამიანი. გასულ ზაფხულს, გომბორზე სასკოლო ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსის გზიდან გადავრდნის შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავდა 11 ადამიანი.

რამდენიმე თვის წინ, Facebook-ზე მოქალაქე წერდა, თუ როგორ ჩაწყდა და ავარიულად გაიჭედა ლიფტი ერთ-ერთი პრესტიჟული ჰოსპიტალის შენობაში, სადაც არასრულწლოვნებიც ისხდნენ.

საქართველოში მომხდარ ამ, თითქოსდა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ, სამწუხარო და საგანგაშო ფაქტებს ერთი საერთო აქვთ – ყველა მათგანი უკავშირდება სფეროებს, რომელთა მოწესრიგებასა და რეგულირებასაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჯერ პარაფირებული, შემდეგ კი ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება შეეხება.

2018 წლის 15 ნოემბერს, ევროპის პარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თაობაზე მომზადებული ანგარიში დაამტკიცა. ეს დოკუმენტი ბოლო რამდენიმე თვე მზადდებოდა და აფასებს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას, რომელიც მალე მესამე წელი გახდება, რაც სრულად ამოქმედდა.

ასოცირების შეთანხმება საქართველოს მოდერნიზაციის გეგმაა. მასზე ხელმოწერით ქვეყანამ აიღო ვალდებულება, დაუახლოვოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონებს და დანერგოს ევროპული სტანდარტები.

ასოცირების ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულება კონკრეტულ სარგებელს ნიშნავს. ეს გარანტიაა, რომ საქართველოში ბავშვები უსაფრთხო სათამაშოებით ითამაშებენ; ეს ნიშნავს, რომ საქართველოში, სადაც მშენებლობების ბუმია, კორპუსებში იქნება უსაფრთხო ლიფტები; საქართველოს ქალაქებში და ქალაქებს შორის ისეთი საგზაო ტრანსპორტი ივლის, რომელიც ტექნიკური გაუმართაობის გამო გზაზე არ ამოყირავდება და არც სხვას ამოაყირავებს. ამ ხელშეკრულებით უნდა მოხდეს გამოყენებული საბურავების შეგროვება და გადამუშავება, რათა მათ საბოლოო განსასვენებელი რომელიმე მდინარის ფსკერზე არ ჰპოვონ.

აი ეს არის ასოცირების შეთანხმება, რომელიც ჩვენ ყველას გვეხება.

სწორედ ამ შეთანხმების შესრულებას აკვირდება ევროკავშირი და ამ შემთხვევაში, ევროპის პარლამენტი, რომელიც ევროკავშირის 28 ქვეყნიდან არჩეულ 751 პარლამენტარს აერთიანებს. 15 ნოემბერს, მათგან 528 წევრმა მხარი დაუჭირა ანგარიშს, რომელიც პირადად მე მგონია, რომ ყველაზე კრიტიკული დოკუმენტია, რაც კი ბოლო წლებში ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში მიუღია.

ეს ის კრიტიკაა, რასაც სამოქალაქო საზოგადოება, ბოლო წლებში, ხშირად აჟღერებდა თბილისში, ბრიუსელში, ბერლინში, ჰააგასა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. ის სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებას და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ჭრილში აფასებს; ბოლო პერიოდში კი, უფრო და უფრო ნაკლებად არის კმაყოფილი ვალდებულებების შესრულების ტემპითა თუ ხარისხით.

ამ ანგარიშით, 528 ევროპალამენტარმა გვითხრა, რომ მაღალი დონის ელიტური კორუფცია ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა და მოუწოდა ხელისუფლებას, მოახდინოს სათანადო რეაგირება კორუფციის შემთხვევებზე. ევროპარლამენტარებმა ასევე გვითხრეს, რომ სერიოზულ პრობლემებად რჩება პროკურატურის მიუკერძოებლობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე საპარლამენტო ზედამხედველობის სისუსტე; გაუმჭვირვალეა მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნის, დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის პროცესი. ევროპის პარლამენტი წუხს, რომ საქართველომ ჯერ კიდევ ვერ შეასრულა 2014 წელს აღებული ვალდებულება, მიეღო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ახალი კანონი.

ეს არის ნაწილი იმ წუხილის, შენიშვნების და რეკომენდაციებისა, რაც ევროპის პარლამენტმა მოგვცა. ანგარიშში კარგი მხოლოდ ის არის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვისვეს დიაგნოზი და გვითხრეს, რომ დროა მკურნალობას შევუდგეთ თორემ, შესაძლოა, ხვალ გვიანი იყოს. ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით შეიძლება ნაკლებად ან თითქმის ვერავითარი სარგებელი ვერ ნახოს ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მოქალაქემ. უსაფრთხო სათამაშოები, ენერგოეფექტური შენობები, უსაფრთხო შრომის პირობები, ტყვიისგან გაწმენდილი ჰაერი, უსაფრთხო ტრანსპორტი და ის სხვა სიკეთეები, რაც ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შედეგი იქნება, პირველ რიგში, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვჭირდება ჩვენივე კეთილდღეობისათვის.

ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირს არ მოუხვევია ჩვენთვის თავზე. უფრო პირიქით, საქართველოს სურდა და მიაღწია კიდეც მიზანს. მაგრამ ხელშეკრულების ხელმოწერა საკმარისი არ არის. მთავარი მისი შესრულებაა, რისი მიღწევაც შესაბამისი ხედვის, კოორდინაციისა და პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, სავსებით შესაძლებელია.

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში მუშაობს.

ვანო ჩხიკვაძე,
ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ღია საზოგადოების ფონდი

წყარო