
ერთმანეთის მიმართ ურთიერთპატივისცემითა და სიყვარულით გამოირჩევიან ხარაგაულში მცხოვრები სოფიკო კიკნაძის ოჯახის წევრები.
ქალბატონი სოფიკო ხარაგაულში კოლორიტული პიროვნების, აწ გარდაცვლილი ლევან (ბრუსკი) კიკნაძის მეუღლეა.
სამი შვილის დედა, რვა შვილიშვილისა და ოთხი შვილთაშვილის ბებია სოფიკო კიკნაძე, 51 წელია, რაც ხარაგაულში ცხოვრობს. 1968 წლის თებერვალში დეიდაშვილმა აქ თავისი მაზლის ქორწილში წამოიყვანა. მაშინ 21 წლის იყო. თბილისში დაბადებულსა და აღზრდილს მანამდე დიდი თოვლი არასდროს ენახა. ხარაგაულიდან ფეხით ჯერ ქროლში ავიდა, მერე ლაშიდან პატარძალთან და მის მაყრიონთან ერთად ისევ ქროლში დაბრუნდა. ლაშეში გაიცნო მომავალი მეუღლე ლევან (ბრუსკი) კიკნაძე.
„ძალიან გამიკვირდა, როცა რამდენიმე კვირაში თბილისში, სამსახურში დამირეკა და მითხრა, – ლევანი ვარ კიკნაძე, თოვლი დავადნე, თბილისში ჩამოვედი და აუცილებლად უნდა შემხვდე, გელოდებიო, – იხსენებს ქალბატონი სოფიკო, – მინისტრთა კაბინეტში ერთ-ერთი ქვეგანყოფილების უფროსი ვიყავი. დაცვა შენობაში სპეციალური საშვის გარეშე არავის უშვებდა. დღემდე არ ვიცი, ჩემი ტელეფონის ნომერი როგორ გაიგო, მაგრამ ისეთი პიროვნება იყო, რასაც მოინდომებდა, აუცილებლად მიაღწევდა.
პირველივე შეხვედრის შემდეგ უნდოდა, ხარაგაულში წამოვეყვანე, მაგრამ უარი ვუთხარი. აპრილის ბოლოს, წითელ პარასკევს, ოჯახში მამისა და ბაბუის საფლავზე გასასვლელად ვემზადებოდით. ბრუსკიმ დამირეკა და ხარაგაულში მივდივართო, მითხრა. ჩემი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა არაფერი იცოდნენ. ყველას გაუკვირდა. დედას უჩემოდ ყოფნა ცოტა გაუჭირდა. გვეუბნებოდა, ჩამოდით და თბილისში იცხოვრეთო, მაგრამ ბრუსკის ხარაგაული და ლაშე უზომოდ უყვარდა.
თავიდან ვფიქრობდი, თუ როგორ შევეგუებოდი აქაურებს. ძალიან გამიმართლა, რადგან ხარაგაულელების მსგავსი მოსიყვარულე და თბილი ხალხი სხვაგან არსად მინახავს. თბილისში რომ ჩავდიოდი, ხარაგაულელები იქაც გვაკითხავდნენ. თბილისელ მეზობლებს უკვირდათ, შენს მეუღლეს რამდენი ნათესავი ჰყოლიაო.
სამი წელი ხარაგაულის წვენების ქარხანაში საქმეთა მმართველად ვიმუშავე. მეორე შვილი – მამუკა რომ გამიჩნდა, სამსახურს თავი დავანებე. მიმაჩნია, რომ შვილები, გარკვეულ ასაკამდე, აუცილებლად დედამ უნდა გაზარდოს. ხმაურიანი თბილისი მაინცდამაინც არ მიყვარდა. სულ ვამბობდი, ნეტა სადმე მყუდრო ადგილზე წამიყვანა-მეთქი. აგიხდა ოცნებაო, – ხშირად მახსენებდნენ თბილისიდან აქ სტუმრად ჩამოსული ნათესავები.
მე და ჩემი მეუღლე სულ მშენებლობაში ვიყავით. ორი სახლი ავაშენეთ, – ხარაგაულსა და ლაშეში. გვიხაროდა, ახალ რამეს რომ შევიძენდით. როცა სიყვარულით აკეთებ საქმეს, ყველაფერს გაუმკლავდები. სიყვარულისთვის დაუძლეველი პრობლემები არ არსებობს. თუ ოჯახი გინდა, მოთმინება უნდა შეგეძლოს. წელში გამართული ვარ, კარგი ქმარი რომ მყავდა. ოცდაათი წელი ვიცხოვრეთ ერთად. ბრუსკი რომანტიკოსი არ იყო. თუმცა, ჩვენი ქორწინებიდან ოცდაათი წელი რომ შესრულდა, ჩემი საყვარელი იასამნები მომართვა.
არ მახსოვს ოჯახში კონფლიქტი და უსიამოვნება. ზოგჯერ, როცა ბრუსკი ბიჭების საქციელით უკმაყოფილო იყო და რამეს ხმამაღლა იტყოდა, ვამშვიდებდი, ურთიერთობებს ვაბალანსებდი. ფიცხი იყო, მაგრამ ყოველთვის სამართლიანი. ჩემი მეუღლე შვილების სიტყვას ძალიან აფასებდა. ამიტომ კახამ რომ ცოლის მოყვანის სურვილი გაგვანდო, მის გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა. ჩემი შვილი და რძალი 17-17 წლისანი იყვნენ.
რძალი ელისო ლურსმანაშვილი და სიძე გია თავზარაშვილი საკუთარი შვილებივით მივიღეთ. ბრუსკი რძალსა და სიძეს ძალიან დიდ პატივს სცემდა. სიძეს, როგორც ძმა და მეგობარი, ისე ედგა გვერდით. იყო დრო, როცა ამ სახლში ვცხოვრობდით ყველა ერთად. გვიჭირდა თუ გვილხინდა, ერთად ვიყავით. ვამაყობ, რომ შვილები ერთმანეთის სიყვარულით გავზარდე. მამუკა ცოტა გვიან დაქორწინდა. კარგი მეუღლე ჰყავს – ხათუნა კვირიკაშვილი – მშვიდი და ოჯახის მოყვარული.
შვილიშვილები ჩემი სიცოცხლეები არიან. პაკო რომ დაიბადა, 43 წლის ვიყავი. მომდევნო შვილიშვილები რომ გაჩნდნენ, იმ პერიოდში ქვეყანაში საყოველთაო გაჭირვებამ იმატა. ანანო რომ დაიბადა, იმ დროს პურის ფქვილი საერთოდ არ იშოვებოდა. არ მეშინოდა, რადგან გვერდით ძლიერი მეუღლე მყავდა. რასაც იშოვიდა, ყველასთვის ნაწილდებოდა.
მე და ჩემი რძლები საოჯახო საქმეებში ერთმანეთს ვეხმარებით. არ მიყვარს შენიშვნის მიცემა. რატომ უნდა ვატკინო გული. დღეს ვერ შეძლო გემრიელი სადილის მომზადება? ხვალ შეძლებს.“
„მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, ბედნიერი და ლაღი ბავშვობა რომ გვქონდა, – ამბობს ნანა კიკნაძე, – მათგან ვისწავლეთ ცხოვრება, თანადგომა, გაჭირვებაში მყოფი ადამიანის დახმარება. ხარაგაულში, უშუქობის გამო, მატარებლები საათობით რომ ჩერდებოდა, მამას მგზავრებისთვის ან საჭმელი მიჰქონდა, ან სახლში მოჰყავდა. ერთ ზამთარს საავადმყოფოში ავადმყოფებს სადილი მიუტანა. ძალიან გახარებული და ბედნიერი იყო, როცა სხვას ეხმარებოდა.
დედაჩემის გაბრაზება არ მახსოვს. მეამაყებოდა, ჩვენ ოჯახში რომ მოუხაროდა ყველას – კლასელებს, ჯგუფელებს, მეზობლებს. მშობლების დამსახურებაა, რძლებთან თბილი დამოკიდებულება რომ მაქვს. ოჯახში დამხვედრზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ელისომ აადგმევინა ფეხი ჩემს პაკოს. მამუკა იყო დისშვილებისა და ძმისშვილების ძიძა.“
„ბებო და ბაბუ ძალიან გვანებივრენდნენ, – იხსენებს უმცროსი სოფო კიკნაძე, – ბებო დღემდე ჩვენი მესაიდუმლეა. მოგისმენს, დაგამშვიდებს, რჩევას ისე მოგცემს, თავის აზრს თავზე არ მოგახვევს. ჩემი და მარიამი რომ დაიბადა, ბაბუა ძალიან ბედნიერი იყო, ამბობდა, კიდევ ერთი წევრი შეგვემატაო. უხაროდა, დედაჩემის სახელი დაარქვესო. მე და ჩემს ძმას, ლევანს, გვითხრა, ხვალ წავალთ საავადმყოფოში და ვნახავთო. მე დილით საბავშვო ბაღში ზეიმი მქონდა. ბაბუას კაბა და საჩუქარი უნდა მოეტანა, მაგრამ სამწუხაროდ დილიდან ცუდად გახდა. მამაჩემისთვის უთქვამს, არ დაგავიწყდეს, სოფოს კაბა და საჩუქარი აუტანეო…“
„27 წელია, ამ ოჯახის რძალი ვარ და ოჯახის წევრებს ერთმანეთთან რაიმე მნიშვნელოვანი უსიამოვნება არ მოგვსვლია, – ამბობს ელისო ლურსმანაშვილი, – ბედნიერი ვარ იმით, ყველა ერთად რომ ვცხოვრობთ. ღმერთმა ქნას, ჩემს შვილებს ჰქონოდეთ ისეთი ურთიერთობები, როგორიც მე მაქვს მულთან და მაზლთან. ძალიან მინდა, გაგრძელდეს ეს სითბო და სიყვარული, რაც ჩემი დედამთილ-მამამთილისგან მოდის.“
„მე და ელისო დედამთილთან ვმეგობრობთ, – ამბობს ხათუნა კვირიკაშვილი, – როცა სადმე წასვლა მინდა, შვილებს თავისუფლად ვუტოვებ. იმედიანად და მშვიდად ვარ.“
კიკნაძეების დიდი ოჯახის ტრადიციაა, რომ ძველით ახალ წელს ერთად შეხვდნენ. მათთან ერთად ახალი წლის აღნიშვნა უხარიათ რძლების მშობლებსა და დედმამიშვილებს.
დიდხანს ეზეიმოთ მრავალი ახალი წლის დადგომა კიკნაძეების სტუმართმოყვარე ოჯახში.
ნინო კაპანაძე
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ