კოტე მარჯანიშვილი ამბობდა: „თეატრის დანიშნულება უბრალოა – მიანიჭო ადამიანებს სიხარული“. ეს „უბრალო“ საქმე ურთულესია. 14 იანვარი ქართული პროფესიული თეატრის დაბადების დღეა.

რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშეა თეატრი საქართველოს რეგიონებში, როგორია ქართული თეატრის დღევანდელობა და ხვალინდელი დღე, – ამ თემაზე ოთარ აბაშიძის სახელობის ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე გვესაუბრება.

-1850 წლის 14 იანვარს თბილისში გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისათვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში. ქალბატონო ირინე, თქვენთვის რას ნიშნავს 14 იანვარი – ქართული თეატრის დღე? 

-ჩემთვის, ჩემი ყველა თანამოაზრისა და კოლეგისათვის ქართული თეატრის დღე დიდი დღესასწაულია, რომელსაც, წლებია, ერთად აღვნიშნავთ. ქართული თეატრი მნიშვნელოვან ქართულ საქმეს აკეთებს. სცენიდან ნათქვამ სიტყვას მაყურებელზე ძლიერი გავლენა აქვს. თეატრი საზოგადოების მაცოცხლებელი ორგანიზმია. დღეს ხარაგაულში გვაქვს სახალხო დრამატული თეატრი, ლიტერატურული და თოჯინების თეატრი. ხარაგაულელები, ტრადიციულად, გემოვნებიანი მაყურებლები არიან. საქართველოში 169 წლის წინ ჩამოყალიბდა პირველი პროფესიული თეატრი, ქართული თეატრის ფესვები კი ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდში უნდა ვეძებოთ. ხარაგაულის თეატრის ისტორია 119 წელს ითვლის. მეამაყება, რომ ამ თეატრის ნაწილი ვარ.

-ოთარ აბაშიძის სახელობის ხარაგაულის სახალხო თეატრი ქართული თეატრის დღეს წელს საბავშვო სპექტაკლის – „ინდაური ინდიკოს თავგადასავალი“ – პრემიერით აღნიშნავს. რამდენად ნიშნავს ეს, რომ თქვენ უპირატესობას მოზარდ მაყურებელს ანიჭებთ?

-ჩვენთვის მოზარდი მაყურებელი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ 2008 წელს ხარაგაულში თოჯინების თეატრი შევქმენით. ბავშვები საუკეთესო მაყურებლები არიან, მათი ემოცია ყველაზე გულწრფელია. 2004 წელს, ხარაგაულში რომ მუშაობა დავიწყე, პირველი სპექტაკლი – „ლექსო არ დაიკარგები“ – სწორედ მოზარდი მაყურებლებისთვის შევქმენით. მასში 17 ხარაგაულელი ახალგაზრდა მონაწილეობდა. დავდგით ზღაპარი „წითელქუდა“, რომელიც დღემდე არის ჩვენი თეატრის რეპერტუარში; „სათაგური“, რომელმაც იმერეთის თეატრალურ და თბილისის საბავშვო თეატრების ფესტივალებზე გაიმარჯვა. ხარაგაულელ ბავშვებს იმდენად უყვართ თეატრი, რომ საახალწლოდ სწორედ საბავშვო სპექტაკლის პრემიერის წარმოდგენა გადავწყვიტეთ.

-როგორ შეიქმნა სპექტაკლი „ინდაური ინდიკოს თავგადასავალი“? რატომ შეარჩიეთ ეს პიესა?

-მინდოდა, რომ საახალწლო სპექტაკლი მსუბუქი და იუმორისტული ყოფილიყო, ამიტომ შევარჩიეთ  ეს პიესა. სპექტაკლი მოგვითხრობს ამერიკელ ინდაურზე, რომელმაც ახალი წლის მოპარვა გადაწყვიტა. ნიშანდობლივი და საგულისხმო სპექტაკლია და ამავე დროს – გასართობი. სპექტაკლში მონაწილეობენ ქართული ხალხური ზღაპრების გმირები. სპექტაკლის პრემიერა ხარაგაულში 16 იანვარს გაიმართება. ირაკლი სამსონაძის ეს პიესა სხვადასხვა თეატრებში მრავალჯერ დაიდგა.

-როგორ არჩევთ სპექტაკლისთვის მსახიობებს, რამდენად მარტივია მათი შერჩევა ხარაგაულში?

-ხარაგაულში პროფესიონალი მსახიობები არ გვყავს, თუმცა ნიჭიერი ადამიანები არიან. როლის მორგება და შესრულება ძალიან რთულია. პიესის თითოეულ სიტყვაზე ვმუშაობთ. გვაქვს პრეტენზია, რომ ვითამაშოთ როგორც პროფესიონალმა მსახიობებმა. ამას უდიდესი შრომა სჭირდება. მსახიობი სპექტაკლის პერსონაჟის ხასიათს უნდა მოერგოს.

გვიამბეთ ხარაგაულის თეატრის მოკლე ისტორია. გაიხსენეთ თქვენი პირველი როლი და პირველი სპექტაკლი.

-მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს რეგიონებში აქტიურად დაიწყო თეატრალური დასების ჩამოყალიბება. ხარაგაულის თეატრი 1900 წელს შეიქმნა. 1908 წელს თეატრის რეპერტუარში რვა სპექტაკლი იყო. ამავე წელს ხარაგაულის თეატრმა ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების წლისთავი აღნიშნა, რაც თამამი სიტყვა იყო მაშინდელ საქართველოში. 1959 წელს ხარაგაულის თეატრს სახალხო თეატრის წოდება მიენიჭა. მისი პირველი რეჟისორი იყო რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ოთარ აბაშიძე. სწორედ მის სახელს ატარებს დღეს ჩვენი თეატრი. 1967 წლიდან ხარაგაულის თეატრს სათავეში თამაზ კიკნაძე ჩაუდგა. მისგან შექმნილი თეატრალური სახეები არაფრით ჩამოუვარდება პროფესიონალი მსახიობებისგან შექმნილს.

რეჟისორმა დიმიტრი ბოგვერაძემ, დღეს უკვე ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მეუფე დოსითეოსმა, 1990 წელს დადგა დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“. ამ სპექტაკლში შევასრულე ჩემი პირველი როლი – კაროჟნა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები თამაზ კიკნაძე, პაშა გიორგაძე, ლუიზა კიკნაძე, ნიკო დეკანოსიძე, გივი ხარატიშვილი. ამ სპექტაკლმა 1990 წელს საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალის გრან-პრი დაიმსახურა.

ძალიან ძნელი იყო იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ მე ხარაგაულში თამაზ კიკნაძის საქმე გამეგრძელებია. 2005 წელს პირველად მივიღეთ მონაწილეობა იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ჩემგან დადგმული სპექტაკლით „ნატვრის ხე“, რომელმაც არაერთი აღიარება მოიპოვა. 2012 წელს ამავე ფესტივალზე, სპექტაკლით „თანამდევი სული“, გრან-პრი დავიმსახურეთ. ჩვენმა სპექტაკლმა „სათაგური“ თბილისის საბავშვო თეატრების ფესტივალზე „საუკეთესო საბავშვო სპექტაკლის“ ნომინაციაში გაიმარჯვა. სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ „საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარის“ ნომინაციაში დაჯილდოვდა. შარშან კი სპექტაკლში „ორნი“ შესრულებული როლისათვის „ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის“ ტიტული მერგო.

ყველა ეს ჯილდო იმ ადამიანების თავდაუზოგავი შრომის შედეგია, ვინც წლების განმავლობაში ჩემთან ერთად მუშაობენ. დიდი მადლობა ჩვენი თეატრის მსახიობებს, ოპერატორს, მუსიკალურ გამფორმებელს, ქორეოგრაფს, მხატვარს. ჩვენ ყველა ერთად ვქმნით ხარაგაულის თეატრის ისტორიას.

როგორია საქართველოს რეგიონებში მოქმედი თეატრების დღევანდელობა?

-სხვადასხვა ფესტივალებზე გვაქვს საშუალება ვნახოთ, როგორ მუშაობენ რეგიონული თეატრები საქართველოში. სცენიდან თანამედროვე სიტყვა აუცილებელია ისმოდეს; ის, რაც ქვეყანაში აქტუალური და პრობლემურია. მხოლოდ კლასიკაში დარჩენა არ შეიძლება. იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედებს თეატრი. ჩვენდა საამაყოდ უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ხარაგაულის სახალხო თეატრია. ეს არაერთგზის დადასტურდა ფესტივალებში მიღებული ჯილდოებით.

-რა პრობლემებისა და გამოწვევევის წინაშეა რეგიონული თეატრი საქართველოში?

-რეგიონულ თეატრებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განსაახლებლად, დაფინანსების კუთხით ხელშეწყობა სჭირდება. აუცილებელია ახალი კადრების მოზიდვა, რაც ასევე თანხებთანაა დაკავშირებული. ჩვენს თეატრში დღეს ანაზღაურება არ არის ძალიან დაბალი. თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო, ჩვენ არ გვაქვს სპექტაკლების ხშირად დადგმის შესაძლებლობა. ხარაგაულის თეატრი სახალხო თეატრის წოდებას ატარებს, რაც ნიშნავს, რომ ამ თეატრში ადამიანები, შესაძლოა, ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულები.

-როგორ გესახებათ ქართული თეატრი მომავალში?

-ინტერნეტით ხშირად ვუყურებ ევროპული თეატრების სპექტაკლებს. ვფიქრობ, ზოგადად, დღევანდელი ქართული თეატრი ევროპულ თეატრებს ჩამორჩება. ძველი კლიშეებიდან უნდა გამოვიდეთ. მომწონს თანამედროვე რეჟისორები ნიკოლოზ საბაშვილი, დათა თავაძე. ძალიან მომეწონა ლევან წულაძის მიერ დადგმული სპექტაკლი „ბაკულას ღორები“. ვფიქრობ, რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი ქართული თეატრის ისტორიაში ახალ სიტყვას იტყვის. ჩემი უსაყვარლესი რეჟისორია რეზო გაბრიაძე.

-როგორია ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრისა და ხარაგაულის თოჯინების თეატრის 2019 წლის გეგმები?

-სპექტაკლს თავისებური აღქმა, განათება, გაფორმება სჭირდება. „ინდაური ინდიკოს თავგადასავალი“ ჩვენს სცენაზეა მორგებული. ამ სპექტაკლის სოფლებში გამართვას ვერ შევძლებთ. თუმცა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დახმარებით შევეცდებით, ეს სპექტაკლი ყველა ხარაგაულელ მოზარდს ვაჩვენოთ. ბავშვებმა სპექტაკლები უნდა ნახონ. ეს მათ თეატრთან ურთიერთობის კულტურას აჩვევს. 2019 წელს გივი ჭიჭინაძის პიესა „იისფერას“ მიხედვით თოჯინების თეატრის სპექტაკლის დადგმას ვგეგმავ. ახალი სპექტაკლით წავრსდგებით იმერეთის წლევანდელ თეატრალურ ფესტივალზე, რომელიც საერთაშორისო გახდა და მასში სხვა ქვეყნების თეატრალური დასებიც მიიღებენ მონაწილეობას.

თამთა გოგოლაძე