არასამთავრობო ორგანიზაცია „წიფლარი“ სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ოფისის საგრანტო დაფინანსებით ხარაგაულში მოზარდთა განათლების ცენტრს ქმნის. სასწავლებელში მსურველები მაკრამეს, ჭრა-კერვას, თექაზე მუშაობას, ხეზე კვეთას, მეფუტკრეობას, კომპიუტერსა და უცხო ენას შეისწავლიან. როგორ გაჩნდა იდეა, რომ ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი შექმნილიყო, კიდევ რა პროფესიების დაუფლების შესაძლებლობა ექნებათ მსურველებს და როდის ამოქმედდება ცენტრი ხარაგაულში, – ამ კითხვებით ა/ო „წიფლარის“ დამფუძნებელსა და პროექტის კოორდინატორს მანანა ტაბაშიძეს მივმართეთ.

„გასული საუკუნის ბოლოს რომ ძალიან გამიჭირდა, ჩემი საკაბე ნაჭრებისგან საბავშვო ტანსაცმელს ვკერავდი და ხაშურში საკვებზე ვცვლიდი, – იხსენებს მანანა ტაბაშიძე, – შემდეგ მუშაობა დავიწყე და შემოსავალი გამიჩნდა, თუმცა ვხედავდი, რომ სხვებს უჭირდათ. მაშინ ჩამომიყალიბდა აზრი, რომ ზრდასრულებსაც უნდა მისცემოდათ სწავლის შესაძლებლობა. თუ ქალმა კერვა, ცხობა და საჭმელების კეთება იცის, მის შვილებს არ გაუჭირდება.

ამ იდეის დასაფინანსებლად, მაკრამეს სპეციალისტ მარინა ვეფხვაძესთან ერთად, ათი წლის განმავლობაში ვიბრძოდი. სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ოფისმა რომ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, დაფიქრებაც არ დამჭირვებია, ისე წარვადგინე პროექტი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პოლიციის ყოფილი შენობა ათწლიანი იჯარით გადმოგვცა. დავასუფთავეთ ოთახები, რომლებიც წლების განმავლობაში სანაგაოდ იყო ქცეული. საკნები სამეცადინო ოთახებად, ხოლო სამუშაო კაბინეტები საკონფერენციო დარბაზებად გადაკეთდა. სარემონტო სამუშაოები დავასრულეთ. უახლოეს დღეებში დავამონტაჟებთ კარებებს, ოთახებში შევიყვანთ ელექტროენერგიას, ბუნებრივ აირს და ჩავრთავთ გათბობას. საჭირო ავეჯი უკვე ადგილზეა. სამეცადინო ინვენტარისა და მასალების შემოტანას ველოდებით.

შენობის სარემონტო სამუშაოები, ავეჯი და ინვენტარის შეძენა სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ოფისმა დააფინანსა. სარემონტო სამუშაოებს ა/ო „წიფლარის“ ფონდებთან ურთიერთობის მენეჯერი გიორგი მუხურაძე ხელმძღვანელობს.

მასწავლებლებად ხარაგაულელები შეირჩევიან, – ვისაც ამ სპეციალობებით სამუშაო გამოცდილება და შესაბამისი სერთიფიკატები გააჩნიათ.

პირველ ეტაპზე მსურველებს შვიდი სპეციალობის დაუფლებას შევთავაზებთ. ვფიქრობთ შემდეგ მოვიძიოთ სპეციალისტები და მსურველებს ფეხსაცმლის შეკერვა, ავტომობილების შეკეთება, სარემონტო სამუშაოები, მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო თეორიული და პრაქტიკული საკითხები, კულინარია შევასწავლოთ.

ცენტრში სწავლა უფასო იქნება. ნებისმიერ მსურველს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, იანვრის ბოლოდან შეუძლიათ მოგვმართონ. ზრდასრულთა განათლების ცენტრში მსურველები კონკურსით შეირჩევიან. მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განათლების დამადასტურებელი მოწმობა და განცხადება. შესაძლოა მოვითხოვოთ სოფლის ამბულატორიის ექიმის მიერ გაცემული ცნობა. მეცადინეობები, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოდან დაიწყება. გაზაფხულზე ვგეგმავთ ცენტრის გახსნას. ღონისძიებაზე მოვიწვევთ საქართველოში გერმანიის ელჩს, მის მეუღლესა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. გახსნის დღეს შენობის წინ ხარაგაულელთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.

სახელობო სასწავლებლები გერმანიაში გასული საუკუნის 20-იან წლებში შეიქმნა, როცა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანას გაძლიერება სჭირდებოდა. ეს ცენტრები გერმანიაში დღემდე ფუნქციონირებენ. საქართველოში, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ოფისის დაფინანსებით, თერთმეტი ცენტრია შექმნილი. იმერეთის რეგიონში ხარაგაული პირველია, სადაც სახელობო ცენტრი ამოქმედდება.

თამთა გოგოლაძე